Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს ახალი კანონპროექტი ბიუჯეტის სეკვესტრს


კანონპროექტი “საბიუჯეტო სისტემებისა და უფლებამოსილების შესახებ”, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მოამზადა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად,

სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის თემასაც ეხება. მართალია, ახალი კანონპროექტი საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვას (ანუ სეკვესტრს) ახალ მექანიზმს - “ფულადი სახსრების მართვის გეგმას”- უპირისპირებს და ამით თითქოს სეკვესტრისგან დაზღვევის ხერხებსაც ეძებს, მაგრამ ეს მექანიზმი საბიუჯეტო ხარჯების შეუზღუდაობის გარანტიას მაინც ვერ იძლევა.

ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ “საბიუჯეტო სისტემებისა და უფლებამოსილების შესახებ” პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოში ფინანსური ქაოსი დასრულდება და თითოეული საბიუჯეტო თეთრის ბედი უმკაცრეს კონტროლს დაექვემდებარება. ხსენებული პროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო თითოეულ დარგობრივ სამინისტროს დაუწესებს გასაწევი ხარჯის მაქსიმალურ ზღვარს (ანუ ეგრეთ წოდებულ ჭერს), რის მიხედვითაც, ამ უწყებებმა თავად უნდა დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი და ხარჯვის მიზნობრივობაზეც თავად უნდა აგონ პასუხი.

ყველაფერთან ერთად, ეს მექანიზმი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან საკმაოდ მოხერხებულ და ჭკვიანურ მიგნებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ის ამით, ფინანსური გაუგებრობების შემთხვევაში, უკმაყოფილო ადამიანების ლანძღვისა და წყევლა-კრულვის უდიდეს წილს სწორედ სამინისტროებს გადაულოცავს. არადა, ფინანსური გაუგებრობები რომ მრავლად არის მოსალოდნელი, ამ საკითხში ეჭვის შეტანა ნამდვილი გულუბრყვილობა იქნებოდა.

მაგალითად, ალბათ, არავის გაუკვირდება, თუკი სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ვერ შესრულდება და ამიტომ დღის წესრიგში კვლავ დადგება ხარჯვითი ნაწილის შეზღუდვის საკითხი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი სეკვესტრი 1998 წელს განხორციელდა და მას შემდეგ ეს პროცესი ყოველწლიურ “მტკიცე ტრადიციადაც” კი იქცა. ჯერ მარტო შარშან ამ საშინელმა მოვლენამ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი (2 ეტაპად) 284 მილიონი ლარით შეზღუდა. სწორედ ამ საბიუჯეტო “ჭრა-კერვის” ბრალია, რომ სახელმწიფომ თავის მოქალაქეებს მრავალი ფინანსური დანაპირები ვერ შეუსრულა და გასასტუმრებელი თანხების გაყინვაში დაოსტატდა.

ამ პროცესის უკეთ კონტროლისთვის ახალი კანონპროექტი “ფულადი სახსრების მართვის” ყოველკვარტალური გეგმის შემუშავებასა და პარლამენტის წინაშე, ასევე, ყოველკვარტალურად წარდგენას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ ეს მექანიზმი სეკვესტრისგან დაზღვევის პირობას, ცხადია, ვერ იძლევა, მაგრამ, ალბათ, იმ შოკის შემარბილებელი ეფექტი მაინც იქნება, რომელიც მასშტაბურ და, თანაც, მოულოდნელ საბიუჯეტო “ჭრა-კერვას”
მოსდევს ხოლმე.

შეკითხვაზე, თუ ვის დაბრალდება (ახალი კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში) სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შეუსრულებლობა, ნოღაიდელი პასუხობს, რომ, თუკი იმ დროისთვის ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროები უკვე გაერთიანებული იქნება, მაშინ პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტროს დაეკისრება, თუ არა და - საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს. ნოღაიდელს სურს, რომ პროექტმა კანონის ძალაუფლება, შეძლებისდაგვარად, მალე მოიპოვოს, ანუ ისე, რომ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა სწორედ მასზე დაყრდნობით მოხერხდეს.

მაგრამ რამდენად მოხერხდება ამ სურვილის განხორციელება, ძალიან ძნელი სათქმელია, რადგანაც ფინანსთა სამინისტროს ნაშრომს უკვე გამოუჩნდნენ საკმაოდ ძლიერი ოპონენტები. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი წინასწარვე განწირულია, რადგანაც სიტყვების თამაშითა და მხოლოდ ფორმის შეცვლით შინაარსის შეცვლა შეუძლებელია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG