Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში შობადობის მაჩვენებელი იზრდება


დღეს საფრანგეთზე ვისაუბრებთ და მოგითხრობთ ტენდენციაზე,

რომელიც ამ ქვეყანას ევროპელი მეზობლების დიდი უმრავლესობისაგან განასხვავებს.

მსმენელს, შესაძლოა, ახსოვდეს, რომ "ქალი და მსოფლიოს" წინა გამოშვებაში რუსეთის დემოგრაფიულ პრობლემებზე ვისაუბრეთ და მოვიყვანეთ ამ ქვეყნისათვის ფრიად შემაშფოთებელი მაჩვენებელი, რომლის თანახმად რუსეთის მოსახლეობა ყოველწლიურად 750 ათასი ადამიანით კლებულობს. ევროპის სხვა ქვეყნებში დემოგრაფიული პრობლემა, შესაძლოა, ამდენად მწვავედ არ იდგეს, მაგრამ ის თითქმის მთელ კონტინენტზე არსებობს და, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებზე ვრცელდება. აი, საფრანგეთში კი, უკვე რამდენიმე წელია, საწინააღმდეგო ტენდენცია შეინიშნება.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ჟოელ ბლოკერი პარიზიდან გვაუწყებს, საფრანგეთში "სტატისტიკური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის" ბოლო გამოკვლევამ შობადობის მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა: თებერვლის მიწურულს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობის მაჩვენებელთან მიმართებით 1997 წლიდან ნელ-ნელა, ხოლო 2000 წლიდან მკვეთრად იზრდება.

ვიდრე დღევანდელი ევროპისათვის ამ უჩვეულო ტენდენციის მიზეზებს ჩავეძიებოდეთ, ზოგადი სურათის ასახვას შევეცდებით: ფრანგი წყვილების უმეტესობას, სულ ცოტა, 2 შვილი ჰყავს, რაც (თუ ირლანდიას არ ჩავთვლით) ევროკავშირის წევრი ყველა დანარჩენი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. იმავეს თქმა შეიძლება, თუ საფრანგეთს შევადარებთ ევროკავშირში არშემავალ ქვეყნებს - შობადობის ზრდით მას დასავლეთ ევროპაში მხოლოდ ნორვეგია და ისლანდია უტოლდებიან, ხოლო შობადობის მაჩვენებელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში არათუ საფრანგეთზე, დასავლეთი ევროპის ზოგად მაჩვენებელზეც გაცილებით უფრო დაბალია.

მაინც, რა განაპირობებს საფრანგეთში შობადობის ზრდას? თუ სიმართლის მიკვლევა გვსურს, "სტატისტიკური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი" გვირჩევს, დავივიწყოთ სტერეოტიპული შეხედულება, თითქოს ფრანგები ხორციელი სიყვარულის დიდოსტატები იყვნენ - ანუ არ შევეცადოთ, ფრანგების ეროტიკული აქტივობით ავხსნათ ახალშობილთა მოზღვავება. კაცმა რომ თქვას, ფრანგების გამორჩეული ეროტიკული აქტივობა მითია! ყოველ შემთხვევაში, ამაში გვარწმუნებს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, სქესობრივი კავშირის სიხშირის საკითხზე 9 წლის წინათ ჩატარებულმა წარმომადგენლობითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საფრანგეთს მრავალი ქვეყანა უსწრებს, პირველ რიგში შეერთებული შტატები.

შესაბამისად, სოციოლოგები სხვა გარემოებების გაანალიზებას ამჯობინებენ: ჯერ ერთი, აღნიშნავენ "სტატისტიკური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტში", ბოლო 5 წლის მანძილზე საფრანგეთში ეკონომიკური აღმასვლის პერიოდია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომელთა შორის უმუშევრობა შესამჩნევად შემცირდა. დღეს გაცილებით მეტ წყვილს ეძლევა სამუშაოსთან შვილების აღზრდის შეთავსების შესაძლებლობა.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად არის მიჩნეული ე.წ. "ფერტილური ასაკის" გაზრდა: დღეს საფრანგეთში ორსული ქალის საშუალო ასაკი 29 წელს აღწევს, ბევრი ქალი 40-ს გადაბიჯებულია, როცა პირველ შვილს აჩენს.

მაგრამ რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორსულთა ასაკი ევროკავშირის ყველა დანარჩენ ქვეყანაშიც იზრდება, მაშინ, როდესაც იქ, საფრანგეთისაგან განსხვავებით, მოსახლეობა კლებულობს?

როგორც ფრანგი დემოგრაფი ფრანსუა კლანშე განმარტავს: [ფრანსუა კლანშეს ხმა] "საფრანგეთში, როგორც ჩანს, უფრო ადვილია დედის ფუნქციებისა და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება. სამუშაო ისეა ორგანიზებული, რომ ქალს ეძლევა შესაძლებლობა, არ შეწყვიტოს მუშაობა შვილების გასაზრდელად. გარდა ამისა, მოქმედებს საბავშვო ბაღებისა და ბაგების კარგად ორგანიზებული სისტემა. ამ მხრივ, ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა. მუშაობის გაგრძელება და შვილების გაზრდა ფრანგი ქალებისათვის უფრო ადვილია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ქალებისათვის".

კლანშეს თქმით, 2001 წელს საფრანგეთში ერთ ქალზე 1,9 ბავშვი მოდიოდა. მართალია, ეს მაჩვენებელი ე.წ. "აღწარმოების დონეზე" უფრო დაბალია (ანუ ნაკლებია იმ დონეზე, როცა ერთ ქალს ორი შვილი ჰყავს), მაგრამ ფრანგი ექსპერტების ვარაუდით, შობადობის მაჩვენებელი დღეისთვის კიდევ უფრო გაზრდილია.

კლანშე კიდევ ერთ თავისებურებაზე მიუთითებს: [ფრანსუა კლანშეს ხმა] "საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელშიც შობადობის რეგულირების ფართოდ გავრცელებული ტრადიცია არსებობს და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცნობილია, რომ ფრანგულ ოჯახებში ორ საუკუნეზე მეტია, შვილების რაოდენობას სხვადასხვა მეთოდით არეგულირებენ."

თუ ახლა ისევ ზოგადევროპულ სურათს დავუბრუნდებით, აღმოჩნდება, რომ შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ ესპანეთს, იტალიასა და საბერძნეთს. როგორც ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტო "ევროსტატის" თანამშრომელი, ფრანსუა ბოვანიე აღნიშნავს: [ფრანსუა ბოვანიეს ხმა] "ევროკავშირის სამხრეთელ წევრებს ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ. მაგრამ ნამდვილი დემოგრაფიული კრიზისი სუფევს აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც შობადობის მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ესპანეთსა თუ საბერძნეთში!"

თუ საქმე დემოგრაფიულ კრიზისამდეა მისული, იქნებ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსათვისაც, ღირდეს, გამოიყენონ საფრანგეთის გამოცდილება შობადობის მაჩვენებლის გაუმჯობესების მხრივ? როგორც ჩვენი რადიოს პარიზელმა კორესპონდენტმა, ჟოელ ბლოკერმა შეიტყო, ექსპერტები ასეთ "მიბაძვას" გამართლებულად თვლიან. მაგალითად, ეფექტიან ზომად არის მიჩნეული ბაგა-ბაღების რიგიანი ინფრასტრუქტურის შექმნა, აღმზრდელების მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადება. მაგრამ რახან ასეთი ძალისხმევა დიდ ხარჯს უკავშირდება, საფიქრებელია, რომ ყოფილი კომუნისტური ქვეყნები მას კიდევ დიდხანს ვერ გაართმევენ თავს.

ესეც არ იყოს, საფრანგეთში შობადობის ზრდას დიდწილად განაპირობებს ამ ქვეყნის კულტურული თავისებურებები თუ საზოგადოების მოდერნიზაციის პროცესი - ასე რომ, მოსახლეობის გაზრდის მოსურნე თითოეულ ქვეყანას მიზნის მისაღწევად, როგორც ჩანს, საკუთარი გზის გამოძებნა მოუწევს.
XS
SM
MD
LG