Accessibility links

logo-print

საქართველოს პოლიტიკური ძალები მორიგი ადგილობრივი არჩევნების მოლოდინში


საქართველოში საარჩევნო მზადება დაიწყო. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ოფიციალური საარჩევნო კამპანია უკვე გახსნილად გამოაცხადა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება,

რომლის ძალითაც, ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში 395 საარჩევნო უბანი შეიქმნება.

პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობაში საარჩევნო სიები და პროგრამები ზუსტდება. ისინი მორიგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან, არჩევნებისთვის, რომელიც შედეგად რეალურ თვითმმართველობას ვერ დაამკვიდრებს, მაგრამ პოლიტიკურ ძალთა შანსების გამოსავლენად მაინც ივარგებს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალების უმრავლესობა სრული თვითმმართველობის მომხრეობას ამჟღავნებდა, 2 ივნისისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის ისინი მაინც მონდომებით ემზადებიან.

შეგახსნებთ, რომ, მოქმედი კანონის მიხედვით, ადგილობრივი ორგანოების არჩევნები პროპორციული წესით თბილისში უნდა ჩატარდეს, დანარჩენ ქალაქებში კი არჩევნების მაჟორიტარულმა წესმა უნდა იმოქმედოს. არჩევნების მაჟორიტარულმა წესმა უნდა იმუშაოს რაიონებში, თანაც, მხოლოდ პირველ დონეზე - სოფლებში, თემებში, დაბებსა და რაიონულ ცენტრებში და ამა თუ იმ რაიონის საკრებულოც სწორედ პირველ დონეზე არჩეული საკრებულოებისგან უნდა დაკომპლექტდეს.

თუ სათანადო კანონში პირველი მოსმენით შეტანილი ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენითაც გავა, არჩევნების პროპორციული წესი, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც გავრცელდება, თუმცა დეპუტატებს და, მათ შორის, ვახტანგ ხმალაძეს ეეჭვება ეს ასე მოხდეს. აქვე იმასაც შევნიშნავ, რომ, მოქმედი კანონის მიხედვით, მერები სტრატეგიულ ქალაქებში, თბილისსა და ფოთში, უნდა დაინიშნოს. დანიშვნას ექვემდებარებიან რაიონების გამგებლებიც, თუმცა ისინი საკრებულოებიდან უნდა შეარჩიონ. თბილისისა და ფოთის გარდა, სხვა ქალაქებში მერები არჩეულ იქნებიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოქმედი კანონი სრული თვითმმართველობის მოთხოვნისგან შორს დგას და ადგილობრივი მმართველობისკენ იხრება. ამიტომ არის, რომ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში ოლიგარქიული გადატრიალების საფრთხეს ხედავს 98 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოულოდნელად დაწინაურებული ძალის -ლეიბორისტული პარტიის - ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მერებისა და გამგებლების არჩევითობის მიუღწევლობას აპროტესტებენ სხვა ძალებიც, მაგრამ არჩევნებისთვის მზადებას ეს ხელს არ უშლის. მაგალითისთვის: ტრადიციოანლისტთა ლიდერს ჰქონდა იმედი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები მერებისა და გამგებლების არჩევითობას მიაღწევდნენ.

[აკაკი ასათიანის ხმა] “ჩვენ შევეცდევით გავატაროთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენც გვსურს და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. შევეცდებით ეს ისე მოხდეს, რომ კანონის შეცვლამ არჩევნების გადადება არ გამოიწვიოს. ისე არ მოხდება, როგორც შევარდნაძემ თქვა. მან განაცხადა, რომ კანონის შეცვლას არჩევნების გადადება მოჰყვება.”

კანონის შეცვლა ვერ ხერხდება და ტრადიციონალისტები, სოციალისტების მსგავსად, ადგილობრივ არჩევნებში “აღორძინებისგან” დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ბლოკ “საქართველოს აღორძინებაში” წარმოდგენილ ძალებს შორის, ერთიანი პროგრამით და ერთიანი სიით მხოლოდ ასლან აბაშიძის “აღორძინება” და “ოცდამეერთე საუკუნე” იმოქმედებს. საინტერესო ის არის, რომ ეს ალიანსი ადგილობრივი არჩევნებით თბილისში პოზიციის გაძლიერებას ფიქრობს და ამ ჩანაფიქრისთვის წლების წინ მოტყუებული მეანაბრეებისთვის ვალის გასტუმრების, ახლად დაქორწინებულების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაიაფებისა და სხვა დაპირებებით გამოდის.

ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს მრეწველები, აგრეთვე, “ახალი მემარჯვენეები.” ახლები” საკუთარ საარჩევნო პროგრამას აზუსტებენ და მის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გეგმავენ. საარჩევნო პროგრამებსა და სიებზე მუშაობენ სხვა ორგანიზაციებიც და, მათ შორის, განსაკუთრებით “დემოკრატიული ფრონტი” აქტიურობს. მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა საარჩევნო კამპანიის დაწყება ყველას დაასწრეს და არჩევნების წინა პერიოდისთვის დამახასიათებელ შეხლა-შემოხლის ცენტრშიც პირველები აღმოჩნდნენ. უკანასკნელი ინციდენტის შემდეგ “ფრონტის” ლიდერებმა შევარდნაძის რეჟიმის დასასრულის მოახლოებაზე ისაუბრეს და ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადებული პროგრამის პრიორიტეტებიც მიუთითეს. “დემოკრატიული ფრონტი” ფოთისა და ლანჩხუთის მოსახლეობას შეჰპირდა, რომ მისი წარმომადგენლები საკრებულოებში აბრეშუმის გზის სიკეთის წარმოსაჩენად იზრუნებენ და იბრძოლებენ იმისთვის, რომ მოსახლეობამ ამ გლობალური პროექტისგან მისაღები სარგებელი მიიღოს.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების საარჩევნო დაპირებების სრული სურათი უახლოეს მომავალში გამოიკვეთება. ასე რომ, საქართველოში კიდევ ერთი ცხარე და დრამატული საარჩევნო მარათონი იწყება. ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნების წინა, გენერალურ, რეპეტიციად ითვლება და, მიუხედავად იმისა, რომ 98 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები საპარლამენტო არჩევნებში მთელი სიზუსტით არ განმეორდა, პოლიტიკური ძალები გენერალური რეპეტიციის გავლისთვის ემზადებიან.
XS
SM
MD
LG