Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოელი ექსპერტები ვაზიანის ბაზას მრავალეროვნული სამხედრო წვრთნისთვის ამზადებენ


მეორე დღეა თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულების სარდალი, ოთხვარსკვლავიანი თურქი გენერალი ოქტან ატამანი,

რომელიც მრავალეროვნული სამხედრო წვრთნის - "ბესთ ეფორთის" - ჩატარების თაობაზე საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავს. პარალელურად აღნიშნული სწავლების დაგეგმვასთან დაკავშირებულ დასკვნით კონფერენციაზე თბილისში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოთხმოცამდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი. ნატოელი ექსპერტები ვაზიანის ბაზას მრავალეროვნული სამხედრო წვრთნისთვის ამზადებენ.

ვაზიანის ტერიტორია, სადაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსეთის ჯარების დაჯგუფების მთავარი ბაზა იყო განლაგებული, მიმდინარე წლის ივნისში, ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში, მეორე მრავალეროვნულ სწავლებას უმასპინძლებს. როგორც სწავლების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულების სარდალი, გენერალი ოქტან ატამანი აცხადებს, ერთი წლის წინ ფოთში ჩატარებული წვრთნების მსგავსად, "ბესთ ეფორტსაც" გამოკვეთილად სამშვიდობო-ჰუმანიტარული ხასიათი ექნება და მის მთავარ მიზანს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების დაახლოება წარმოადგენს.

[ოქტან ატამანის ხმა] "სამშვიდობო წვრთნები სახელწოდებით "ბესთ ეფორთ 2002" საქართველოში 17-დან 28 ივნისის ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ნატოსა და 14 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. სწავლების მზადება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. ამჟამად საქართველოში ჩემთან ერთად იმყოფებიან ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულების შტაბის ოფიცრები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას სწავლების საბოლოო ფაზის მომზადებაში."

სწავლების მზადების პროცესში ნატოს ხელმძღვანელობა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს სწავლებაში მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. როგორც ირკვევა, ამ თვალსაზრისით, ალიანსის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვაზიანის ბაზის ტერიტორია, სადაც დღემდე სხვადასხვა სახის სასწავლო თუ აფეთქებული ჭურვებია მიმობნეული. საქართველოს მხრიდან სწავლების ხელმძღვანელის, "მშვიდობისათვის პარტნიორობის" შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ბატკუაშვილის განცხადებით, საქართველოში საგანგებოდ ამ მიზნით იმყოფებიან უკვე ბრიტანელი სპეციალისტები, რომლებიც სპეციალური ხელსაწყოებით კომპლექსურად იკვლევენ ქიმიურ და რადიაციულ ფონს ვაზიანის ტერიტორიაზე და, საჭიროების შემთხვევაში, განაღმვით სამუშაოებსაც ჩაატარებენ.

რაც შეეხება სწავლების ფინანსურ ორგანიზებას, პოლკოვნიკ ბატკუაშვილის თქმით, განსხვავებით ფოთში გამართული სამშვიდობო წვრთნისაგან, რომლის მთავარი დონორი ნატოს შტაბ-ბინა და ამერიკის მთავრობა გახლდათ, ამჯერად "ჯიბეზე ხელის გაკვრა" საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწევს.
[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] "უპირველეს ყოვლისა, პირველად საქართველოს დააწვება საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯები. ნატო მცირე რაოდენობით თანხებს გაიღებს. მთლიანად, რაც საწვავი დაიხარჯება სწავლების დროს, ნატო და ამერიკის მხარე ერთად დაფარავენ, და კვების ხარჯებს ქართველ მონაწილეებზე" (სტილი დაცულია) .

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ სწავლებისთვის არცთუ ისე ცოტა თანხა - 700 ათასი ლარი გამოყო, რაც, ძირითადად, ვაზიანის ბაზის ორი საცხოვრებელი კორპუსისა და კომუნიკაციების აღდგენას უნდა მოხმარდეს. მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა დახარჯული თანხა შემდგომში ორმაგად ანაზღაურდება. კერძოდ, არსებობს მოსაზრება, რომ აღდგენითი სამუშაოების ხარისხიანად ჩატარების შემდეგ ვაზიანის ბაზა, შესაძლოა,"მშვიდობისათვის პარტნიორობის" სასწავლო ცენტრად იქცეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG