Accessibility links

რას გვიქადის ადგილობრივი არჩევნების ჩატარება


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკური ფიგურა, ძლიერებისა თუ სისუსტის მიუხედავად, შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისათვის მხოლოდ იმ მოსაზრებათა გამო, რომელთაც პოლიტიკური პროცესის შესახებ გამოთქვამს.

სწორედ საზოგადოების დაინტერესებასა და გაფრთხილებას შეეცადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თამჯდომარე შალვა ნათელაშვილი: ის უკიდურესად უარყოფითად გამოეხმაურა მოქმედ საარჩევნო კოდექსსა და კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შესახებ.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების მოქმედი წესით ჩატარება საქართველოში ოლიგარქიული გადატრიალების პირველ ეტაპს დაასრულებს. ლეიბორისტების ლიდერი ნათქვამს ასე განმარტავს [ნათელაშვილის ხმა]: “ადგილობრივი ოლიგარქია გაიყვანს ადგილებზე თავის გამგებლებსა და მერებს ფულით – ამათ ხომ პრეზიდენტი ნიშნავს – და ეს გაყვანილი და დანიშნული მერები და გამგებლები გააყალბებენ საპარლამენტო არჩევნებს 2003 წელს და საპრეზიდენტო არჩევნებს 2005 წელს, იმიტომ რომ მთელი ძალაუფლება – საკანონმდებლო, პოლიციური, ეკონომიკური – რჩება ამ გამგებლებისა და მერების ხელში და, შესაბამისად, არჩევნებზე ზემოქმედების ბერკეტები აბსულუტურად რეალურია. არაფერი არ შეიცვლება გარდა იმისა, რომ გამზადდება საძირკველი ამ პოლიტიკური სისტემის მუდმივობისათვის”.

შალვა ნათელაშვილი შეშფოთებისას უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საფრთხეს შეუქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ რაიონულ საკრებულოებში კანდიდატთა პარტიული სიით წარდგენის გაუქმება ქმნის ნიადაგს საიმისოდ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქართველოს სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილმა პირებმა შეაღწიონ. შალვა ნათელაშვილი საქართველოს ნგრევის ლამის აპოკალიპტურ სურათს გვთავაზობს [ნათელაშვილის ხმა]: “როდესაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვთ უფლება, წარადგინონ პარტიული სიები ქართულ და არაქართულ რაიონულ საკრებულოებში, ეს ნიშნავს, რომ ადგილებზე ანტიქართული ძალები – ბორჩალო, ვირქი თუ მირქი – მასობრივად გაიყვანენ თავიანთ კანდიდატურებს საკრებულოებში. შემდგომ ეს საკრებულოები მიიღებენ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ენად რაღაცა სხვა ენის გამოცხადების შესახებ, ავტონომიის გამოცხადების შესახებ, თავიანთი ტერიტორიული სტატუსის აწევის თაობაზე, მერე ცენტრალური ხელისუფლება ამას გააუქმებს, დაიწყება იურიდიული ომი, იურიდიულ ომს მოჰყვება ცხელი ომი, ცხელ ომს მოჰყვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და უბედურება”.

მართალია, შალვა ნათელაშვილმა კარგად იცის, რა უფლებამოსილებაც აქვთ რაიონულ საკრებულოებს, მაგრამ მომავალს მაინც ასე პირქუშად ხედავს. ლეიბორისტების ლიდერი მოუწოდებს შარშანდელი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, რომელთა შეთანხმებულ პოზიციას მიაწერს იგი არჩევნების ბოიკოტის გზით ჩაშლას გასულ წელს, ახლაც მოიმოქმედონ რაიმე 1 მაისამდე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად. გამოიღებს თუ არა ნათელაშვილის ინიციატივა შედეგს, აგრეთვე, კანონმდებლობის სასტიკი კრიტიკის მიუხედავად, ლეიბორისტების ლიდერი მაინც აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG