Accessibility links

საქართველოსა და აფხაზთა მხარეებს შორის ურთიერთობა მწვავდება. მხარეები ერთმანეთს ომის განახლების მცდელობაში ადანაშაულებენ.


17 აპრილისთვის თბილისში დაგეგმილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოსა და აფხაზ სეპარატისტთა მხარეების წარმომადგენლებს კოდორის ხეობასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილათ,

19 აპრილისთვის გადაიდო და ეს ყველაფერი გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის, მოთხოვნით მოხდა. საქართველოს მხარე ბოდენის მოთხოვნის მიზეზს ვერ ასახელებს. სეპარატისტული რეჟიმი კვლავინდებურად კოდორის ხეობისკენ გააქტიურებით იმუქრება, ქართველი სამართალდამცავები კი საქართველოში აფხაზეთის ტერიტორიიდან ენგურს გამოღმა გადმოსულ დივერსანტებს ეძებენ. მოკლედ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა. დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი მოსალოდნელი პროვოკაციის ვადებს ასახელებს.

კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების განახლების ალბათობაზე ენგურს აქეთ და იქით საქართველოში ერთნაირი სიმწვავით საუბრობენ. აფხაზთა მხარე კოდორის ხეობის შეიარაღებული ქართველებისგან დაცლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოდორის მიმართულებით საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილებით იმუქრება და ამ შემთხვევაში მოსალოდნელ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობასაც საქართველოს აკისრებს.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და რუსეთისაგან ახალ ერთობლივ სერიოზულ პროვოკაციას არ გამორიცხავენ.
დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის ინფორმაციით, აფხაზთა და რუს სამხედროთა ერთობლივი პროვოკაციები აპრილსა და მაისშია დაგეგმილი. მისივე თქმით, შესაძლოა, ამ გეგმის ნაწილი იყოს სამეგრელოს ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების შემოსვლაც, რომელთა გასანეიტრალებლადაც სამეგრელოს მიმართულებით უშიშროების სამსახურის სპეც. რაზმი გაემგზავრა. ავთანდილ იოსელიანის თქმით, საუბარია აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოსულ 4-5 ჯგუფზე, რომლებსაც ტერორისტული აქტების განხორციელების მითითება უშუალოდ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებისგან უნდა ჰქონდეთ მიღებული. აფხაზთა მხარე ასეთ ბრალდებას კატეგორიულდ უარყოფს და ზუგდიდის რაიონში დივერსიული აქტების განხორციელების მცდელობისთვის დაკავებული ინგა სელენკოვას აღიარებას აბსურდს უწოდებს. ასეა თუ ისე, სამეგრელოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გადმოსული დივერსანტის აყვანას საინტერესოდ დაემთხვა სოჭში სამი ქართველის დაკავება. ადგილობრივი პოლიცია მათაც დივერსიული აქტების განხორციელების მცდელობაში სდებს ბრალს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა ელენე თევდორაძემ გაავრცელა. მისი მტკიცებით, სოჭში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ტერორისტები არ არიან და მათ ყალბი ბრალდებები აქვთ წაყენებული.
რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომას, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად თბილისს არძინბას თანაშემწე ასტამბურ ტანია და სეპარატისტთა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - აგრბა და კუპალბა - უნდა სწვეოდნენ, იგი გადაიდო. მის გადადებას განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე ბოდენის მოთხოვნით ხსნის, თუმცა კი ამ მოთხოვნის მოტივს ვერ ასახელებს.

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] “იცით რა, დამირეკა ბოდენმა და მომთხოვა შეხვედრა გადაგვედო. მე ვუპასუხე, რომ საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ბოდენს მოთხოვნის მიზეზი არ დაუკონკრეტებია და არც მე მიკითხავს რამე”.

მალხაზ კაკაბაძე გამორიცხავს, შეხვედრის გადადების მიზეზი გივი აგრბას წინააღმდეგ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მუქარა გამხდარიყო. აგრბა ქართველთა გენოციდში უშუალოდ მონაწილეობდა და თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ, თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში, ის სამართლებრივ დევნას ვერ გადაურჩებოდა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მუქარას არასერიოზულად მიიჩნევენ; თუ - რატომ, ეს ავთანდილ იოსელიანმა შემდეგნაირად განმარტა.

[ავთანდილ იოსელიანის ხმა] “ არაკაცურია მოიწვიო კაცი და აქ დაიჭირო. მე ეგეთ რამეს არ გავაკეთებ. მე, მაგალითად, სოხუმში დავიჭერ. მე აქ არავის არ დავიჭერ.”
XS
SM
MD
LG