Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი: დამარცხების გაკვეთილი


კოდორის ხეობაში რუსეთის სამშვიდობო ჯარის მოულოდნელმა შემოსვლამ და არანაკლებ მოულოდნელმა გასვლამ, აგრეთვე, შემდგომმა მოვლენებმა თავიდან გააცოცხლა აფხაზეთში ქართული ჯარისა და,

პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს მიერ განცდილი მარცხი.

ქართული ანდაზა გვასწავლის, რომ მოგება და წაგება ძმები არიან. ამ ანდაზაში ჩადებული სიბრძნე, ალბათ, იმას გულისხმობს, რომ "მოგებასაც" და "წაგებასაც" ადამიანი თუ ქვეყანა დამანგრეველი ემოციის გარეშე, მშვიდად და გააზრებით უნდა ხვდებოდეს.

საქართველოში მოწოდება: "გახსოვდეს აფხაზეთი!" დღემდე აქტუალურია. მაგრამ სოხუმის დაცემიდან რვა წლის შემდეგაც კი ქართულ სახელმწიფოს ჯერ არ შეუფასებია საკუთარი მარცხი და ამ დამარცხებიდან სამომავლო გამარჯვებისთვის საჭირო გაკვეთილიც არ მიუღია. როგორც წესი, აფხაზეთში წაგებული ომის ანალიზი ჩვენთან არ ხდება ორი მიზეზით. პირველი ის არის, რომ ამ ომის შესახებ ინფორმაციის დიდი ნაწილი დახურულია: თურმე ზოგიერთი ფაქტის გახმაურების დრო ჯერ არ დამდგარა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ საზოგადოებამ დღემდე არ იცის რეალური მიზეზი აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისა. ოფიციალური ვერსია - რკინიგზის გაკონტროლება - მეტისმეტად არადამაჯერებელია. არსებობს არაოფიციალური ვერსიაც, რომ ეს ომი ედუარდ შევარდნაძემ სამოქალაქო დაპირისპირების ჩასაქრობად წამოიწყო, რასაც ვერ მიაღწია. წლების განმავლობაში გაჩნდა კიდევ ერთი თვალსაზრისი: შესაძლოა, აფხაზეთი ხელოვნურად შეიქმნა, როგორც ერთგვარი ბუფერული ზონა რუსეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ სწორედ ენგურთან დამარხულიყო რუსეთის "გაფართოების დოქტრინა".

ინფორმაციის დახურვასთან ერთად, დამარცხების მიზეზებზე საუბარს ხელს უშლის გავრცელებული თვალსაზრისი, რომ აფხაზეთის ომში ქართულ ჯარს რუსეთის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. როდესაც მტერი ასეთი ძლიერია და ძალები ამდენად უთანასწორო, ომის წაგების მიზეზებს კვლევაც აღარ სჭირდება.

ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები საფუძვლიანია, მაგრამ მათ ფონზე უპასუხოდ რჩება მთავარი შეკითხვა: რატომ არ საუბრობს ქართული საზოგადოება აფხაზეთის ომის წაგებაზე, როგორც სრულ კანონზომიერებაზე, როგორც ომის წინამორბედი პროცესის ლოგიკურ შედეგზე? რუსეთის ჯარი საერთოდ რომ არ ჩართულიყო ბრძოლაში, იყო კი ჩვენგანვე დაუძლურებული და უგულშემატკივროდ დატოვებული ქართული სახელმწიფო მზად ომის მოსაგებად, ან, საერთოდ, რაიმე გამარჯვებისთვის? განა წაგება უალტერნატივო არ იყო იმ პირობებში, როცა ქართულმა ჯარმა სირბილით დატოვა არა მხოლოდ სოხუმი, არამედ ოჩამჩირე და გალიც, სადაც აფხაზი ჯარისკაცი არავის უნახავს? საოცარია, მაგრამ დღემდე გამარჯვებულის პოზიციიდან ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოს მორალურ პასუხისმგებლობაზე აფხაზების მიმართ და არ ვსაუბრობთ დამარცხების გაკვეთილებზე. ფაქტობრივად, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი ისე, რომ არ გვახსოვს აფხაზეთში წაგებული ომი.
XS
SM
MD
LG