Accessibility links

logo-print

კოდორის ინციდენტის განსხვავებული შეფასებები


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რა გამოხმაურება ჰპოვა წინა კვირის რუსეთის პრესაში კოდორის ინციდენტმა. ამ თემაზე გამოქვეყნებული ორიოდე წერილის შესახებ გესაუბრებით.



16 აპრილის გაზეთი “იზვესტია” იმოწმებს რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის, გენერალ-მაიორ ალეკსანდრ ევტეევის განცხადებას, რომლის მიხედვით, “12 და13 აპრილს კოდორის ხეობის ზედა წელში, სოფელ აჟარასთან განხორციელებული პატრულირების დროს, რუსეთის მშვიდობისმყოფელებმა აღმოაჩინეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სასაზღვრო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები და შეიარაღებული სამოქალაქო პირები”.

გენერალ ევტეევის ერთმა ხელქვეითმა კი “იზვესტიას” განუცხადა, რომ “კოდორის ხეობის იმ ნაწილში, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს, თავი მოიყარა რამდენიმე ასეულმა ჩეჩენმა ბოევიკმა, დაქირავებულმა უცხოელებმა, აგრეთვე, “ტყის ძმებისა” და “თეთრი არწივის” პარტიზანებმა”.

თუმცა მანამდე გაზეთში აღნიშნულია, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელების გამო აღშფოთებას ვერ მალავს საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე. მისი თქმით, “ცნობები ტერორისტების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა კარგად გათვლილილი პროვოკაცია”. გარდა ამისა, გენერალმა ჩხეიძემ განაცხადა: “სახელმწიფო, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, არ არსებობს. ამდენად, არსებობს საზღვარი არა აფხაზეთსა და რუსეთს შორის, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელსაც ჩვენ ვიცავთ”.

19 აპრილის “ნეზავისიმაია გაზეტამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ელჩთან რუსეთში, ზურაბ აბაშიძესთან.

კოდორის ინციდენტთან დაკავშირებით, ელჩი აღნიშნავს, რომ “ხეობაში ტაქტიკური დესანტის გადმოსხმამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის სამშვიდობო ძალების პატრულებმა და გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფმა კოდორში ერთობლივი მონიტორინგი ჩაატარეს და კმაყოფილება გამოთქვეს ერთობლივი პატრულირების აღდგენის გამო”.

ზურაბ აბაშიძემ გაზეთს განუცხადა, რომ 10 აპრილისათვის ხეობიდან გაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, 2 აპრილს ხელმოწერილი ოქმის თანახმად, დარჩნენ მხოლოდ მესაზღვრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რაც არ ეწინააღმდეგება ხელმოწერილ ოქმს”.

რაც შეეხება მესაზღვრეებს, – ამბობს საქართველოს ელჩი, – საზღვრების გაკონტროლება მათი მოვალეობაა, შეიარაღებული სვანები კი - ამ რეგიონის განსაკუთრებული თავისებურება: “ისინი საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ შეიარაღებულები და დღეს, როცა ესოდენ მწვავედ დგას თავდაცვის საკითხი, განიარაღებას ნამდვილად არ აპირებენ”.

“ნეზავისიმაია გაზეტა” აღნიშნავს, რომ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ხელმღვანელის, გენერალ ანის ბაჯვას შეფასებით, “კოდორის ინციდენტი მთლიანად ეწინააღმდეგება სამშვიდობო ოპერაციის ნორმებს”.

ამ შეფასებასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა გაზეთს განუცხადა, რომ “რუსეთის დესანტი ცალმხრივად და აგრესიულად მოქმედებდა”.

მისი თქმით, “ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მხარე არა იმდენად სამშვიდობო პროცესის მოგვარებით არის დაინტერესებული, რამდენადაც სოხუმის რეჟიმის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ცოტას თუ ახსოვს ეთნიკური წმენდები აფხაზეთში, ათეული ათასობით ქართველი დევნილი. არადა, ეს არის საკვანძო პრობლემა, რომლის გადაჭრის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. საუბრობენ გელაევის გარღვევის გამეორების შესაძლებლობაზე, აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე, მაგრამ როდესაც 1992-93 წლების კამპანიის პერიოდში ჩეჩნები ავტობუსებით ორგანიზებულად ჩაჰყავდათ სოხუმში სეპარატისტების მხარდასაჭერად, ისინი “გმირებად” მიაჩნდათ და მათ სახელებს აფხაზეთში ქუჩებს არქმევდნენ. ამჟამად, როცა ამ ადამიანებმა აფხაზების წინააღმდეგ მომართეს იარაღი, ისინი “ბანდიტებად და ტერორისტებად” იქცნენ.

ამიტომაც ჩნდება კითხვები: საიდან აქვს სოხუმს მძიმე ჯავშანტექნიკა, სამხედრო კატარღები, ავიაცია? ვინ უმაგრებს ზურგს სეპარატისტულ რეჟიმს? რატომ ჰპოვებს სოხუმი რუსეთის გარკვეული ძალების მხარდაჭერას მაშინ, როცა კავკასიის სხვა ნაწილში რუსეთი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება სეპარატისტებს?

“ეს ნამდვილად არ არის უბრალო კითხვები. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის კულტივირება,” - განუცხადა საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ “ნეზავისიმაია გაზეტას”.
XS
SM
MD
LG