Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი ბიძინა რამიშვილი, პრაღა 431-ე გამოშვება.

გესაუბრებით ხელისუფლებაში მიმდინარე ულმობელი "თამაშების" შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში მკაცრი და ულმობელი კანონები მუშაობს. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოხვედრა და პოზიციის შენარჩუნება სახელმწიფო მოხელისაგან დიპლომატიისა და "არაფორმალური ურთიერთობების" დაუწერელი წესების დაცვის გარდა, ხელისუფლებაში მიმდინარე წყალქვეშა მოვლენებში კარგად გარკვევასაც მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წვალებით მიღწეული კარიერის უდროოდ დასრულების შანსი დიდია. საქართველოს ხელისუფლებაში ეს კანონი მთელი ულმობლობით მუშაობს. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული ახალი დაპირისპირების შესახებ თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა "გორბიმ" რამდენიმე დღის წინათ მედია-ექსპერტების გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულებს მხოლოდ ერთი კითხვისთვის უნდა გაეცათ პასუხი - საპრეზიდენტო არჩევნების უახლოეს დღეებში ჩატარების შემთხვევაში, ვის აქვს პრეზიდენტად გახდომის ყველაზე დიდი შანსი. გამოკითხვის შედეგებს გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" აქვეყნებს. პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატთა ხუთეული ასე გამოიყურება: მიხეილ სააკაშვილი - 24.4 პროცენტი, ზურაბ ჟვანია - 20.7 პროცენტი, ედუარდ შევარდნაძე - 12.2, ავთანდილ ჯორბენაძე - 9.8 პროცენტი. მეხუთე ადგილს ერთნაირი შედეგით - 7.3 პროცენტი - გიორგი ჭანტურია და ასლან აბაშიძე იყოფენ.

ამ ჩამონათვალში უდავოდ საინტერესოა ორი პიროვნების - სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძისა და საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას გამოჩენა. თუ ეს უკანასკნელი - გიორგი ჭანტურია, ჟურნასლისტებში პოპულარული აზრით, პრეზიდენტ შევარდნაძის სასურველი კანდიდატურა უნდა იყოს, ავთანდილ ჯორბენაძის ხუთეულში მოხვედრას მხოლოდ პრეზიდენტთან სიახლოვით ვერ ავხსნით. სახელმწიფო მინისტრობა, ამ თანამდებობის ფუნქციების ეფემერულობის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო იერარქიაში საკმაოდ ბევრს ნიშნავს.

ავთანდილ ჯორბენაძე საქართველოს რიგით მეოთხე სახელმწიფო მინისტრია. მისი წინამორბედები - ნიკო ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე და გიორგი არსენიშვილი -ერთმანეთისგან სრულიად განსვავებული სიდიდის ფიგურები იყვნენ, განსხვავებული პოლიტიკური წონითა და თუნდაც - ტემპერამენტით. "ყოფილნი" მაქსიმალურად ცდილობდნენ შიდა დაპირისპირებები და გავლენის სფეროების გაყოფა უხმაუროდ მოეხდინათ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის თანდასწრებით ისინი უფრო ჩრდილში ყოფნის პოლიტიკას ანიჭებდნენ უპირატესობას. შესაბამისად, ამ კვირაში ავთანდილ ჯორბენაძის ღია დაპირისპირება პრეზიდენტის თანაშემწესთან ეკონომიკური რეფორმების სფეროში, თემურ ბასილიასთან, მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ პრეზიდენტის მრჩევლისთვის, არამედ პრეზიდენტისთვისაც.

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] "რამდენი ხანია, ამ თანამდებობაზე მუშაობ? ქვეყანაში განვითარების ტენდენცია როგორია ამ პერიოდში? შესაძლებელი რა არის - მთლად კარგად არ მესმის. მაშინ მე შეიძლება ერთი განცხადება გავაკეთო - მაშინ ბასილიამ აიღოს პასუხისმგებლობა...მე ამ წესით და ამ რიგით მუშაობას ვერ შევძლებ. მე განცხადებების უკან წაღებას არ ვარ ჩვეული."

სახელმწიფო მინისტრის უპასუხოდ დარჩენილ კითხვაზე, თუ რამდენი ხანია თემურ ბასილია კურირებს ეკონომიკურ ბლოკს, შეიძლება ითქვას, რომ იგი 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე - ჯერ ვიცე-პრემიერობისას, შემდგომ კი პრეზიდენტის ეკონომიკური რეფორმების თანაშემწის რანგში - იმდენად არა ეკონომიკურ სფეროს, რამდენადაც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას უწევდა კოორდინაციას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდად მიღებული დახმარებები თუ დაფინანსებული პროექტები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდურ შემოსავალს შეადგენდა, შეიძლება ისიც ითქვას, რომ თემურ ბასილია ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახლავთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. სხვათა შორის, მას აქამდე სერიოზული პრობლემები სახელმწიფო მინისტრებთან არ ჰქონია. თუმცა ამჯერად ავთანდილ ჯორბენაძემ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ექსკლუზიური უფლება ჩამოართვა მას, არამედ, გამორიცხული არ არის, პასუხისმგებლობაც დააკისროს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული საკმაოდ ძვირი პროგრამების, რბილად რომ ითქვას, მოკრძალებულ შედეგებზე.

ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო მინისტრის საკმაოდ მკვეთრი სვლები გავლენის სფეროს გასაფართოებლად იმაზე მიუთითებს, რომ, არაერთი პროგნზის საწინააღმდეგოდ, ავთანდილ ჯორბენაძე უმაღლეს სახელისუფლებო იერარქიაში დროებითი ფიგურის როლის შესრულებას არ აპირებს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

ილია ჭავჭავაძე და რელიგიური შემწყნარებლობის საკითხები

ბიძინა რამიშვილი:
რაოდენ აქტუალურია საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის პრობლემა, ჩვენმა მსმენელებმა კარგად იციან. მოწოდებები და მინიშნებები სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების შეზღუდვის სასარგებლოდ გაისმის როგორც სასულიერო, ისე საერო პირებისაგან. აღარაფერს ვამბობთ ასევე საჯაროდ გამოთქმული მუქარის, წიგნების დაწვისა და დარბევების შესახებ. ამასთან, საზოგადოებას შეახსენებენ, რომ ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ შემწყნარებლობით სხვა რელიგიათა მიმართ. ქართველთა შემწყნარებლობას რამდენიმე ათეული ჩვენი თანამემამულის ჯგუფური ქცევის ფონზე დღეს ზოგი მითადაც მიიჩნევს და იმით ხსნის, რომ პოლიტიკურად სუსტ ერს სხვა გზა არც ჰქონდა: ის უნდა შეგუებოდა განსხვავებული რწმენის ხალხთან ერთად ცხოვრებას. გთავაზობთ დავით პაიჭაძის სიუჟეტს, რომლის მიზანი არ გახლავთ ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიების მიმოხილვა. ის, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ქართველთა რელიგიურ ტოლერანტობაზე საჯარო ლაპარაკი მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო და გაგაცნობთ მის ზოგიერთ შეხედულებას სარწმუნოებრივი მრავალფეროვნების შესახებ.

"სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინიდისის თავისუფლებასა".

ამას ილია ჭავჭავაძე ამბობს წერილში "ოსმალოს საქართველო" 1877 წელს, როცა, რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, ახლოვდება საქართველოს ძველი ტერიტორიის შემოერთება რუსეთის იმპერიასთან და, შესაბამისად, აქ მოსახლე მაჰმადიანი ქართველების თანაცხოვრება დანარჩენ ქართველებთან. "ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს."

არა გვგონია, მცდარი იყოს დასკვნა, რომ, ილიას აზრით, რელიგიური შემწყნარებლობა, ლოიალური დამოკიდებულება თანამოქალაქეთა რწმენის მიმართ, აუცილებელი პირობაა ერის გამთლიანებისათვის. 4 წლის შემდეგ, 1881 წელს, მარტის თვის "შინაურ მიმოხილვაში" ილია ჭავჭავაძე უბრუნდება ამ საკითხს, ოღონდ სხვა კონტექსტში; ის აკრიტიკებს იმპერიის ენობრივი რუსიფიკაციის ტლანქ და უნიჭო პოლიტიკას, რომელიც ეფუძნებოდა, ილიას აზრით, ძირეულად მცდარ და უგუნურ შეხედულებას: თითქოსდა "სახელმწიფოს ერთიანობა შეუძლებელია იქ, საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზედ არ ლაპარაკობენო".

ამას მოსდევს ილია ჭავჭავაძის სადღეისოდაც კი განსაცვიფრებლად აქტუალური მსჯელობა: "იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობასაც ამასავე სწამობდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია; დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირს საძირკველიდამ ერთ ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო და გვგონია - დიდი ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესახებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად".

ამ ციტატაში რეფორმაციის ხსენება, ჩვენი აზრით, შეიცავს თანამედროვე საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან ქვეტექსტს; ილიას უეჭველად მიაჩნია მტკიცება, რომ სახელმწიფოს ან საზოგადოების ერთიანობა გულისხმობს არა მხოლოდ სხვადასხვა რელიგიის, არამედ სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა თანაარსებობასაც. ქრისტიანული სარწმუნოების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებისა და ჯგუფების გაჩენა და მოქმედება შეუძლებელია ემუქრებოდეს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ თუ სამოქალაქო ინტეგრაციას. ილიას ზემოთ მოტანილი სიტყვები ჩვენ ვერ შევძელით უკეთ გვეთარგმნა 21-ე საუკუნის ქართულ ენაზე.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.


თბილისის არქიტექტურული სახის პრობლემები.

ბიძინა რამიშვილი:
"ილიაზდი". ასე ჰქვია ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ახალ, არაპერიოდულ გაზეთ-ალმანახს, რომელიც დიდი ქართველი მხატვრის და მეცნიერი ბიზანტნოლოგის ილია ზდანევიჩის სახელს ატარებს. გამოცემის პირველი ნომერი თბილისის არქიტექტურულ სახეს, კერძოდ კი, ძველი უბნების პრობლემებს დაეთმო. ალმანახში გამოქვეყნებულია ურბანისტ-არქიტექტორის, ლადო ვარდოსანიძის სტატია სათაურით, "ძველი თბილისი და ახალი რეალიები. ურბოციდის ფენომენოლოგია". ამ სტატიის ზოგიერთ ფრაგმენტს გიორგი კაკაბაძე გაგაცნობთ.

გიოგი კაკაბაძე:
ავტორის თქმით, "არქიტექტურული სახის, გეგმარებითი სტრუქტურის დეგრადაცია კარგა ხანია დაეტყო თბილისს. ცალკეული არქიტექტორების გაფრთხილებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქციები დღეს უკვე მასმედიისა და თბილისის საზოგადოებრიობის მზარდი აღშოფოთებით შეიცვალა". სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ერთი შეხედვით, არც ხელისუფლებაა განზე გამდგარი: არსებობს თბილისისადმი მიძღვნილი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მერიის მრავალი ნორმატიული აქტი და მაინც გრძელდება თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს, ურბანული ქსოვილის რღვევა-განადგურება. გრძელდება ის, რასაც ურბოციდი ეწოდება".

იმასთან დაკავშირებით, თუ რა განაპირობებს ამ პროცესს, ლადო ვარდოსანიძე აღნიშნავს, რომ "საბაზრო ეკონომიკის პირობებში პრინციპული მნიშვნელობა აქვს მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების, აგრეთვე, საინჟინრო-კომუნიკაციური ქსელების განუყოფლობას და, ამ პოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებლობის უნივერსალურობასა და სისტემურობას". მაგრამ, მისი თქმით, ამ მხრივ, "ჩვენს კანონმდებლობას ახასიათებს კონვულსიურობა, სპორადულობა, ჯგუფური ინტერესების წინა პლანზე წამოწევა".

ავტორის პოზიციაზე უფრო მკაფიო წარმოდგენის შესაქმნელად სტატიის კიდევ ორიოდე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. ლადო ვარდოსანიძე წერს, რომ თავის დროზე, რიყის გადასარჩენად ჩატარდა ქალაქმშენებლობითი კონკურსი ამ უბნის ურბანისტული კონცეფციის შესამუშავებლად. "კონკურსის ორგანიზატორებს მიაჩნდათ, რომ თვით კონკურსის ფაქტი და, მით უფრო, მისი შედეგები ხელს შეუწყობდა ხელისუფლებას და ქალაქ თბილისის მთავარ არქიტექტორს რიყის ტერიტორიის დაცვაში, კერძოდ, კაპიტალის შემოტევის თვალსაზრისით". მაგრამ, როგორც ავტორი შენიშნავს, "კონკურსის დედააზრი თავის ანტიპოდად გადაიქცა და ვერაფერი სიკეთე მოუტანა თბილისს".

წერილში ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც არის ხაზგასმული, კერძოდ კი, ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თბილისმა 6 მთავარი არქიტექტორი გამოიცვალა. მათ შორის იყვნენ ღირსეული პროფესიონალები, აგრეთვე, ისეთები, ვისაც ქალაქმშენებლობის არავითარი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება არ ჰქონია.
ავტორის აზრით, ამგვარი საკადრო პოლიტიკა შემთხვევითი არ ყოფილა, "მოქმედებდა ცდომილებებისა თუ დანაშაულებების ჩაფარცხვის მრავალგზის გამოცდილი პრინციპი. მოდი და გაარკვიე ახლა, ვინ არის კონკრეტულად პასუხისმგებელი აბანოთუბანში, მთაწმინდაზე, სოლოლაკის ქედზე თუ დავით აღმაშენებლის გამზირზე სკანდალური ობიექტების აღმოცენებაზე".

ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ, მართალია, არქიტექტორთა საზოგადოებრიობამ, არქიტექტრთა კავშირმა, ბევრი რამ მოიმოქმედა თბილისის ისტორიული გარემოს დასაცავად, მაგრამ როგორც იგი წერს,"ჩვენ ვერ შევძელით მთავარი - კავშირის წევრების პროფესიულ საქმიანობაში შინაგანი ცენზურის, პროფესიული ეთიკისა და სტანდარტის დამკვიდრება".

ავტორი არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ შეუძლებელია კაპიტალის შემოტევას შეეწინააღმდეგო. იგი წერს, რომ "კაპიტალი მეტად ფრთხილია და ფლიუგერივით რეაგირებს საზოგადოებაში გაბატონებულ ატმოსფეროზე, განწყობაზე. მეტიც, იქ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრება კანონმორჩილებას ეყრდნობა, კერძო კაპიტალის შეუღლება ისტორიულ გარემოსთან ბრწყინვალე ნაყოფს იძლევა. საკმარისია, გადავხედოთ ბალტიის ქვეყნების დედაქალაქების დღევანდელ მდგომარეობას".

ავტორის აზრით, "გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი საზოგადოების მოდელია, ის, რაც ხდება თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბნებში - ნორმალურია, უფრო ზუსტად, ქართული საზოგადოებრიობის დღევანდელი მდგომარეობის ადეკვატურია".

"ჩვენზე დამოკიდებული, რამდენ ხანს გასტანს ასეთი მდგომარეობა" - ამბობს ლადო ვარდოსანიძე. მისი თქმით, ექსპერტი რომ ყოფილიყო, იგი არაფრით არ შეიტანდა თბილისს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში: "ჩვენ ამას ნამდვილად არ ვიმსახურებთო".

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი.

ინტერვიუ რობერტ პარსონსთან

ბიძინა რამიშვილი:
ლონდონის სახელგანთქმული ბიგ ბენის საათის მელოდია ჩვენი შემდეგი სიუჟეტის შესავლად, ცხადია, ტყუილად არ შეგვირჩევია. დღეს "მეათე სტუდიაში" სტუმრად არის ჩვენი ლონდონელი კოლეგა, ბიბისის კორესპონდენტი რობერტ პარსონსი, რომლის პრაღაში ჩამოსვლის მიზეზს, ბევრ სხვა საინტერესო რამესთან ერთად, დავით კაკაბაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

იხ. აუდიოვერსია


იაპონია და სამხრეთი კორეა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისათვის ემზადებიან

ბიძინა რამიშვილი:
იაპონელებმა მსოფლიოს უოკმენი, გეიმბოი, პლეისტეიშენი აჩუქეს; დედამიწის ყველა კუთხეში დაჰყავთ იაპონური ავტომანქანები, უყურებენ იაპონურ ტელევიზორს და ხმარობენ იაპონურ კომპიუტერს. მაგრამ არანაკლებ ცნობილია იაპონიის კულტურული თავისებურებები, თუ კულტურული წინააღმდეგობები, რომლებიც "ამომავალი მზის ქვეყანას" დანარჩენი მსოფლიოსთვის მარადიულ გამოცანად ტოვებს.

მარიამ ჭიაურელი შეეცდება, მიგვაახლოვოს "ტერა ინკოგნიტას", რომელიც 31 მაისიდან 30 ივნისამდე, მეზობელ სამხრეთ კორეასთან ერთად, "საფეხბურთო მექად" გადაიქცევა.

მარიამ ჭიაურელი:
იაპონიას, გარე სამყაროსაგან მრავალსაუკუნოვანი იზოლაციის მიუხედავად, სულ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა საიმისოდ, რომ ეკონომიკური სიმძლავრით მსოფლიოში რიგით 2-ე სახელმწიფოდ აღზევებულიყო. დღეს აღარავის უკვირს, რომ შორეულ აღმოსავლეთში მდებარე მონარქიას კეთილდღეობის სიმბოლოდ ქცეულ "დასავლეთს" მიაკუთვნებენ. ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც იაპონიას გაუტოლდება უცხო ფასეულობებისადმი ინტერესით, ან მათი ათვისების უნარით - რად ღირს თუნდაც დამწერლობის, ბუდიზმის, ან კიდევ ტექნიკის გადაღება!

და მაინც, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე უცხოეთიდან ჩასულებს არ უნდა გაუკვირდეთ, თუ ხშირად შეამჩნევენ მათკენ მიმართულ ცნობისმოყვარე მზერას: "ამომავალი მზის ქვეყანაში", რომლის მოსახლეობის რაოდენობა 126 მილიონს აღწევს, სულ 1,5 მილიონი უცხოელი ცხოვრობს. მათ შორის არის მრავალი სპორტსმენი - მაგალითად, ევროპელი ფეხბურთელები. სულ უფრო პოპულარული ხდება ბეისბოლიც, თუმცა ის, როგორც ვარაუდობენ, ვერ გაუძლებს კონკურენციას ფეხბურთთან, რომელმაც ათასობით კუნძულზე გადაშლილი ქვეყნის სკოლებში სპორტის უსაყვარლესი სახეობის ადგილი დაიმკვიდრა.

ამ კუნძულების უდიდესი ნაწილი მთებითა და ტყეებით არის დაფარული. ასე რომ, მოსახლეობას ისღა დარჩენია, საცხოვრებლად ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეხუთედს დასჯერდეს: ტოკიოსა და იოკოჰამაში, ოსაკასა და კიოტოში ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოსახლეთა რიცხვი 2000 აღწევს! ისე, ფეხბურთის უცხოელ ქომაგებს არა მარტო უჩვეულო სივიწროვესთან შეგუება მოუწევთ: თუ გავითვალისწინებთ, რომ იაპონიაში წლიურად აღრიცხული 7500 მიწისძვრიდან 1500 მოსახლეობისათვისაც არის შესამჩნევი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიწისძვრების მოწმე გახდებიან სპორტულ დღესასწაულზე რამდენიმე დღით ჩასულებიც. თუმცა, მიწისქვეშა ბიძგები ვის ემახსოვრება იქ, სადაც ათიათასობით ქომაგით გადავსებულ სტადიონს გოლის გატანის სიხარული ააგუგუნებს.

[სტადიონის ხმაური]

ბიძინა რამიშვილი:
მოახლოებული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლებზე საუბარს ზუსტად ერთ კვირაში, "მეათე სტუდიის" შემდეგ გამოშვებაში განვაგრძობთ, ოღონდ თქვენს ყურადღებას უკვე სამხრეთ კორეას მივაპყრობთ.

წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG