Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, კოდორში ვითარება სტაბილურია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კვირის ბოლოს კოდორის ხეობის ირგვლივ მიმდინარე ვნებათაღელვა ოდნავ ჩაცხრა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით,

ოფიციალური თბილისი სრულად აკონტროლებს კოდორში სიტუაციას და უახლოეს ხანში იქ ვითარების დესტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაბამისი სტუქტურები სრული მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ.

“ მდგომარეობა უცვლელია”, “სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საგანგაშო არაა” – ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ 20 აპრილს გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსული უმაღლესი თანამდებობის პირები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სახელმწიფო საიდუმლოების გამო, ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რას ეფუძნება მათი ოპტიმიზმი იმ განცხადებების შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე რომ ზაფრავდა მოსახლეობას.

ფაქტი ერთია – ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია, რა ხდება კოდორის ხეობაში. კონფლიქტში მონაწილე მხარეები მხოლოდ ერთმანეთის ბრალდებებით არიან დაკავებულნი. ოფიციალური თბილისი, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კოდორის ხეობის მისადგომებთან აფხაზთა და რუსთა სამხედრო ძალების კონცენტრაციის შესახებ აკეთებს განცხადებებს. აფხაზური მხარე, პირიქით, ქართულ მხარეს სდებს ბრალს კოდორის ხეობაში რეგულარული სამხედრო არმიის ნაწილების თავმოყრაში. ამავე დროს, ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა კოდორის ხეობის მიდამოების მონიტორინგი განახორციელონ ამ განცხადებების საფუძვლიანობის დასადგენად.
რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ, კოდორის ხეობის განსაკუთრებული სტრატეგიული მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულიადაც არ იქნებოდა გასაკვირი, სოხუმის ხელისუფლებას ამ მაღალმთიანი რეგიონის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა არ ასვენებდეს. ფაქტია, რომ ნებისმიერი სამხედრო პირი, აფხაზეთში საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, მანევრებისთვის სწორედ კოდორის ხეობას გამოიყენებდა. საინტერესოა ისიც, რომ კოდორის ხეობისადმი სოხუმის ხელისუფლების ყურადღება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის არსებობა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ცნობის გავრცელებისთანავე სოხუმმა განაცხადა, რომ ამერიკული დახმარება, პირველ რიგში, აფხაზეთის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული. ოფიციალური თბილისის მტკიცებამ, რომ იგი კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება, აფხაზური მხარე ვერ დაარწმუნა.

ამასობაში, გაუგებარია, ბოლოს და ბოლოს, როდის დაიწყება ის ქართულ-ამერიკული პროგრამა, რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში, რუსეთში. პრეზიდენტ შევარდნაძის განმარტება, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ ენას სწავლობენ, ქართველ სამხედროებთან ურთიერთობის დასამყარებლად, თითქოს ამერიკელების ჩამოსვლის გადადების ნიშანი უნდა ყოფილყო, მეორე მხრივ კი, უშიშროების საბჭოდან გამოსული ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ამერიკულ პროგრამაში ჩართული ქართველი სამხედროების დასაფინანსებლად ხუთნახევარი მილიონი ლარი უკვე დღეს გადაირიცხება თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პროგრამა უახლოეს დღეებში დაიწყება.
XS
SM
MD
LG