Accessibility links

logo-print

საბანკო სისტემა კაპიტალდაბანდებებს ზრდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართული კომერციული ბანკები თავიანთ საკრედიტო დაბანდებებს ნელ-ნელა ზრდიან, რაც ექსპერტებს რეალური სექტორის ზრდის პროგნოზირების საშულებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები და საკრედიტო რესურსები, ძირითადად, დაბალი რისკის მქონე და ადვილად ამოღებად დარგებზე წარიმართება, ბანკების საკრედიტო პორტფელში მაინც სასიკეთო ცვლილება შეინიშნება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2002 წლის 1 მარტისთვის კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებამ 538.8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 446.9 მლნ ლარი, ანუ 202.2 მლნ აშშ დოლარი, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხია, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 82.9%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები საქართველოში დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტზე მიუთითებს. საერთოდ, ფაქტობრივად, ყველა მსხვილი სავაჭრო თუ სამრეწველო გარიგება, ძირითადად, ამერიკულ დოლარშია ნომინირებული და, შესაბამისად, ბანკებიც და კლიენტურაც ერთმანეთთან საკრედიტო ოპერაციების უდიდეს ნაწილს ამ ვალუტაში აფიქსირებს.
მთლიანი საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი — 62% მოკლევადიან სესხებზე, ხოლო 28.8% გრძელვადიან სესხებზე მოდის, დარჩენილ ნაწილს ვადაგადაცილებული სესხები წარმოადგენს. ამასთან, 2002 წლის ორ თვეში მოკლევადიანი სესხების ზრდამ 29.5 მლნ ლარი, ანუ, მთლიანად, საკრედიტო პორტფელის 65.8% შეადგინა. აღნიშნული ტენდეცია საბანკო სისტემის სიფრთხილეზე მიუთითებს. საფინანსო ინსტიტუტები, ძირითადად, მოკლევადიან ოპერაციებს აფინანსებენ, რათა შესაძლო რისკის მინიმიზება მოახდინონ.
საბანკო კრედიტები, ძირითადად, კერძო სექტორში გაიცემა. სებ-ის ინფორმაციით, 2002 წლის იანვარში საკრედიტო პორტფელის ძირითადი ნაწილი - 95.4%, ანუ 504.6 მლნ ლარი - კერძო სექტორზე გაცემულ სესხებს უკავია, რომლის ზრდამ წლის დასაწყისიდან 39.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სექტორზე გაცემული სესხებით დავალიანება ამავე პერიოდში 5.8 მლნ ლარით გაიზარდა და 1 მარტისთვის 24.3 მლნ ლარს გაუტოლდა. ეს თანხა მთლიანი საკრედიტო პორტფელის 4.6%-ია. აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო საწარმოების მძიმე მდგომარეობასა და მათ გადახდისუუნარობაზე მიუთითებს.

რაც შეეხება საკრედიტო დაბანდებას დარგობრივ ჭრილში, 2002 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ყველაზე დიდი ხვედრითი წილი — 49.2% ანუ 265.2 მლნ ლარი — ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს უკავია. ამ მაჩვენებელმა 2002 წლის პირველ ორ თვეში 25.4 მლნ ლარით მოიმატა. სასიამოვნოა, რომ მრეწველობისათვის გაცემული სესხები იანვარ-თებერვალში 4.5 მლნ ლარით გაიზარდა და მისმა ხვედრითმა წილმა მთლიან საკრედიტო პორტფელში 17%, ანუ 91.4 მლნ ლარი, შეადგინა. ტრადიციულად, მაღალია ვაჭრობის დასაფინანსებლად გაცემული კრედიტების ხვედრითი წილი, რომელიც 23.3%-ს, ანუ 125.7 მლნ ლარს, შეადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს მონაცემი 11 მლნ ლარით გაიზარდა. საკრედიტო პორტფელში მცირეა სოფლის მეურნეობისა და მშენებლობისათვის გაცემული სესხების ხვედრითი წილი. აღნიშნული, შესაბამისად, 2.5%-ს და 3.7%-ს, ანუ 13.7-სა და 19.8 მლნ ლარს, გაუტოლდა.
მიუხედავად საკრედიტო დაბანდებების ზრდის ტენდენციისა, თავად თავისუფალი სახსრების დეფიციტისა და მაღალი რისკის გამო, ქართულ ბიზნესი საინვესტიციო კაპიტალის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სერვისის დახვეწისა და ახალი საკრედიტო ხაზების ათვისების პოზიტიური ცვლილება დამაიმედებელ იმპულსს იძლევა.
XS
SM
MD
LG