Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა დასავლეთის პრესა ცნობას იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს 18 აპრილს, იტალიაში 29-წლიანი ლტოლვილობის შემდეგ, ავღანეთის ყოფილი მეფე მოჰამად ზაჰირ შაჰი – სამშობლოში დაბრუნდა.

შვეიცარიის გაზეთი ”ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” მიესალმება ზაჰირ შაჰის დაბრუნებას სამშობლოში, მაგრამ ნაკლებადა აქვს იმის იმედი, რომ ყოფილი მონარქი შესძლებს ავღანეთში ეროვნული ერთიანობის მიღწევას. გაზეთი წერს:

”ბონის კონფერენციაზე შემუშავებული გეგმის თანახმად, ზაჰირ შაჰმა უნდა გახსნას ათ ივნისს უხუცესთა საბჭოს სხდომა ”ლოია ჯირგა”, რომელიც ახალ გარდამავალ მთავრობას აირჩევს. მაგრამ ავღანეთი, სადაც ყოფილი მეფე დაბრუნდა, არაა ის ავღანეთი, 1973 წელს რომ დატოვა ზაჰირ შაჰმა. ამჟამინდელი დროებითი ადმინისტრაციის ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ ქაბულზე ვრცელდება, დანარჩენ რეგიონებს საველე მეთაურები მართავენ, და დასავლეთის იმედი, რომ ზაჰირ შაჰი ყველა ეთნიკურ ჯგუფს გააერთიანებს თავის ირგვლივ და ბოლოს მოუღებს კლანურ მეტოქეობას, ოცნება უფროა, ვიდრე რეალობა. ვითარების რეალური სტაბილიზაციისთვის მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნდა განთავსდნენ, და არა მარტო ქაბულში. საუბედუროდ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უარყვეს ეს წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობისდამცველთა მანდატის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვდნენ ჰამიდ კარზაის მთავრობა და გაერო. ვიდრე უშიშროება არ იქნება გარანტირებული, შეუძლებელია ეკონომიკის აღორძინება, ხოლო თუ არ განვითარდა ეკონომიკა, ვერც უშიშროებას ეშველება”.

გაზეთი ”ფრანკფურტერ ალგემაინე” მიესალმება ზაჰირ შაჰის დაბრუნებას სამშობლოში, და თან იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ყველა ფრაქცია როდია კმაყოფილი ავღანეთში ყოფილი მონარქის ჩასვლით. მართალია ზაჰირ შაჰი პუშტუნთა უმრავლესობის წარმომადგენელია და მათი მხარდაჭერით სარგებლობს-განაგრძობს გაზეთი-თუმცა ტაჯიკი და უზბეკი უმცირესობები შიშობენ, ვაი თუ ყოფილი მეფე ძალზედ გავლენიანი გახდეს.

”იმედის სიმბოლო სამშობლოში დაბრუნდა”-ასეა დასათაურებული პიტერ ბეიკერის სტატია გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში”. სტატიაში ვკითხულობთ:

”პირველად მას შემდეგ, რაც იგი, თავისმა ბიძაშვილმა დაამხო 1973 წელს, 87-წლის ყოფილი მონარქი ხუთშაბათს ავღანეთში დაბრუნდა თავის 15 ნათესავთან, 9 იტალიელ მცველთანა და მედიკოსთა ხუთკაციან პერსონალთან ერთად, თან 47 ჩემოდანი და ფრანგული წიგნების მდიდარი კოლექცია ჩაიტანა
და უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა გაუთავებელი ომებით გატანჯულ თანამემამულეებს. მას შემდეგ, რაც სამშობლოდან გადახვეწილმა 29 წელი დაჰყო რომის შემოგარენში მდებარე პატარა ვილაში, ზაჰირ შაჰი შეურიგდა იმ აზრს, რომ საზღვარგარეთ დასრულებოდა მისი მიწიერი ცხოვრება. მაგრამ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტებმა ძირეულად შეცვალა ავღანეთში პოლიტიკური ლანდშაფტი. ამჯერად, როცა შეერთებული შტატების თაოსნობით დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ თალიბების რეჟიმი დაამხო, ყოფილი მონარქი სამშობლოში დაბრუნდა, და არა გვირგვინის დასაბრუნებლად, არამედ იმისთვის, რომ ეროვნული ერთიანობა აღადგინოს თავის ქვეყანაში. ჩავიდა რა ხუთშაბათს ქაბულში, ზაჰირ შაჰს არ გაუეთებია საჯარო განცხადება, ხოლო კერძო საუბარში აღნიშნა, რომ არ სურს აღადგინოს თავისი ოჯახის, დურანების დინასტია, რომელიც 226 წლის განმავლობაში მართავდა ავღანეთს.”

გაზეთ ”დეილი ტელეგრაფის” აზრით, ყოფილი მეფის დაბრუნება ავღანეთში ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”ზაჰირ შაჰმა განაცხადა, რომ არ სურს მეფის გვირგვინის დაბრუნება, და რომ მზადაა ქვეყნის სამსახურში გაატაროს დარჩენილი წლები. ყოფილი მონარქის დაბრუნებას მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. იტალიის მთავრობამ დროებით ითავა ზაჰირ შაჰის უშიშროების უზრუნველყოფა. ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წამოაყენა წინადადება, რომ ავღანეთის აღსადგენად ”მარშალის გეგმა” შეიმუშავოს დასავლეთმა, ზუსტად ისეთივე, ევროპის აღდგენას რომ მოხმარდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.”

გაზეთები ფართოდ გამოეხმაურნენ ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ გამოსვლას ფედერალური კრების სხდომაზე ხუთშაბათს ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”. როგორც გაზეთი ”ფაინენშალ ტაიმსი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი პუტინის გამოსვლაში ის კი არ იყო, რაზეც მან ილაპარაკა, არამედ ის, რაც მას არ უთქვამს. გაზეთი განაგრძობს:

”რაც მთავარია, არ უხსენებია ბატონ პუტინს ის ფაქტი, რომ რუსეთი, შეერთებული შტატების თაოსნობით მიმდინარე ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობს. პირიქით, ავღანეთში მიმდინარე ომი მან რუსეთის ტრიუმფად წარმოაჩინა, თუმცა დასავლეთის მთავრობებს არ უნდა მოჰგვაროს ღიმილი ამგვარმა ინტერპრეტაციამ, პირიქით, ისინი ღრმად უნდა ჩასწვდნენ მის მნიშვნელობას. პუტინის საგულდაგულოდ მომზადებული მიმართვა ცხადყოფს, რაოდენ ფრთხილია რუსეთის პრეზიდენტი, როცა 11 სექტემბრის შემდეგ აღებულ პროდასავლურ პოლიტიკურ გეზს მოიხსენიებს. ნატოს კავშირთან რუსეთის ახალი ურთიერთობა პუტინმა გაკვრით მოიხსენია. მას კარგად ესმის, რომ მრავალი რიგითი რუსი კვლავაც ეჭვის თვალით უყურებს დასავლეთთან დაახლოებას. ამიტომაც არ მართებთ დასავლელ პოლიტიკოსებს გადამეტებული ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე.”

უკეთებს რა კომენტარს პუტინის ყოველწლიურ მიმართვას ფედერალური კრებისადმი ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”, გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იმ დროს, როცა ბატონი პუტინი პარლამენტში გამოდიოდა სიტყვით, ჩეჩენმა მეამბოხეებმა საფარიდან მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს ფედერალური ჯარის ორ ავტომანქანაზე გროზნოში. გაზეთი წერს:

”ორიოდ საათით ადრე, ვიდრე პუტინი განაცხადებდა, რომ ომი ჩეჩნეთში, ფაქტობრივად დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოსო, ორმა აფეთქებამ ჩეჩნეთში, 30-ზე მეტი რუსი მილიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავის ერთსაათიან გამოსვლაში ბატონმა პუტინმა ჩეჩნეთს, ერთ წუთზე ნაკლები დრო დაუთმო”.

”ჩეჩნეთის რეალობა კვალდაკვალ მიჰყვება პუტინს”-წერს გაზეთი ”მონდი” და დასძენს, რომ მეამბოხეთა მიერ გროზნოში განხორციელებულმა თავდასხმამ ცხადყო აშკარა სიცრუე პუტინის ხმამაღალი განცხადებისა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში მიმდინარე ოპერაციის სამხედრო ფაზა –დამთავრებულია”.

ჩეჩნეთში კარგა ხანია უკვე მოქმედებს ის მომაკვდინებელი მექანიზმი, რომელიც ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტითაცაა ჩვენთვის ცნობილი – ძალადობის მოჯადოებული წრე-აღნიშნავს ავსტრიის გაზეთი ”პრესსე”, და სარედაქციო სტატიაში დასძენს:

”ვლადიმირ პუტინს არაფერი უთქვამს კონსტრუქციული ჩეჩნეთში მიმდინარე სისხლისღვრის შესაძლო შეჩერების თაობაზე. და ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულად არ მიუდგება ბოლოს და ბოლოს ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკურ, სწორედაც პოლიტიკურ მოგვარებას, იგი ვერ შესძლებს თავისი სხვა მიზნების მიღწევას, სახელდობრ მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას”.

გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინეს” მიმომხილველი მარკუს ვენერი განცვიფრებას არ მალავს იმის გამო, რომ თავის გამოსვლაში პუტინს თითქმის არაფერი უთქვამს ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის შესახებ. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

”პარლამენტში პუტინის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მეამბოხეებმა 30-ზე მეტი ჯარისკაცი და პოლიციელი მოკლეს გროზნოში, რასაც ფედერალურმა ჯარმა უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების დახოცვით უპასუხა.”
XS
SM
MD
LG