Accessibility links

logo-print

„მრეწველთა" ოფისში ახალი საგადასახადო კოდექსის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა


საქართველოში მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და კორუფციის ფართო მასშტაბების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საგადასახადო კოდექსს ასახელებენ.

ის, რომ საგადასახადო კოდექსი, მართლაც, ზღუდავს ჩვენს ქვეყანაში ლეგალური ბიზნესის განვითარებას, ერთი ციფრიდანაც ჩანს. 1997 წელს, ამჟამინდელი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების წინ, 41 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელი იყო აღრიცხული, 2001 წლის ბოლოს კი მათი რიცხვი 18 ათასამდე შემცირდა.

როგორც იქნა, საქართველოს ხელისუფლებაში გააცნობიერეს, რომ, საგადასახადო კოდექსის შეცვლის გარეშე, ქრონიკული საბიუჯეტო და ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია და საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური ბრძანებულებაც კი გამოსცა, რომელიც კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შემუშავებას მოითხოვს.

16 აპრილს პოლიტიკური ორგანიზაციის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ოფისში ახალი საგადასახადო კოდექსის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც, ცნობილ ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა მაღალი პირებიც ესწრებოდნენ. კონცეფციის ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკო ორველაშვილის განცხადებით, ახალ კოდექსში არსებული 18 გადასახადი 4 გადასახადამდე შემცირდება, 20 დან 15 პროცენტამდე იკლებს დამატებული ღირებულების გადასახადი. გარდა ამისა:

[ორველაშვილის ხმა] „ადმინისტრირების წესებში შემოდის მართლა რევოლუციური ცვლილებები, ხდება მაქსიმალურად გამჭვირვალე ადმინისტრირების პროცედურა. ასევე, ჩვენ შემოგვაქვს გადამხდელის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და, ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება საგადასახადო ტვირთის შემცირება. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, გასაშუალებული საგადასახადო ტვირთი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არ უნდა აჭარბებდეს 30 პროცენტს"[სტილი დაცულია].

ამჟამად ეს ტვირთი 60 პროცენტზე მეტს შეადგენს.. ექსპერტების აზრით, მისი შემცირება პირველ ეტაპზე, მართალია, საბიუჯეტო შემოსავლების კლებას გამოიწვევს, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთი წლის შემდეგ ეკონომიკური გამოცოცხლება დაიწყება. ამგვარი ცვლილებების წინაღმდეგი გამოდის ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც გადასახადების კლების მომხრე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც შესაბამისად შემცირდება. რამდენიმე წლის წინ ნოღაიდელი იმ საპარლამენტო გუნდს მიეკუთვნებოდა, რომელმაც ახლანდელი საგადასახადო კოდექსის მიღება უზრუნველყო. მაშინდელი არასწორი ნაბიჯი, ლიბერალური საგადასახადო სისტემიდან მკაცრზე გადასვლა, რომელმაც მოზღვავებული ინვესტორები დააფრთხო, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც გაიხსენა და, ნოღაიდელისაგან განსხვავებით ახალი რადიკალური ცვლილებების განხორციელებას დაუჭირა მხარი.

[შევარდნაძის ხმა] „ან შევძლებთ მივიღოთ ასეთი პრინციპული, ძალიან მომწიფებული, გადაწყვეტილებები, ანდა საქართველოს დამოუკიდებლობის თვით იდეაც კი იქნება დისკრედიტირებული. დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. 2-3 წელიწადში უნდა მოხდეს გარდატეხა, ამაშია ჩემი პირადი ინტერესი და ამაშია ჩვენი ხალხის ინტერესიც, 2-3 წელიწადში უნდა მოხდეს გარდატეხა."

ახალი საგადასახადო კოდექსის მომზადება მაისის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი და მისი ავტორები პირობას იძლევიან, რომ, თუ მისი ამუშავება 2003 წლიდან მოხერხდება, 2004 წლისათვის ხელისუფლება შეძლებს თვალი გაუსწოროს თავის მოქალაქეებს.
XS
SM
MD
LG