Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის მოვლენები და მასთან ნაციონალური მოძრაობის კავშირი


მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ორგანიზაციის „ნაციონალური მოძრაობის“აქციები საქართველოში მომხდარი საომარი მოქმედებების მონაწილეთა სულ უფრო დიდი ნაწილის გულისწყრომას იწვევს.

კოდორის მოვლენებთან ნაციონალური მოძრაობის ქმედებების კავშირს მიეძღვანა 18 აპრილს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართული პრესკონფერენცია.

18 აპრილს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობის ირგვლივ აფხაზური შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია შეიმჩნევა. იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსში” გაერთიანებული 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის მიერ ითქვა, რომ უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, კოდორის ხეობაზე აფხაზ სეპარატისტთა შეიარაღებული შეტევის დაწყებაა სავარაუდო..

მათივე განცხადებით, მოსკოვის გეგმის თანახმად, კოდორზე თავდასხმას თან უნდა სდევდეს პოლიტიკური ვითარების გამწვავება დანარჩენ საქართველოში. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, კოტე ფერაძის, თქმით, ასეთივე სცენარი ხორციელდებოდა კოდორის ხეობაზე ადრინდელი თავდასხმების დროს. იგი შეგვახსენებს, რომ სულ ბოლო მოვლენებისას “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზებას ცდილობდნენ.

[ფერაძის ხმა] „აი, ზუსტად ამის იმედი ჰქონდათ, კოდორის ხეობაში როცა ჩამოსხეს ტაქტიკური დესანტი, რომ არ იქნებოდა ერთსულოვნება საქართველოში, რომ გავიდოდა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ოთხი დღე, გამაგრდებოდნენ, იქ რაღაც პოსტს გახსნიდნენ და შუაგულ საქართველოში იქნებოდა რუსის ჯარი. როდესაც, თავისთავად, ასეთი ფონი არის, შეიძლება ამერიკელებმაც დახმარებისაგან თავი შეიკავონ.“

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უშუალოდ იმყოფებოდნენ რუსი მშვიდობისმყოფელების ტაქტიკური დესანტის დისლოკაციის ადგილზე და აცხადებენ, რომ რუს ჯარისკაცთა შორის მხოლოდ 30 იყო ცისფერჩაფხუტიანი. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ლომიძის, მონაცემებით, რუსებს 4 ტონამდე ტყვია- წამალი და სურსათის 2 თვის მარაგი ჰქონდათ. ჰქონდათ, აგრეთვე, 4 ნაღმტყორცნი და საჰაერო რაკეტები შვეულმფრენების გასანადგურებლად. დესანტის დისლოკაციის ადგილი ფეხოსანთა საწინააღმდეგო ნაღმებით იყო გარშემორტყმული, რაც სერიოზულ საბრძოლო მოქმედებათა წარმოების სამზადისზე მეტყველებს. თუმცა, როგორც ცნობილია, მოსკოვი იძულებული გახდა, რუსი ჯარისკაცები კოდორის ხეობიდან უკან გაეყვანა. ირაკლი ლომიძის განცხადებით:

[ლომიძის ხმა] „მოსკოვში მიხეილ სააკაშვილი გამოიძახეს, რადგან მან ვერ შეძლო დესტაბილიზაცია მოეხდინა საქართველოში, კერძოდ, დედაქალაქში. ახალ ფინანსებს ელოდება რუსეთიდან, რომელსაც შემოიტანენ და კიდევ ახალი დესტაბილიზაციის კერებს შექმნიან. კოდორში დაიწყება შემოჭრა, დედაქალაქში მოხდება არეულობები. ჩვენ 12 ათასი კაცი, ვეტერანები, ნაწილი თუ წავალთ კოდორის დასაცავად, ნაწილი დარჩება აქ და, ვინც წარმოქმნის დესტაბილიზაციის კერას დედაქალაქში, ადგილზე მივხედავთ მათ“[სტილი დაცულია].

საქართველოში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა ალიანსი აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, იარაღი აისხას და ნებისმიერი დავალება შეასრულოს. ეს ორგანიზაცია ერთ დროს ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს მდგომ მეომრებს აერთიანებს, რადგან მიაჩნია, რომ მხოლოდ კონსოლიდაციითაა შესაძლებელი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვა.
XS
SM
MD
LG