Accessibility links

logo-print

ჭუბურხინჯის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კოდორის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია


უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გამართული ოთხმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ხანგრძლივი მსჯელობის მიუხედავად მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. კოდორის ხეობაში ვითარება ჯერჯერობით სტაბილურია, თუმცა დაძაბულობა არ განელებულა. პრეზიდენტმა კოდორის ხეობაში მოსალოდნელი პროვოკაციის აღსაკვეთად ყველა სტრუქტურას მზადყოფნისკენ მოუწოდა.

ჭუბურხინჯის შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. მხარეებმა ვერც ერთ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რუსეთის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლობის მიერ წამოჭრილი მოთხოვნა, რომელიც კოდორის ხეობაში ცალმხრივ და, ფაქტობრივად, თავისუფალ პატრულირებას შეეხებოდა, საქართველოს მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამდენად, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას კოდორის ხეობაში თავისუფლად გადაადგილების ნებართვა არ მიუღია.

როგორც ცნობილი გახდა, თბილისის ნაცვლად გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრამ თითქმის 10 საათს გასტანა და მასზე ძირითადი დრო ჩვენი ქვეყნის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დავამ წაიღო. საქართველოს მხარემ ვერ მიიღო მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა მიზნით მოხდა კოდორის ხეობაში რუსეთის სამხედრო დესანტის გადასხმა. რაც შეეხებათ აფხაზებს, გავრცელებული ინფორმაციით, 19 აპრილის შეხვედრაზე სეპარატისტთა დელეგაცია, ძირითადად, თავის მართლებით იყო დაკავებული და ირწმუნებოდა, რომ კოდორის ხეობისკენ შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია თავდაცვის მოთხოვნამ განაპირობა და არა თავდასხმის მიზანმა.

მოკლედ, ჭუბურხინჯის შეხვედრაზე კოდორის ხეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები არ გადაწყვეტილა. ამ ურთულეს რეგიონში ვითარება კვლავინდებურად დაძაბული რჩება. ხეობის მისადგომებთან ადგილი აქვს ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის კონცენტრაციას. სოხუმის რეჟიმისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების ასეთი გააქტიურების გამო კოდორის ხეობის უსაფრთოების საკითხები იქნა განხილული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელმა პირებმა საგანგებო დავალებები მიიღეს. მთლიანად კოდორის ხეობის საკითხს დაეთმობა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომაც, რომელიც შაბათს, 20 აპრილს გაიმართება. “მდგომარეობა საპანიკო არ არის, სიტუაცია ხეობაში ჯერეჯრობით სტაბილურია, თუმცა გართულებები გამორიცხული არ არის,” – ასეთ შეფასებებს აკეთებდნენ, პარასკევს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსული პირები.
როგორც ჩანს მოსალოდნელი პროვოკაციის შიში საფუძვლიანია და ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად კოდორის ხეობის პრობლემით არის დაკავებული. წარსულის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით შევარდნაძე დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა ზომა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ კოდორის ხეობა არ დაიკარგოს. მაგრამ, ეს ყველაფერი, მხოლოდ, თადარიგის დაჭერაა და მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე რჩება. აფხაზთა მხარეს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს და განუმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა ღონისძიება თავდაცვის მოთხოვნით არის განპირობებული.
XS
SM
MD
LG