Accessibility links

logo-print

“ფრანკფურტერ ალგემაინე” საქართველოში ამერიკა-რუსეთის “თამაშებზე”


“ამერიკა-რუსეთის “თამაშები” საქართველოში” – ასე ჰქვია “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” მოსკოველი კორესპონდენტის მარკუს ვენერის სტატიას, რომელიც გაზეთის 19 აპრილის ნომერშია გამოქვეყნებული.

თბილისისა და ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების თემაზე და ამ თანამშრომლობის მიმართ მოსკოვის არცთუ კეთილმოსურნე დამოკიდებულებაზე დასავლელი მიმომხილველები ხშირად საუბრობენ. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მსმენელს ყველაზე საინტერესო სტატიები გავაცნოთ. მათ შორის “ფრანკფურტერ ალგემაინეში” დაბეჭდილი ეს წერილიც არის. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

“ვაშინგტონისა და მოსკოვის მტკიცება, თითქოს საქართველოში, ჩეჩნეთის საზღვრის სიახლოვეს, “ალ ყაიდის” მებრძოლები იმყოფებოდნენ, დასავლეთის საიდუმლო სამსახურების შეფასებით, სინამდვილეს არ შეესაბამება”, წერს მარკუს ვენერი და ექსპერტებთან საუბრებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ამგვარი განცხადებით შეერთებულ შტატებს სურდა, მოსკოვისთვის ესიამოვნებინა. ვენერი ამბობს, რომ რუსეთი გაწბილებული იყო ავღანეთში ვაშინგტონის მოქმედებით; უწინარესად იმით, რომ ამ უკანასკნელმა პაკისტანის პრეზიდენტის თხოვნა შეისმინა და ქალაქ ყუნდუზისთვის გამართული ცხარე ბრძოლის შემდეგ გაქცევის საშუალება მისცა ავღანეთში საგანგებო მისიით ჩასულ პაკისტანის საიდუმლო სამსახურის რამდენიმე ასეულ მებრძოლს.

მარკუს ვენერის თქმით, მოსკოვს ვაშინგტონისგან არც იმის მოსმენა ესიამოვნა, რომ ირანი “ალ ყაიდის” მებრძოლებს ავღანეთიდან გაქცევაში დაეხმარა. მით უმეტეს, რომ თეირანი წლების მანძილზე მხარს უჭერდა თალიბანთან დაპირისპირებულ “ჩრდილოეთის ალიანსს”. რუსებმა მიიჩნიეს, რომ ისინი, უბრალოდ, გამოიყენესო, აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით “ფრანკფურტერ ალგემაინეს” კორესპონდენტი.

მისი აზრით, ვაშინგტონმა ასეთი ხალისით სწორედ იმიტომ აიტაცა მოსკოვის მტკიცება პანკისის ხეობაში “ალ ყაიდის” მებრძოლთა ყოფნის შესახებ, რათა სიტყვით მაინც გამოხმაურებოდა მოსკოვის სწრაფვას, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ჩეჩნეთის კონფლიქტიც ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტში მოექცია. გარდა ამისა, ანტიტეტორისტულ კამპანიასთან პანკისის ხეობის დაკავშირება ვაშინგტონისთვის საუცხოო საბაბი გამოდგა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გასაფართოებლადო, დასძენს მარკუს ვენერი. იგი იხსენებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რემლერის გახმაურებულ საგაზეთო ინტერვიუს, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი პანკისში “ალ ყაიდის” რამდენიმე ათეული მებრძოლის ყოფნის შესახებ.

“ფრანკფურტერ ალგემაინეს” კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა მხარდამხარ რუსების წინააღმდეგ, მართალია, არაბი მეომრებიც იბრძვიან, მაგრამ “ალ ყაიდასთან” მათი კავშირი ჯერ არავის დაუმტკიცებია. ალყაიდელთა კვალი ვერც პანკისში ჩასულმა რუსმა თუ დასავლელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინესო, წერს მარკუს ვენერი.

“მოსკოვი კარგი ხანია, ამტკიცებს – განაგრძობს ავტორი, – რომ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ჩეჩნების ბრძოლა საერთაშორისო ისლამური ტერორიზმის ნაირსახეობაა. ეს დებულება რომ ნაწილობრივ სწორია, იმითაც დასტურდება, რომ ჩეჩნეთში მებრძოლ რადიკალ ისლამისტთა ნაწილმა შესაბამისი წვრთნა ავღანეთში გაიარა. დამტკიცებულია ისიც, რომ ჩეჩნები – სავარაუდოდ რამდენიმე ასეული ადამიანი – ავღანეთში “ალ ყაიდის” რიგებში იბრძოდნენ.”

ე.წ. “პანკისის საქმის” მთავარ შედეგად გერმანელი ჟურნალისტი მაინც იმას მიიჩნევს, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებით ამერიკელებმა კიდევ ერთი კომპონენტით გაამდიდრეს თავიანთი ანტიტერორისტული კამპანია.
XS
SM
MD
LG