Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მწერლები და ხელოვნების ისტორიკოსები თბილისის ძველი იერსახის შენარჩუნებას ითხოვენ


სოზარ სუბელიანი, თბილისი 17 აპრილს რუსთაველის მეტროსთან ქართველ მწერალთა და ხელოვნების ისტორიკოსთა აქცია გაიმართა. ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები,

ხელოვნების ისტორიკოსები და საზოგადოება “ძველი თბილისის” წევრები თბილისის ძველი იერსახის შენარჩუნებასა და უკანონო მშენებლობების შეჩერებას ითხოვენ. თუმცა ამ მშენებლობებს მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება უკანონო ეწოდოს, რადგან მშენებელთა უმრავლესობას ქალაქის მერიისა თუ შესაბამისი სამსახურებისგან ოფიციალური ნებართვა მიღებული აქვს.

რუსთაველის მეტროსთან გამართული აქცია სწორედ ხსენებული სტრუქტურებისა და მათ მიერ გაცემული იმ ნებართვების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელთა განუკითხავი გაცემით უკანმოუბრუნებლად იკარგება ძველი თბილისის არქიტექტურული კოლორიტი. თავად აქციის ჩასატარებელი ადგილი შეგნებულად იყო შერჩეული: აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს იმ პავილიონების მშენებლობა, რომლებიც კოსტავას ქუჩის დასაწყისში აღმართულ ძველებურ კედელს
ნაწილობრივ დაფარავს

პავილიონებს პარლამენტის წევრი, ტრადიციონალისტი თედო პაატაშვილი აშენებს, რომელიც აქციის მონაწილეებისგან იცავდა მშენებლობის იდეას: [აქციის მონაწილეებისა და თედო პაატაშვილის ხმა]

[აქციის მონაწილე] “სპეციალისტი ვარ, ვიცი და იმიტომ გედავები, თორემ…”

[თედო პაატაშვილი] “კი ბატონო, მაგრამ, ხომ უნდა დამთავრდეს, არა? ახლა, როგორ არის…”

[აქციის მონაწილე] “არ უნდა დაწყებულიყო, არ უნდა დაწყებულიყო”.

[თედო პაატაშვილი] “კი, მაგრამ, დაიწყო და ახლა რა…”

[აქციის მონაწილეები] “თქვენგან გვიკვირს ყველას, თორემ, სხვა რომ ყოფილიყო…” “აუშენებლად უკეთესი არ არის, უფრო მეტი სივრცე არ არის?”

[თედო პაატაშვილი] “რატომ არის უკეთესი, რომ 50-მა კაცმა სამსახური და პურის ფული ვერ იშოვოს, ამიტომაა უკეთესი? რომ არ გალამაზდეს, ეს არის უკეთესი?”

[აქციის მონაწილე] “ქარხანა აამუშავეთ, კაცო, ფაბრიკა, ქარხანა…”

არსებობს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს ამ მშენებლობას, მაგრამ პაატაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ დოკუმენტს არ იცნობს. საზოგადოება “ძველი თბილისის” თავმჯდომარის, მწერალ დავით მაღრაძის თქმით, ხსენებული ადგილი, უბრალოდ, სიმბოლურად შეირჩა, თორემ მსგავსი მშენებლობები თბილისის მთელ ისტორიულ ნაწილში მიმდინარეობს. [დავით მაღრაძის ხმა] “ეს არის ერთი სიმპტომი, გამოვლინება იმ ქაოსისა, რაც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ხდება – სრული განუკითხაობა. ასეთი მშენებლები არიან ბევრნი, ისინი დედაქალაქის მთელ ისტორიულ ნაწილს არიან მოდებული. ამის მსოფლმხედველობრივი შემკვეთი არის პირველი პირი, მერე აღმსრულებლები არიან დედაქალაქის სამსახურის სახელმწიფო ინსტიტუტები…”

აქედან გამომდინარე, მაღრაძის აზრით, გამოსავალი კონკრეტული მშენებლობების წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმა კი არა, თბილისელებისთვის საკუთარი მთავრობის არჩევის უფლების მიცემაა. [დავით მაღრაძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“თითოეული რიკულისა და თითოეული აივნის კონკრეტული დეტალიზაცია რომ არ მოხდეს, ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი მოთხოვნა ქალაქის მერის არჩევნებია. რომ თბილისის მოსახლეობას მიეცეს თავისი უზენაესი უფლება – არჩევანის უფლება. სხვა შემთხვევაში, როცა 15-საუკუნოვანი ისტორიის დედაქალაქსა და მის დღევანდელ მოსახლეობას ართმევ არჩევანის უფლებას, ეს უკვე ძალაუფლების უზურპაციაა.”

-
“პრეზიდენტი შევარდნაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობა ვერ გააკეთებს სწორ არჩევანს და თვითონ უფრო სწორ არჩევანს აკეთებს.”

-
“თვითონ ძალიან კმაყოფილი ჩანდა მოსახლეობის არჩევანით, როცა ის აირჩიეს პრეზიდენტად. ამხელა “სიბრძნე” რომ გამოიჩინა მოსახლეობამ, ნუთუ იგივე მოსახლეობა მოკლებული იქნება ლოკალურ სიბრძნეებს?”

კავშირმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ თბილისის მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ თბილისელები საკუთარი კონსტიტუციური უფლებებისთვის ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენებით გააგრძელებენ ბრძოლას.
XS
SM
MD
LG