Accessibility links

logo-print

სკანდალი რომის კათოლიკურ ეკლესიაში


უკვე რამდენიმე თვეა, რომის კათოლიკური ეკლესია სკანდალით არის მოცული. მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში სასულიერო პირთა მხრივ სქესობრივი ძალადობის შემთხვევები გახმაურდა, ამ მეტად საჩოთირო თემაზე დისკუსიებსა თუ მითქმა-მოთქმას დასასრული არ უჩანს.

ვატიკანი დიდხანს ამჯობინებდა კომენტარზე თავის შეკავებას - მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა საქმეში ჩარევა: თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ.

სკანდალი იანვარში ატყდა, როცა აშშ-ის მასმედიაში გავრცელდა ცნობა ბოსტონელი მღვდლის, ჯონ გეიგანის შესახებ: ბოსტონის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო უხამს ქცევაში 10 წლის ბიჭუნას მიმართ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ საქმე არც ცალკეულ შემთხვევასთან გვაქვს და არც აქამდე უცნობ პრობლემასთან.

ავტორიტეტიანმა დამოუკიდებელმა გაზეთმა ”ნეშნლ კათოლიკ რეპორტერმა” ჯერ კიდევ 1983 წელს გამოაქვეყნა პირველი სტატია სასულიერო პირთა შორის სექსის პრობლემაზე. ორი წლის შემდეგ გაზეთი წერდა: ”მთელი ქვეყნის მასშტაბით კათოლიკური ეკლესია სკანდალით არის მოცული და იძულებულია, მილიონობით დოლარი გადაუხადოს ოჯახებს, რომელთა ვაჟიშვილებს უხამსად მოექცნენ კათოლიკე მღვდლებიო.”

მაგრამ ამ შემაშფოთებელ ვითარებაზე ”ნეშნლ კათოლიკ რეპორტერის” პირველი პუბლიკაციიდან თითქმის 20 წელი გავიდა, ვიდრე პრობლემას ვატიკანის საჯარო გამოხმაურება მოჰყვებოდა: სულ რამდენიმე დღის წინათ, 15ტ აპრილს, რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ამერიკელი კარდინალები და ეპისკოპოსები დაიბარა შეხვედრაზე, რომელიც ვატიკანში 22-დან 25 აპრილამდე გასტანს.

ჩვენი რადიოს თანამშრომელმა, დონ ჰილმა დაგეგმილი შეხვედრის კომენტარი სთხოვა ვატიკანში გაზეთ ”ნეშნლ კათოლიკ რეპორტერის” კორესპონდენტს, ჯონ ალენს, რომლის შეფასებით, პაპს ორი მიზანი ამოძრავებს: [ჯონ ალენის ხმა] ”ჯერ ერთი, ეს მიმაჩნია ვატიკანის მისწრაფებად, მოსაზრებები გაცვალოს ამერიკელ კათოლიკეებთან; მათ უთხრას, რომ პაპს გაცნობიერებული აქვს ამერიკის ეკლესიაში დღეისთვის გამეფებული კრიზისი”.

მეორე მხრივ, განაგრძობს ჯონ ალენი, პაპს სურს საქმის კურსში ყოფნა იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებენ პრობლემის მოგვარებას ამერიკელი მღვდელმთავრები.

პრობლემამ კი, როგორც ჩანს, საგანგაშო მასშტაბები მიიღო: ბოსტონელი მღვდლის, ჯონ გეიგანის სასამართლო პროცესის შემდეგ მსხვილმა ყოველღდიურმა გაზეთმა ”ბოსტონ გლოუბმა” გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად გეიგანს ბრალად ედებოდა უხამსი ქცევა არა ერთი, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, 130 ბიჭუნასთან! და ეს მრავალი წლის მანძილზე! მეტიც: კათოლიკური ეკლესიისთვის საკმაოდ დიდი ხანი იყო ცნობილი გეიგანისთვის წაყენებული ბრალდებების ამბავი, მაგრამ საქმის მიჩქმალვას ამჯობინებდა.

დღეს ხშირად გაიგონებთ: ”სკანდალი ბოსტონში რომ არ ამტყდარიყო, კლივლენდში მაინც ატყდებოდაო”. საქმე ის გახლავთ, რომ ზუსტად მაშინ, როცა საზოგადოებამ ბოსტონელი მღვდლის შესახებ შეიტყო, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის ყოველდღიური გაზეთი ”კლივლენდ პლეინ დილერი” ამზადებდა რეპორტაჟების სერიას 10 მღვდელზე, რომელთა სახელებს უხამსი ქცევის 20 შემთხვევა უკავშირდება.

რაკი საზოგადოებამ კათოლიკე სასულიერო პირთა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ გაზეთებიდან შეიტყო, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მავანი და მავანი პრესას უპასუხისმგებლობაში, ეკლესიისადმი მტრულ დამოკიდებულებში, პრობლემის შეთითხვნაში თუ არა, მის გაზვიადებაში მაინც ადანაშაულებს. თუმცა, თუ ვაშინგტონელი თეოლოგის, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორ ჩესტერ გილისის მოსწრებულ ნათქვამს მოვიშველიებთ [ჩესტერ გილისის ხმა] ”ვფიქრობ, ბოსტონში ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამო ”ბოსტონ გლოუბის” დადანაშაულება იგივეა, უოტერგეიტის სკანდალი ”ვაშინგტონ პოსტს რომ დააბრალო”.

აქ შეგახსენებთ, რომ ”უოტერგეიტად” ცნობილია გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტის” თანამშრომლების მიერ გამოძიებული სკანდალი, რომლის გამო 1974 წელს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

პრესის დადანაშაულება კათოლიკური ეკლესიის პრობლემის უპასუხისმგებლოდ გაზვიადებაში კრიტიკას მართლაც ვერ უძლებს: შეერთებული შტატების პრესა, როგორც წესი, დაუფარავი მოწიწებით ეკიდება ტრადიციულ რელიგიურ ორგანიზაციებს. ბევრ გაზეთს დასაქმებული ჰყავს რელიგიის ექსპერტი – თავადაც მორწმუნე, რომელსაც რელიგიური ცხოვრების გაშუქება ევალება.

აი, ის კი ეჭვს არ იწვევს, რომ პრესის მიერ გახმაურებული სკანდალები, რომ იტყვიან, აისბერგის მწვერვალად უნდა მივიჩნიოთ: სქესობრივ ძალადობაში სასულიერო პირების დადანაშაულების შემთხვევები, სინამდვილეში, გაცილებით უფრო მეტი იყო. ბოსტონისა და კლივლენდის შესახებ რეპორტაჟებს შეერთებული შტატების სხვადასხვა კუთხეში კათოლიკე მღვდლების უხამს ქცევაზე ცნობების მთელი ტალღა მოჰყვა. მეტიც: სკანდალმა საერთაშორისო განზომილება შეიძინა და ავსტრალიიდან, ინგლისიდან, ირლანდიიდან და გერმანიიდან გავრცელებული ცნობებით გაიზარდა. მართალია, ყველა ცნობა რომის კათოლიკურ ეკლესიას არ ეხება, მაგრამ უმრავლესობა მაინც კათოლიკე სასულიერო პირების დანაშაულებრივ ქმედებას ამხელს, ხოლო ”მიწისძვრის” ეპიცენტრად კვლავინდებურად შეერთებული შტატები რჩება.

აი, რა უთხრა ჩვენს თანამშრომელს დონ ჰილს სკანდალისადმი ამერიკელების დამოკიდებულების შესახებ ვატიკანში გაზეთ ”ნეშნლ კათოლიკ რეპორტერის” კორესპონდენტმა, ჯონ ალენმა: [ჯონ ალენის ხმა] ”შეერთებულ შტატებში ბოლო ორი კვირის მანძილზე მოხდა ის, რომ სქესობრივი ძალადობით გამოწვეული კრიზისი გადაიქცა კრიზისად, რომელიც პასუხისმგებლობის პრობლემას უკავშირდება. ჩემი შეფასებით, ამერიკელი კათოლიკეების აღშფოთებას მღვდლები ნაკლებად იწვევენ. მათ ესმით, რომ მღვდლები ადამიანები არიან, ადამიანი კი ზოგჯერ საზიზღრობას სჩადის. ცხადია, ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხდება. აი, ეპისკოპოსების მოქმედება კი მართლაც დიდ აღშფოთებას იწვევს. ხალხს დაეუფლა გრძნობა, რომ ეპისკოპოსებმა მათ უღალატეს. ბრალდებების მისაჩქმალად ისინი ფულს იხდიდნენ; მოძალადეებს ხელს აფარებდნენ.”

ასეთ ვითარებაში ეწვია ვატიკანს აპრილის დამდეგს კათოლიკე ეპისკოპოსთა შეერთებული შტატების კონფერენციის პრეზიდენტი, ეპისკოპოსი უილტონ გრეგორი. მისი განცხადებით, რომის პაპი აპირებს, დაუყოვნებლივ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები.
XS
SM
MD
LG