Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობა – საქართველოს ხელისუფლების ნერვების სიმაგრის გამოცდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პოლიტიკოსების პარალელურად, კოდორის ხეობაში საომარი მოქმედებების განახლების საშიშროების შესახებ განცხადებას ქართველი მაღალჩინოსანი სამხედროებიც აკეთებენ.

თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის ინფორმაციით, კოდორის ხეობის მახლობლად – წებელდის, ლათისა და მერხეულას მიდამოებში - შეიარაღებული პირების კონცენტრაცია შეინიშნება. გადაუმოწმებელი ცნობებით, რუსეთის მხარემ სოხუმის ხელისუფლებას საბრძოლო იარაღის დიდი პარტია გადასცა “ქართველთა აგრესიისგან” თავდასაცავად.

კოდორის ხეობის ერთდღიანი ინციდენტის დასრულების შემდეგ, რუსეთის მხარის არაადეკვატური რეაქციიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება არ მალავდა, რომ კოდორში მოვლენების დაძაბვის მცდელობები ისევ იქნებოდა. პროგნოზი გამართლდა. კოდორის ხეობაში დესანტის ორგანიზატორი, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის უფროსი, გენერალ-მაიორი ევტეევი ქართული მხარის მიერ 2 აპრილის ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე აკეთებს განცხადებას. ევტეევთან უნისონში სოხუმის ხელისუფლება 2 აპრილის ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ აცხადებს და არ მალავს, რომ კოდორის ხეობაში აფხაზური შეიარაღებული ძალებისა და მძიმე ტექნიკის შეყვანას გეგმავს. საპასუხოდ პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებისა, რომ ასეთი ქმედებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის საკითხი დააყენოს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოს.
საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ხელისუფლებას ყველა ზომის გამოყენებისკენ მოუწოდებს, კოდორის ხეობაში შექმნილი ისედაც გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ალბათ, სიტუაციის განსამუხტად იმ მიზეზის აღმოჩენაა აუცილებელი, რამაც ვითარება დაძაბა.
კოდორის ხეობაში გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობოების სახით, დაუფარავად დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას. მანამდე რუსები ამისთვის აფხაზებს იყენებდნენ. 12 აპრილს კოდორის ხეობაში ერთმანეთის პირისპირ პირველად აღმოჩდნენ რუსი და ქართველი სამხედროები. 12 აპრილს შეტაკების აცილება მოხერხდა. რა იქნება მომავალში – პროგნოზირება ძნელია. თუმცა 18 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ მაინც გაამჟღავნა, თუ რის გამოა იგი შეშფოთებული. ორივე მინიშნება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არმიის გენერალმა ალექსანდრე კოსოვანმა გაახმოვანა. პირველი – რუსეთი შეშფოთებულია საქართველოში ამერიკული ქვედანაყოფების ყოფნით. და მეორე – რუსეთი მზად არის გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით და მოთხოვნილი 14 წელი ათამდე შეამციროს. როგორც გახსოვთ, ქართული მხარის აზრით, ამისთვის სამი წელიც საკმარისია. მოკლედ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის არმიის გენერლის ვერც ერთი ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებას ოპტიმისტურ ხასიათზე ვერ დააყენებდა.
XS
SM
MD
LG