Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეწევა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო უსინათლოთა დისკრიმინაციას


მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ.

ბრძანებულების მიხედვით, გაფართოვდა, ეგრეთ წოდებული, ოჯახური დახმარებების მიმღებ უმწეოთა კონტინგენტი. ამ კონტინგენტში ამჯერად, მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა გარდა, მოექცნენ პირველი ჯგუფის არამომუშავე უსინათლოები, 16 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები და მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც შვიდი ან მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავთ.

საოჯახო დახმარებათა მიმღები ახალი კონტინგენტიდან უმწეოთა თითოეული კატეგორია ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად იბრძოდა საოჯახო შემწეობათა მისაღებად - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი ჯგუფის უსინათლოები აქტიურობით უკვე გასულ წლებში გამოირჩეოდნენ - შესაბამისად, ისინი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროდან შარშანვე ღებულობდნენ 2002 წლის საოჯახო დახმარებების პროგრამაში მოხვედრის გარანტიებს. გარანტია საქმედ იქცა, მაგრამ პირველი ჯგუფის უსინათლოები თავს მაინც დისკრიმინირებულად გრძნობენ -პროგრამის ამოქმედებისთანავე ისინი, სულ მცირე, 66 ლარის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. საქმე ეხება უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის ერთ-ერთ პუნქტს, რომლის მიხედვით, სოციალური დახმარების დანიშვნას აფორმებენ სრულყოფილი საბუთების საფუძველზე, დახმარების მიღების უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ, მოქალაქის მიერ განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან. ვინაიდან პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება უმწეო ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ მხოლოდ 26 მარტით თარიღდება, უსინათლო ინვალიდებს და, მათთან ერთად, მათთან გათანაბრებულ დანარჩენ ახალ კატეგორიებს, საუკეთესო შემთხვევაში, დახმარება მხოლოდ 2002 წლის აპრილ- მაისიდან დაენიშნებათ, ეს კი, წლის დასაწყისიდან გასული 3-4 თვის შესაბამისად, მინიმუმ, 66 დაკარგულ ლარს უდრის. თვიური ფულადი დახმარება ხომ მხოლოდ 22 ლარს შეადგენს, გარდა ორი და მეტი პენსიონერისაგან შემდგარი მარტოხელა და შვიდ და მეტ შვილიანი ოჯახებისათვის, რომელთათვისაც ყოველთვიური დახმარება 35 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდის, სურენ მანუკიანის, თქმით:

[სურენ მანუკიანის ხმა]“ძველად ვინც იყო შესული ამ პროგრამაში, ყველა ღებულობდა 1 იანვრიდან და რატომღაც წელს ასე მოხდა, რომ... თან განცხადებაზე, საერთოდ, საუბარი არ ყოფილა მანამდე.”

როგორც საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე მანონ ხაჩიძე განმარტავს, ყველა სოციალური გასაცემელი მხოლოდ მოქალაქის განცხადების საფუძველზე ინიშნება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე უკიდურესად გაჭირვებულ და ამ გაჭირვების დამადასტურებელ ათას მონიტორინგგავლილ ისეთ უმწეოებს შეეხებათ, რომელთათვისაც 22 ლარი საარსებო თანხაა და რომლებიც, სხვათა შორის, დიდი ხანია აღრიცხულნი არიან. ასე რომ, თუ საქმე მაინდამაინც განცხადებაშია, ეს შეიძლებოდა ადრე მაინც თქმულიყო; თუ საქმე ბრძანებულებაშია, ბრძანებულება, საოჯახო დახმარების გაცემის მარეგულირებელ წესთან ერთად, სამინისტროში მომზადდა და თავისუფლად შეიძლებოდა მასში თანხის გაცემის სასტარტო თარიღად პირველი იანვარი დანიშნულიყო. სხვათა შორის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესი იუსტიციის სამინისტროში ჯერ არ არის რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG