Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ყოფილი მეფე სამშობლოში დაბრუნდა


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, 18 აპრილს, 29-წლიანი ლტოლვილობის შემდეგ, იტალიიდან სამშობლოში დაბრუნდა ავღანეთის ყოფილი მეფე მოჰამად ზაჰირ შაჰი.

87 წლის ზაჰირ შაჰს თანამემამულენი იმ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რომელსაც შესწევს უნარი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და ურთიერთმოქიშპე ტომები გააერთიანოს.


იტალიის სამხედრო თვითმფრინავს, რომლითაც ზაჰირ შაჰი ქაბულში ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის ჰამიდ კარზაისა და მისი 6 მინისტრის თანხლებით ჩავიდა, აეროპორტში ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ თანამემამულენი. გზაზე, აეროპორტიდან ყოფილი მეფის ვილამდე, ათასობით ადამიანი იყო ჩამწკრივებული და მოუთმენლად ელოდა ზაჰირ შაჰის გამოჩენას. მართალია, 87 წლის ყოფილი მეფე გამხდარი და დასუსტებულია, მაგრამ მის ყოფნას ავღანეთში უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ივნისში, ყოფილი მონარქი გახსნის ტომების უხუცესთა ეროვნული საბჭოს სხდომას – ”ლოია ჯირგას”, რომელმაც ავღანეთის ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს. ხოლო 2003 წლის დამლევს ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები გაიმართება.

ზაჰირ შაჰი 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, 1933-დან 1973 წლამდე, როცა იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად, ხოლო მისმა ბიძაშვილმა ამასობაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და თავი ავღანეთის პირველ პრეზიდენტად გამოაცხადა. ზაჰირ შაჰი 18 წლისა გახდა ავღანეთის მეფე და გადაწყვეტილებათა მიღებისას თავისი ბიძებისაგან იღებდა რჩევა-დარიგებას, ხოლო მმართველობის ბოლო ათწლეულის მანძილზე დამოუკიდებლად მართავდა ქვეყანას და 1964 წელს კონსტიტუციური მონარქია გამოაცხადა ავღანეთში, ქალებს ხმის უფლება მიანიჭა და პირველი თანამედროვე უნივერსიტეტიც დააარსა ქაბულში.

მაგრამ თანამემამულეებს, ყველაზე მეტად, უჩვეულო ლმობიერებითა და სიკეთით დაამახსოვრა ზაჰირ შაჰმა თავი. მონარქიის დამხობიდან მომდევნო სამი ათწლეულის მანძილზე ავღანეთი ძალადობის მორევში ჩაეფლო: საბჭოთა ჯარის ინტერვენცია 1979-დან 89 წლამდე, სისხლიანი სამოქალაქო ომი 1992-96 წლებში, თალიბი ფანატიკოსების ავტორიტარული რეჟიმი 1996-დან 2001 წლამდე და, ბოლოს, შეერთებული შტატების თაოსნობით დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რაც თალიბების დამხობით დამთავრდა.

გაეროს გამოანგარიშებით, განვლილი 30 წლის განმავლობაში ავღანეთში მილიონნახევარი ადამიანი დაიღუპა, ორი მილიონი – დაიჭრა, ხოლო კიდევ ხუთმა მილიონმა – ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს.

ქაბულის აეროპორტში ბავშვებმა ზაჰირ შაჰს ყვავილების თაიგული მიართვეს. ხოლო ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იუსუფ ნურისტანიმ განაცხადა: [იუსუფ ნურისტანის ხმა] ”უმრავლესობა ავღანელებისა დარწმუნებულია, რომ ყოფილი მეფის დაბრუნება ეროვნულ ერთიანობას შეუწყობს ხელს. სწორედ ამგვარი ერთიანობის სიმბოლო იყო იგი იმთავითვე. ამდენად, მისი ჩამოსვლა უცილობლად გააერთიანებს ჩვენს თანამემამულეებს.”

ზაჰირ შაჰს საფრანგეთში აქვს მიღებული განათლება და მშობლიური ფარსის გარდა სრულყოფილად ფლობს ფრანგულსა და ინგლისურ ენებს. ავღანეთში არაა მოსალოდნელი მონარქიის აღდგენა, თუმცა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოსათვის გასულ თვეში მიცემულ ინტერვიუში ზაჰირ შაჰმა განაცხადა, რომ მისი სურვილია სამშობლოში გაატაროს დარჩენილი წლები და ემსახუროს თავის ხალხს. მე ვარ პატრიოტი და ვიხდი მოვალეობას. შევასრულებ ნებისმიერ ფუნქციას, რასაც ავღანელი ხალხი დამაკისრებსო, დასძინა ზაჰირ შაჰმა.
XS
SM
MD
LG