Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ ქმნის პარამილიტარისტულ დაჯგუფებებს საქართველოში?


სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და ქვეყნის ტერიტორიაზე "ცხელი წერტილების" არსებობა,

მოსახლეობას საკუთარი თავდაცვითი რაზმების ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს. საქართველოში დღეისთვის მოქმედებს რამდენიმე პარამილიტარისტული ორგანიზაცია, რომელთა ძირითად მიზანს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა და ინვალიდი მებრძოლებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების მოზიდვას წარმოადგენს. თუმცა, დეკლარირებული პრინციპების განხორციელების ნაცვლად, გასამხედროებული კავშირების წევრები უფრო ხშირად პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობენ და ეს ტენდენცია, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე, კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება.

გასამხედროებული ორგანიზაციების შექმნის ისტორია საქართველოში საბჭოთა სისტემის რღვევისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურების კვალდაკვალ დაიწყო, ხოლო ამ პროცესმა თავის პიკს 1989 წლის 9 აპრილის თბილისის მოვლენების შემდეგ მიაღწია. საბჭოთა სამხედროების მიერ ჩადენილი ვანდალური ხოცვა-ჟლეტის ფაქტმა მძიმედ იმოქმედა შელახულ ეროვნულ თავმოყვარეობაზე. მაშინ ქართველი ოფიცრები, პროტესტის ნიშნად, მასიურად ტოვებდნენ საბჭოთა არმიის რიგებს და ნებაყოფლობით წევრიანდებოდნენ პარამილიტარისტულ ქართულ ორგანიზაციებში, რომელთა მთავარ ამოცანას ქართველი მოსახლეობის დაცვა და ეროვნული მოძრაობის ლიდერთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ასეთ დაჯგუფებათა შორის პირველ ხანებში განსაკუთრებული აქტიურობით "მხედრიონის", "იმედის", "მერაბ კოსტავას საზოგადოებისა" და "ეროვნული გვარდიის" რეგიონული ორგანიზაციები გამოირჩეოდნენ. თუმცა მათ კრედოს არა ერთიანი სტრატეგიული მიზანდასახულება, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებდა. თუ "მხედრიონი" ეროვნულ კონგრესში შემავალ ძალებს თანაუგრძნობდა, ხოლო "იმედი" - სახალხო ფრონტს, "ეროვნული გვარდია" და "მერაბ კოსტავას საზოგადოების" შეიარაღებული რაზმები მთლიანად "მრგვალი მაგიდის" პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებდნენ.
ასეთ "ფარვატერში" მოქმედ პარამილიტარისტულ დაჯგუფებებს შორის კი, ბუნებრივია, ძალიან ხშირად ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას პოლიტიკურ ნიადაგზე, რასაც მათ რიგებში არსებული აგენტურაც უწყობდა ხელს.
ეს დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა "მრგვალმა მაგიდამ", თავისი მხარდამჭერი სამხედრო ძალების ბაზაზე, "ეროვნული გვარდიის" ფორმირება დაიწყო, ხოლო ორგანიზაცია "მხედრიონი", რომელსაც ეროვნული კონგრესის მხარე ეჭირა, კომუნისტურ ძალებთან ალიანსში დაადანაშაულა.

ამას მალე მოჰყვა "მხედრიონის" დარბევა შავნაბადაზე, რაშიც ამიერკავკასიის ჯარების დაჯგუფების სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. სამხედრო ოპერაციის შედეგად, "მხედრიონის" ბაზა ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო ამ ორგანიზაციის ლიდერები და, მათ შორის, ჯაბა იოსელიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა.
მაგრამ ზვიად გამსახურდიასთვის გაცილებით საშიში მისივე ბრძანებით შექმნილი სამხედრო ძალა და მისი ამბიციური ხელმძღვანელი თენგიზ კიტოვანი აღმოჩნდა, რომელმაც ორად გახლიჩა "ეროვნული გვარდია" და გადამწყვეტი როლი შეასრულა პირველი პოსტკომუნისტური ქართული ხელისუფლების დამხობაში.

ამ პერიოდიდან საქართველოში თითქმის იმდენი პარამილტარისტული დაჯგუფება გაჩნდა, რამდენი პოლიტიკური ძალაც არსებობდა. შესაბამისად, ისინი ლოიალურად იყვნენ განწყობილნი თავიანთი პირადი ხელმძღვანელის და არა კანონის მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის დაკარგვით დასრულდა.
და ეს მაშინ, როცა, სხვადასხვა მონაცემებით, 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან 50 000- ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ დაქსაქსული და ერთმანეთზე სამტროდ გადაკიდებული პარამილიტარისტული დაჯგუფებები იატაკქვეშა არსებობას აფხაზეთის მარცხის შემდეგაც განაგრძობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსებმა მათზე გავლენა შეასუსტეს, ისინი სულ უფრო აქტიურად ეძებენ ერთმანეთთან დაკავშირების გზებს.
შარშან, 17 ოქტომბერს, შერიგების მანიფესტს ყველაზე დაპირისპირებულმა ძალებმა - "მხედრიონმა" და ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. პრესისთვის გაკეთებულ მიმართვაში ჯაბა იოსელინმა და ბადრი ზარანდიამ აღნიშნეს, რომ ისინი ქმნიან "სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირს", რომელიც არ აპირებს პოლიტიკაში ჩარევას და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა მიმდინარე წლის 16 მარტს ვეტერანთა 16 არასამთავრობო ორგანიზაცია. იმავე დღეს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე გამართულ ფიცის მიღების ცერემონიალზე დაპირისპირებული ბანაკების წარმომადგენელმა მეომრებმა განაცხადეს, რომ ამიერიდან წყვეტენ კავშირს პოლიტიკურ პარტიებთან და არც სხვებს მისცემენ უფლებას პოლიტიკური დაპირისპირების არენად გადააქციონ საქართველო.

მაგრამ, როგორც ირკვევა, სამხედროებს პოლიტიკოსთა ფარვატერიდან გამოსვლა და მიუკერძოებელი არსებობა ძალზე უჭირთ.

პირველად ბრჭყალები ბადრი ზარანდიას მომხრეებმა გამოაჩინეს, რომლებიც რამდენჯერმე არაპოლიტიკური მეთოდებით გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს. ხოლო პარამილიტარისტული გაერთიანების - "ვეტერანთა სათათბიროს" - უკან მდგარ ძალებს შორის სულ უფრო იკვეთება ქვემო ქართლის გუბერნატორ ლევან მამალაძის ფიგურა, რომელსაც, ასევე, თავისი ანგარიშები აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან. და, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელები ჯერჯერობით მხოლოდ იდაყვებით და მგზნებარე სიტყვებით იგერიებენ სამხედრო და პოლიტიკური ოპონენტების იერიშებს, მოვლენები შემდგომშიც თუ ასე განვითარდა, არ არის გამორიცხული, რომ პარამილიტარისტული სამხედრო ძალა "ნაციონალური მოძრაობის" წიაღშიც იშვას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG