Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მშენებლობები


თბილისის ბოტანიკური ბაღი 365 წლისაა და იგი, უდავოდ, თბილისური კოლორიტის ნაწილს წარმოადგენს. ძველად ბატონის ბაღად წოდებული აღნიშნული ისტორიული ტყე-პარკი მთელი თავისი არსებობის მანძილზე პირველად,

შეიძლება ითქვას, ამ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დადგა სერიოზული საფრთხის წინაშე. საფრთხე, არსებითად, ორგვარია და ზედმიწევნით ასახავს პოსტსაბჭოური საქართველოს რეალიებს - სახელმწიფოს უსახსრობა, როგორც ბაღის მოუვლელობის მიზეზი და, მეორე მხრივ, კერძო ინვესტიციები, როგორც ბაღის ისტორიული საზღვრების რღვევის პირობა, რასაკვირველია, თვალშისაცემი კორუფციის ფონზე.


ბოლო წლებში წამოწყებული ეგრეთ წოდებული უკანონო მშენებლობების არეალი თბილისში ტროტუარებსა და სკვერებზეც კი
ვრცელდება და, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი კაპიტალი საქართველოში კანონსა და მორალთან არასოდეს დამარცხდება, ამ კაპიტალის მფლობელები მაინც უბრალოდ გამოიყურებიან იმ მსხვილ ჩინოვნიკებთან შედარებით, რომელთაც თბილისის არქიტექტურაზე ზრუნვა უწყებრივად ევალებათ.ამ უწყებების მიერ ნებადართული მშენებლობები ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გრანდიოზულ მშენებლობათა რიგს განეკუთვნება.ასეთია, კერძოდ, ბაღის საზღვარზე, ყოფილი კომკავშირის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე ბიზნეს-ცენტრი, რომელიც, თავისი მასშტაბებით სავსებით ამოვარდნილია არსებული განაშენიანების ხასიათიდან და, ამას გარდა, სერიოზულად აზიანებს ბუნებრივ ლანდშტაფს. იმავე ხეივნის გაგრძელებაზე, გასასვლელი გვირაბის თავზე გამავალ ქედზე, მოქალაქე კილაძე იშენებს ინდივიდუალურ სახლს, რომლის საკარმიდამო ნაკვეთი ციხის გალავნის შემორჩენილ ნაშთებს მოიცავს. გასხვისებულია ბოტანიკური ბაღის მისასვლელი გვირაბიც, რომელშიც ბიზნეს-ცენტრის მეპატრონე, მოსკოველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ვარიეტეს, კაზინოსა და ღამის კლუბს აშენებს. შესაბამისად, თბილისელებს ეკარგებათ ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან ბოტანიკურ ბაღში მისასვლელი ყველაზე პოპულარული გზა, ხოლო ბოტანიკურ ბაღს - შემოსავალი, რომელსაც იგი ბაღში ამ შესასვლელით მოსარგებლე დამსვენებლებისაგან იღებდა. უცნაურია, მაგრამ ბაღის შემოსავლის ეს დაკარგული ნაწილი როგორღაც სრულიად არ ადარდებს ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ჯიმშერ კერესელიძეს, რომელიც ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე წამოწყებული მშენებლობებით მოხარული უფრო ჩანს, ვიდრე უკმაყოფილო.

[ჯიმშერ კერესელიძის ხმა]-“საზღვარი არ არის დარღვეული, არის კლდეზე ლიფტი ჩამოსული.და მე გეტყვით ეხლა, რადგან შემეკითხეთ- ის ლიფტი ჩამოვა, რომელსაც მე ველოდები. როდესაც სტუმრები ჩამობრძანდებიან, იქ ბილეთი გაიყიდება და ბოტანიკური ბაღს გადაარჩენს ის”[სტილი დაცულია].

თბილისის ისტორიული ტყე-პარკის, ბოტანიკური ბაღის ბიზნეს-ცენტრის ეზოდ ქცევის პერსპექტივით გულუბრყვილოდ აღფრთოვანებული დირექტორი , რა თქმა უნდა, პირადად უძლურია კანონდარღვევით წარმოებულ მშენებლობებს ებრძოლოს, მაგრამ ხელშეწყობა მაინც მეტისმეტია.

[ჯიმშერ კერესელიძის ხმა]“გვირაბი ბოტანიკური ბაღის არ არის. თავდაცვის შტაბის და სახლმმართველობის ბალანსზე იყო ,თუ არ ვცდები, ის.”

თბილისის აჭარის წარმომადგენლობაში ბოტანიკური ბაღის თემაზე გამართული კამათი კულტურული ძეგლებისა და ტყე-პარკების ტერიტორიების დატაცების წინააღმდეგ ქაოტურად წარმოებული საზოგადოებრივი კამპანიის ერთი მორიგი ნაწილი იყო. სწორედ ამ ქაოტურობის დასაძლევად არასამთავრობო სექტორი უკანონო მშენებლობების საწინააღმდეგო მოძრაობის ქუჩაში გადატანას აპირებს.
XS
SM
MD
LG