Accessibility links

რატომ არის ტოტალური მშვიდობა ისეთივე საშინელი, როგორც ტოტალური ომი


ისევე, როგორც ადამიანის სხვა ბევრმა სანუკვარმა სურვილმა, მშვიდობამაც დაკარგა ფასი მეოცე საუკუნეში.

ამ დაკარგვაში თავიანთი დიდი წვლილი კომუნისტურმა სისტემებმა შეიტანეს. მშვიდობას შეეცვალა მნიშვნელობა, გაუთავებელი ომის სიძულვილით მშვიდობის მოლოდინში მყოფი, თუ შინაგანი მშვიდობის მოპოვების მსურველი ადამიანის წარმოდგენა მშვიდობაზე შეცვალა რაღაც სხვამ. სოციალისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამშვიდობო მოძრაობის სახელს სხვაგვარად მოაზროვნეები ამოეფარნენ, დასავლეთში ასევე მშვიდობის სახელით გამოდიოდნენ ისინი, ვინც დასავლეთს გამალებულ შეირაღებაზე გადასულ ძალად მიიჩნევდნენ. მშვიდობის მიმართ ეს სიყვარული გამოაჩნდათ ქართველებსაც. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომელთა მკვიდრთაც კრემლის ერთგულება არ ეთაკილებოდათ და ეს, საქართველოსთვის ისტორიულად განპირობებული მშვიდობის მიმართ შემუშავებული გრძნობა, გაერთიანდა ამ კონფორმისტულ პოზიციასთან.
საბჭოთა კავშირი აღარ არის, მისი მემკვიდრე სახელმწიფო მშვიდობას აღარ ეძებს. და ახლა მთელი მსოფლიო გაეროსთან ერთად იბრძვის საყოველთაო მშვიდობისთვის.
ამერიკელმა პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა რობერტ კაპლანმა დაწერა წიგნი სახელწოდებით “მომავალი ანარქია, ცივი ომის შემდგომი პერიოდის ოცნებების რყევა”. კაპლანი ამერიკაში დაფასებული ადამიანია, ის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი შეერთებული შტატების მთავრობისთვის ანგარიშგასაწევ მოსაზრებებს ავრცელებს.
ამ წიგნში ის ეხება ჩვენს თემას - მშვიდობის საკითხს. ჩვენ შევეხებით მხოლოდ ერთ ფრაგმენტს, რომელიც ამ ომისა და მშვიდობის თემაზეა. კაპლანი წერს, რომ ომი ამახვილებს ისტორიის გაგების შეგრძნების უნარს, მშვიდობა კი, არაისტორიულ აზროვნებისკენ მიისწრაფვის. კაპლანი განაგრძობს, რომ ცივი ომის შემდგომ, როცა დასრულდა სამყაროსთვის იმის გარკვევის დრო, თუ ვინ არის მეტად მშვიდობის მომხრე და ვინ მეტად მიილტვის ომისაკენ, დადგა ხანა, როცა კვლავ გაჩნდა მშვიდობის დამათრობელი ილუზია. მშვიდობა კი, ამერიკელი ავტორის აზრით, უპირატესობას ანიჭებს აწმყოს და მომავლისადმი გულგრილს გვხდის. როცა ითვლება, რომ მშვიდობას არის ის, რაც თავისთვად გვეძლევა, მასმედია იწყებს მასის ვნებების გამოყენებას. მასას, წერს თავის წიგნში რობერტ კაპლანი, ტელევიზიის მსგავსად არ აქვს ისტორიული მეხსიერება, მას სამყარო წამიერების განცდაზე დაჰყავს. კაპლანი ორაზროვნად არ ამბობს, ის პირდაპირ აცხადებს, უდაოდ, ომზე და ძალადობის შედეგად სიკვდილზე საშინელი არაფერია, მაგრამ დაუსრულებლად შეიძლება საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტების გამეორება, რომ მშვიდობა, როგორც აბსტრაქტული თვითმიზანი, პოლიტიკური მიზანი, რომელიც ყველაფერს აღემატება, ძალიან საშიში მიზანია, რადგან მშვიდობის გულისათვის ყველა პრინციპის დათმობას გულისხმობსო.
ამ ყველაფერთან ერთად, რობერტ კაპლანს იმოწმებს ასეთ მოსაზრებას, რომ იდეალისტი, რომელიც ფიქრობს, რომ არ არის ძალაუფლების პოლიტიკის ნაწილი, უფრო დიდ დანაშაულს სჩადის. და მსჯელობა იმ მიმართულებით მიჰყავს, რომ აკეთებს დასკვნას: თუკი გაჩნდა ინსტანცია, მაგალითად ეს შეიძლება გაერო იყოს, რომლის გენერალურ მდივანს შეეძლება წინ აღუდგეს ნებისმიერ ომს, ომს, რომელიც საჭირო იქნება ბოროტების დაძლევისთვის, გაეროს გენერალური მდივნის ეს უფლებამოსილება სახიფათო იქნება.
ამერიკელი ავტორის აზრით, ხანგძლივ მშვიდობას შეუძლია ხელი შუუწყოს საშუალო რანგის პოლიტიკოსების გამოზრდას, რომლებსაც იმის გარდა, რომ ისტორიის ზეგავლენა არ განუცდიათ, ცოტა წიგნი აქვთ წაკითხული. ამასთან, კაპლანი აძლიერებს თავის ამ ბნელ მომავალზე წარმოდგენის აღწერას და ამბობს, რომ ამგვარ პოლიტიკოსებს ექსპერტების განათლებასა და სიბრძნეს შორის დაპირისპირების გამო, მრჩეველებიც ძალიან ცუდი ეყოლებათ.
რაშია გამოსავალი, ომი თუ მშვიდობა? კაპლანისვე აზრით, გამოსავალი ბრძოლაშია, ის იმედოვნებს, რომ ეს ბრძოლა არ იქნება იარაღით ბრძოლა, არამედ ბრძოლა იდეებისა და კონცეპციებისა, რომელიც თითოეული ადამიანისგან მოითხოვს საკუთარი პოზიციის რწმენას, საკუთარი აზრის სისწორის რწმენას, შორსმჭვრეტელობას, ომს რომ მოუხდება ისეთ რეალისტობას, მაგრამ უომოდ. სამუდამო მშვიდობა შეუძლებელია და ეს კარგია, აცხადებს ამერიკელი პუბლიცისტი.

ის ახსენებს ადამიანის საოცარ, განუმეორებელ უნარს, აირჩიოს სიცოცხლე და სიკვდილი. ჩვენ კი, ამბობს კაპლანი, უნდა ავირჩიოთ საშუალო ამ პოზიციასა და აზრს შორის, რომ ბრძოლის იარაღი უნდა გადავადნოთ შრომის იარაღად, ვინც ამ უკანასკნელ აზრს მთლიანად გაიზიარებს, დავიწყების უკუნეთში აღმოჩნდებაო, წერს ის თავის წიგნში.
XS
SM
MD
LG