Accessibility links

logo-print

მესამე სექტორი და მეწარმეები საგადასახადო რევოლუციას გეგმავენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმაზე საქართველოში დიდი ხანია მიდის საუბარი და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ეკონომიკურ წრეში სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს.

ამ ბოლო წლებში საქართველოს საგადასახადო კოდექსში რამდენიმე ასეული შენიშვნა შევიდა, რამაც ისედაც ბუნდოვანი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაართულა და სხვადასხვა ფისკალურ კურიოზს დაუდო სათავე. კოდექსის გადახალისებაზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა, თუმცა არც ერთ მათგანს კომპლექსური დოკუმენტი არ შეუდგენია. ამჟამად, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის რეკომენდაციით, ხელისუფლება საგადასახადო "რევოლუციას" გეგმავს.
სახელისუფლებო სტრუქტურების გარდა, საგადასახადო პოლიტიკის რეფორმაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამუშაო სტადიაში არსებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან ყველაზე რაციონალურ და პროგრესულ კონცეფციას "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის" მიერ შემოთავაზებული პროექტი შეიცავს. გასულ კვირას ამ ორგანიზაციამ, მრეწველებთან ერთად, კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.
პროექტის თანახმად, ფისკალური რეფორმის ახალი კონცეფცია გულისხმობს: საგადასახადო ბაზის ლეგალიზებას მოქმედი სისტემის გამარტივების გზით; ახალი საგადასახადო სისტემის არსებულ გარემოსთან ადეკვატურობის მიღწევას, რათა კოდექსი გახდეს რეალურად მოქმედი საკანონმდებლო აქტი, ხოლო გადასახადები - რეალურად დათვლადი და ბიუჯეტში გადახდადი; ახალმა საგადასახადო კოდექსმა გადასახადების დამალვისა და კორუფციული გარიგებების მოტივები მკვეთრად უნდა შეასუსტოს, თავად სისტემა კი ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე ინვესტიციების სტიმულირების გზით.

საგადასახადო კოდექსის ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტისეული ვარიანტი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: გადასახადის გადამხდელი და სახელმწიფო ადმინისტრაცია საგადასახადო ურთიერთობებს უნდა ამყარებდნენ, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორები; ყოველი გადასახადი უნდა ეფუძნებოდეს მყარ მსოფლმხედველობრივ საფუძველს; მას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატული მიზანი და დანიშნულება; გადასახადი და მისი ადმინისტრირების წესები არ უნდა არღვევდეს ადამიანის ძირითად, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს. გასაშუალოებული საგადასახადო ტვირთის სიმძიმე უნდა იყოს გონივრული, გადამხდელისათვის ასატანი და, მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, არ უნდა აჭარბებდეს 30 პროცენტს; გადასახადის შემოღება უნდა იყოს ეკონომიკურად მიზანშეწონილი, გრძელვადიანი შედეგები კი -პროგნოზირებადი და გამართლებული. დაწესებული გადასახადები არ უნდა არღვევდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
საინტერესოა, რომ, ახალი კონფეცფიით, პრინციპულად იცვლება საგადასახადო ადმინისტრირებისადმი მიდგომა. საგადასახადო ადმინისტრაცია გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოდან უნდა ამაღლდეს კანონის აღსრულებაზე ზედამხედველ ორგანომდე. საგადასახადო ადმინიტრაციის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების უპირველესი კრიტერიუმი უნდა გახდეს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულებაზე ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების შექმნა და მათი გამართული მუშაობა.
საინტერესოა, აგრეთვე, თავად გადასახადის ცნების ახალი დეფინიცია. პროექტით, გადასახადი განიმარტება არა როგორც სახელმწიფოსათვის თანხების გადაცემა არაეკვივალენტურად და უნაცვალგებოდ, არამედ როგორც განსაზღვრულ პირთა მოვალეობა სახელმწიფოს მიმართ იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი. ანუ გადასახადის ახლებური დეფინიცია გადასახადს განმარტავს, როგორც სახელმწიფოსა და გადამხდელის ორმხრივ ვალდებულებას ერთმანეთის მიმართ. ასეთი განმარტებით, გადამხდელისთვის ნათელი ხდება, რომ გადასახადი ხარკი კი არ არის, არამედ მის მიერ სახელმწიფო ადმინისტრაციისათვის კანონის საფუძველზე გადახდილი თანხაა, რომელიც, კანონის ძალით, გამოყენებული უნდა იყოს მისივე ინტერესებისთვის.
კონცეფციის ყველაზე რევოლუციურ ნაწილს კი თავად გადასახადთა ტიპებისა და რაოდენობის ცვლილება წარმოადგენს. ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსით, დაწესებულია 12 საერთო-სახელმწიფოებრივი და 6 ადგილობრივი გადასახადი. პროექტით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების რაოდენობა განისაზღვრება სულ სამი, ხოლო ადგილობრივი გადასახადებისა კი ერთი გადასახადით. ყველა სხვა გადასახადი უქმდება.
საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებში შევა: საშემოსავლო გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი და აქციზი. ხოლო ადგილობრივი გადასახადი მოიცავს მხოლოდ ქონების გადასახადს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადების ჩათვლით.
ახალი კონცეფციით, უქმდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადები. მათ ნაცვლად, შემოდის საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული კომერციული ინვოისი ანუ განაღდების მოთხოვნა. დგინდება რეკვიზიტები, რომელსაც უნდა ატარებდეს ინვოისი, რათა იგი მიჩნეულ იქნეს ხარჯების გამოქვითვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.
ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია საგადასახადო სისტემის სერიოზულ ცვლილებას გულისხმობს. აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერენ ქართველი მეწარმეებიც და, საკანონმდებლო ორგანოში მისი წარმატებული ლობირების შემთხვევაში, შესაძლებელია, წელს, შემოდგომაზე, პარლამენტარებმა მისი განხილვაც შეძლონ.
XS
SM
MD
LG