Accessibility links

logo-print

აქცია თბილისის მერის არჩევის მოთხოვნით


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 19 აპრილს, თბილისში ცოტა უჩვეულო პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ჟურნალისტებს ღია ცის ქვეშ, მეტეხის ტაძრის ეზოში, ვახტანგ გორგასლის ძეგლთან დახვდნენ.

ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ფორმით ხაზს უსვამდნენ თავიანთ მოთხოვნასა და ინიციატივას: არჩეულ იქნეს ქალაქ თბილისის მერი და შეგროვდეს ხელმოწერები ამ პოზიციის მხარდასაჭერად. გავესაუბრეთ აქცია-პრესკონფერენციის რამდენიმე მონაწილეს.

[დათო მაღრაძის ხმა]: “აი, ვართ საინიციატივო ჯგუფი და გამოვდივართ მოთხოვნით: დედაქალაქს ჰყავდეს თავისი არჩეული მერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საზოგადოების წინაშე. მივმართავთ თბილისის მოსახლეობას ამ სიტყვებით: არჩევანი თბილისელებს, ღირსება – თბილისს. დაიბრუნოს თბილისმა ის წართმეული, დაკარგული უფლება, რომელიც ეკუთვნის თბილისის მოსახლეობას კონსტიტუციურადაც, მორალურადაც, ტრადიციულადაც და საუკუნეობრივადაც – განსაზღვროს, ვინ უნდა იყოს ქალაქის თავი”. პოეტმა და ყოფილმა დეპუტატმა დათო მაღრაძემ თავის ამ სიტყვებს დასძინა, რომ ისინი პიროვნებათა წინააღმდეგ კი არ გამოდიან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ არჩევითობის პრინციპის დასაცავად. მაღრაძემ აღნიშნა, რომ მეტეხთან არ შეიკრიბნენ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის, “სამოქალაქო დიალოგის,” წევრები და რომ მერის არჩევის მომხრეა თბილისის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი. დათო მაღრაძის აზრით, დემოკრატიული და სამოქალაქო პრინციპების დაცვის გარდა, მერის არჩევას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ ქალაქის არჩეული თავი უკეთ შეძლებს კულტურული მემკვიდრეობის, ძველი ქალაქის, თბილისის ისტორიული ნაწილის იერსახის შენარჩუნებას. თბილისის მერის არჩევის მთავარ მოწინააღმდეგედ ყოფილ პარლამენტარს საქართველოს პრეზიდენტი და ამ საკითხში მისი თანამოაზრეების ვიწრო, თუმცა გავლენიანი, წრე მიაჩნია. თბილისის მერი უნდა იყოს საზოგადოების და არა პრეზიდენტის რჩეული, – განაცხადა დათო მაღრაძემ და არგუმენტი, რომ თბილისის არჩეული მერი საშიში კონკურენტი იქნება ქვეყნის პირველი პირისთვის, ფეხმოკლედ და უსუსურად მიიჩნია.

ხალხის მიმართ პასუხისმგებლობის უქონლობით ახსნა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის წევრმა თინა ხიდაშელმა ბევრი პრობლემა, რასაც დღეს ვერ წყვეტს თბილისის მერია. ამავე რიგის პრობლემაა უკანონო მშენებლობათა მომრავლება, რამაც უკვე დაამახინჯა ქალაქი. თინა ხიდაშელი შეეცადა გაებათილებინა მერის არჩევის საწინააღმდეგო ცნობილი არგუმენტები [ხიდაშელის ხმა]: “არის არგუმენტი, თითქოს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, თბილისი მზად არაა მერის არჩევისათვის. ასევე, ხშირად ამბობენ, რომ ეს უთანაბრდება სხვა ნებისმიერი ტიპის არჩევნების ჩატარებას. მე მგონია, რომ ამაში ლოგიკა არ არის; თუკი ჩვენ ამ ქალაქის მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევა ვანდეთ, შესაბამისად, უნდა მივცეთ საკუთარი მერისა და ხელისუფლების არჩევის უფლებაც. ამბობენ, რომ სიტუაცია არის არაკონტროლირებადი და არ შეუძლიათ წინასწარ განჭვრიტონ, რა ემოცია გადასძალავს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს. ეს მსჯელობაც, ჩემი აზრით, სრულიად არაადეკვატურია; იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის პრეზიდენტზე, რომლის ამომრჩევლების სამი მეოთხედიც, ვიმეორებ, თბილისის მოსახლეობაა”.

ჟურნალ “დრო მშვიდობისას” მთავარმა რედაქტორმა ირაკლი კაკაბაძემ კი თქვა, რომ ეს არის სრულიად ღია ინიციატივა და ყველა მსურველს – ორგანიზაციასა თუ პიროვნებას – შეუძლია შეუერთდეს. მანვე ზოგადად აღწერა სამომავლო ნაბიჯებიც [კაკაბაძის ხმა]: “ჩვენ მივმართავთ ხელმოწერების ფორმას, მშვიდობიანი აქციების ფორმას, აგრეთვე, საკონსტიტუციო სარჩელს და ყველა ნებადართულ, კონსტიტუციურ, მშვიდობიან ფორმას, ძალიან რადიკალურსა და უკომპრომისოსაც კი, იმისათვის, რომ თბილისში იყოს დემოკრატია”.
XS
SM
MD
LG