Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი დოკვაძის სასამართლო პროცესი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი მსჯავრდებულ ირაკლი დოკვაძის ნდობით აღჭურვილი პირი ზაზა დავითაია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის დოკვაძის, როგორც პოლიტპატიმრის,

სასამართლო პროცესი აქილევსის ქუსლად იქცა. მისი თქმით, ამას აშკარად ცხადყოფს ვითარება, რომელიც დოკვაძის საქმის გარშემოა შექმნილი.

10 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ზაზა დავითაია ამბობს: [დავითაიას ხმა] “რადიომსმენელს შევახსენებ, რომ პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა 1992 წელს მიესაჯა ყვარლის ტყეში შეიარაღებული გამოსვლისა და ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელიც განხორციელდა მაშინდელი პირველი პირის, ჯაბა იოსელიანის, წინააღმდეგ. თუმცა ირაკლი დოკვაძე კატეგორიულად უარყოფს ტერორისტულ აქტში მონაწილეობას”.

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ირაკლი დოკვაძემ ორწელიწად-ნახევარი გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში, რის შემდეგ სასჯელის უმაღლესი ზომა ოცწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საერთაშორისო თანამეგობრობის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ზემოქმედება საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით.

საინტერესოა, რომ 1997 წელს ირაკლი დოკვაძემ, პეტრე გელბახიანმა, ვიქტორ დომუხოვსკიმ და ზაზა წიკლაურმა შეიტანეს სარჩელი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, [ დავითაიას ხმა] “რომ ამ პიროვნებებს მისცემოდათ ყველანაირი უფლება და საშუალება თავის გასამართლებლად. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფაქტობრივმა ხელისუფლებამ გაეროს ადამანის უფლებათა კომიტეტს აგვისტოში მიმართა თხოვნით რეზოლუციის გადასინჯვის თაობაზე. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია”.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რამდენიმე თვის წინათ გამართულმა სასამართლომ ირაკლი დოკვაძეს სასჯელის ზომა 20 წლიდან 13 წლამდე შეუმცირა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ პატიმარს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი და სასჯელაღსრულების ადგილში დაწესებული ნორმები არ დაურღვევია, მაშინ ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, მისი ვადამდელი განთავისუფლების საკითხი დააყენოს. ზაზა დავითაია აღნიშნავს, რომ ირაკლი დოკვაძის ვადამდელ განთავისუფლებას მიეძღვნა სასამართლო პროცესი, [ დავითაიას ხმა] “რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსამართლე ზურაბ რუხაძე. თუმცა, კანონის დარღვევით, ბატონმა ზურაბ რუხაძემ განსჯის საგნად აირჩია არა დოკვაძის მიერ სასჯელაღსრულების ადგილში შინაგანაწესის დარღვევა-არდარღვევის საკითხი, არამედ კვლავ მისი პირვანდელი ბრალდების საკითხი და უკანასკნელი –13 წლიანი - განაჩენი კვლავ ძალაში დატოვა”.

ამის შემდეგ ირაკლი დოკვაძის საქმე უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა16 აპრილს, მაგრამ თბილისში მიმდინარეობდა ევროსაბჭოს ქვეყნების უზენაეს სასამართლოთა თავმჯდომარეების მე-7 კონფერენცია და, როგორც ზაზა დავითაია ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ კონფერენციის მონაწილეებისათვის დაემალათ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი. ჩემი თანამოსაუბრის ინფორმაციით, 17 პროცესიდან, რომელიც ამ დღეს უნდა გამართულიყო უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ირაკლი დოკვაძის სასამართლო პროცესი -გადაიდო. ზაზა დავითაია აღნიშნავს, რომ თუ 25 აპრილისათვის დანიშნული სასამართლო პროცესი ისევ გადაიდება რაიმე საბაბით, მაშინ ირაკლი დოკვაძე საპროტესტო ზომებს მიმართავს.
XS
SM
MD
LG