Accessibility links

logo-print

საქართველოს ფინანსურ უწყებებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება


თავის დროზე საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდის ინტერესების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა.

მისი გაუქმების საკითხი მმართველ პარტიაში სხვადასხვა ძალებს შორის ურთიერთობის გამწვავებისთანავე წარმოიშვა. თუმცა არც მანამდე ყოფილა მარტივი ურთიერთობა ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროებს შორის. ახლა ამ დაპირისპირებამ პოლიტიკური ელფერიც შეიძინა და მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.

მიხეილ მაჭავარიანს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად მოღვაწეობის დროს არაერთხელ მოსვლია უთანხმოება თავის თანაგუნდელ, სიჯიუტით სახელგანთქმულ ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან. მაშინ საერთო პოლიტიკური ინტერესები უთანხმოების კონფლიქტში გადაზრდის შემაკავებელ ფუნქციას ასრულებდა. ახლა კი, როდესაც ნოღაიდელს შემოსავლების ახალ მინისტრ ლევან ძნელაძესთან პარტიული მიზნები აღარ აკავშირებს, ხელოვნურად შექმნილი შემოსავლების სამინისტროსა და, შესაბამისად, გადასახადების კონტროლის მექანიზმის ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლა გაჩაღდა.

ლევან ძნელაძის პოლიტიკური მფარველის ნუგზარ საჯაიას გარდაცვალების შემდეგ შემოსავლების მინისტრს თავდაპირველად სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის ინტერესები დაუპირისპირდა. მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო, მაგრამ, ძნელაძის გარდა, ბიუჯეტის შესრულება სხვა ჩინოვნიკებსაც მოეკითხებათ, თუმცა მთავარი შეტევის ობიექტად მაინც ახალდანიშნული შემოსავლების მინისტრი იქცა. ამ შემოტევას პოლიტიკურ დასაყრდენგამოცლილმა ლევან ძნელაძემ მთავრობის სხდომაზე მკაცრი განცხადებებით უპასუხა და პრეზიდენტის უკმაყოფილებაც დაიმსახურა. ოდნავ მოგვიანებით შემოსავლების სამინისტრომ ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაც სცადა და ისევ პრეზიდენტს დაუპირისპირდა.

ახლახან ძნელაძის უწყებას დაქვემდებარებული საბაჟო სამსახურის უფროსმა ლევან ქისტაურმა განაცხადა, რომ მებაჟეები ფოთის პორტსა და თბილისის აეროპორტს ვერ აკონტროლებენ. ამის მიზეზი კი პრეზიდენტის საიდუმლო ბრძანებულება ყოფილა, რომელიც მებაჟეებს პორტისა და აეროპორტის შემოწმების უფლებას მხოლოდ ადგილობრივი ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ აძლევს. ლევან ქისტაურის აზრით: [ქისტაურის ხმა] „რომ გადაადგილებულიყო ასეთ ზონაში, საშვი უნდა აეღო ისევ იმ ზონის ხელმძღვანელისაგან, აი ეს არის კომიკური სიტუაცია. რომ მოგცემ საშვს და მე რომ თქვენ გეტყვით, მობრძანდითთქო, შესაბამისად მომზადებულიც დაგხვდებით“[სტილი დაცულია].

ეს განცხადება განსაკუთრებული ვნებათაღელვის მიზეზი გახდა 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის სხდომაზე. დეპუტატები გაკვირვებულები იყვნენ იმ ფაქტით, თუ რატომ არ ასახელებს მთავრობის სხდომაზე ლევან ძნელაძე მისი საქმიანობისათვის ხელის შემშლელ ფაქტებსა და პიროვნებებს. კომიტეტის თავმჯდომარის ვიტალი ხაზარაძის განცხადებით:

[ხაზარაძის ხმა] „ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ აღმოაჩნდა სურვილი ამ პრობლემის მოგვარებისა. რადგან მან ეს ყველაფერი იცის, მაგრამ არ აქვს სურვილი. საკითხავია რატომ?“[სტილი დაცულია]

ხაზარაძის ამ კითხვას შეიძლება ვუპასუხოთ ვარაუდით: ალბათ, იმიტომ, რომ ძნელაძე სახელისუფლებო-პოლიტიკურ თამაშებში დამოუკიდებლად მოქმედების გამოცდილებასაა მოკლებული, ანუ ის, რაც ძნელაძეს სხვაზე შეტევის იარაღი ჰგონია, რეალურად მის წინააღმდეგ არის მიმართული. ამას ემატება ისიც, რომ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შემოსავლების სამინისტროთია დაინტერესებული.

[ნოღაიდელის ხმა] „ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ერთიანი ფინანსთა სამინისტრო. თანხების მობილიზაციაც და ყველა ტიპის შემოსავლის მობილიზაციაც - საგადასახადოსი და არასაგადასახადოსი - ისევე როგორც ამ თანხების განკარგვა, არის ერთი ფისკალური უწყების, ფინანსთა სამინისტროს, პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, ამ მოდელამდე მივალთ ჩვენ საქართველოშიც.“

ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ სხვაგვარად გადასახადების ამოღების სფეროში წესრიგი ვერ დამყარდება. ლევან ძნელაძე ნოღაიდელის ასეთ განცხადებებს სხვის კომპეტენციაში შეჭრას უწოდებს.

[ძნელაძის ხმა] „უმჯობესია ყველამ თავისი საქმე აკეთოს და თავის პრობლემებს მიხედოს და ამით საერთო საქმე გაკეთდება.“









ძნელაძე თვლის, რომ ნოღაიდელი ამ დაპირისპირებას მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მას ფისკალურ პრობლემებთან საერთო არაფერი აქვს.

თუ რით დამთავრდება ეს პოლიტიკურ-უწყებრივი დაპირისპირება ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე ნოღაიდელის პოზიციები უფრო მყარად გამოიყურება, მან გადასახადებისა და შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტის მხარდაჭერა მოიპოვა. კომიტეტმა 19 აპრილის გადაწყვეტილებით პრეზიდენტს ლევან ძნელაძისა და ლევან ქისტაურის საკითხის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვა მოსთხოვა. საბოლოო ჯამში კი პოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად ქცეული სახელმწიფოს ბიუჯეტი და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება.
XS
SM
MD
LG