Accessibility links

logo-print

მრგვალი მაგიდა ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით


გიორგი კაკაბაძე, თბილისი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით “საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ტენდენციები და რეგიონის პრობლემები ჯავახეთის მაგალითზე”.

რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში გაიმართა მორიგი მრგვალი მაგიდა, პროექტის ჩარჩოებში, ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამ შეხვედრის შესახებ კავკასიური ინსტიტუტის დირექტორს, გია ნოდიას, ვესაუბრე.

ახალქალაქის შეხვედრაზე განსახილველად არჩეულ იქნა სამი აქტუალური თემა: პირველი - საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რაც უკავშირდება ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას და, ამ ფონზე, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას. მეორე – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მესამე – სახელმწიფო ენის შესახებ კანონთან დაკავშირებული საკითხები.

კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია აღნიშნავს, რომ რეგიონში ძალიან მწვავედ განიცდიან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებას. გარდა ამისა, [ნოდიას ხმა] “სამცხე-ჯავახეთში საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ იქ ცხოვრობენ უარესად, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში – თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს – და რომ ეს ასეა იმიტომ, რომ ისინი სომხები არიან და საქართველოს ხელისუფლება მათ შეგნებულად ჩაგრავს, რათა რეგიონიდან წასვლა აიძულოს. ამგვარი აღქმა მათში არსებობს და რაკი არსებობს, რუსეთის ბაზას ისინი განიხილავენ არა მხოლოდ როგორც დამცავ ეკონომიკურ მექანიზმს და ეკონომიკური შემოსავლების წყაროს, არამედ როგორც ერთგვარი პოლიტიკური სიმყარის საფუძველსაც”.

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, მრგვალმა მაგიდამ აჩვენა, რომ დღეისათვის ჯავახეთში ყველაზე მაგიური სიტყვა არის ავტონომია, რომელსაც უფრო თამამად იყენებენ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, მაგრამ, ამავე დროს, დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ინტერესებთან.

ახალქალაქში ჩასული თბილისელი ექსპერტების აზრით, ასეთი პოზიცია ქვეყნისათვის გარკვეული საფრთხის შემცველია, ამიტომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, თუ რა პრობლემების გადაჭრას გულისხმობს ავტონომიის მოთხოვნა. [ნოდიას ხმა] “ თუ ლაპარაკი იქნება, უბრალოდ, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე, მაშინ არანაირი არსებითი განსხვავება არ არის, ვთქვათ, იმას შორის,რასაც ჯავახეთში ითხოვენ და რასაც საქართველოს სხვა რეგიონებში ითხოვენ”.

გია ნოდიას თქმით, მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პრობლემა დიალოგის სფეროს განეკუთვნება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. “საერთოდ, საჭიროა რეგიონისა და ცენტრის უფლებამოსილებების ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრა და გაცნობიერება,” – ამბობს ბატონი გია.

ჯერჯერობით კი ჯავახეთის მოსახლეობა საკმაოდ კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისადმი, მათ შორის, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიმართ. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა – განსაკუთრებით, ახალგაზრდობა - შიშობს, რომ, ქართული ენის არცოდნის საბაბით, ცენტრალური ხელისუფლება გაათავისუფლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. “რეგიონში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული კანონი ადგილობრივი ინტერესების წინააღმდეგ იმუშავებს”, - აღნიშნავს გია ნოდია. [ნოდიას ხმა] “ამიტომ, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძალიან აქტიური პოლიტიკა: მხოლოდ და მხოლოდ გამოცხადება იმისა, რომ ყველამ ქართული ენა იცოდეს, არ არის საკმარისი. საჭიროა რაღაც ისეთი ქმედებები, რომლებიც ძლიერ მოტივაციას შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას, რომ ქართული ისწავლოს და, ამავე დროს, არ გამოიწვევს რაღაც შიშს და მღელვარებას”.

ახალქალაქში გამართულმა მრგვალმა მაგიდამ აჩვენა ისიც, რომ არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად განაპირობებს რეგიონის არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG