Accessibility links

logo-print

როგორ აისახა გასული კვირის პრესაში კოდოროს ხეობის და, საერთოდ, ქართულ-აფხაზური


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორ აისახა გასული კვირის პრესაში კოდოროს ხეობის და, საერთოდ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გარშემო შექმნილი ვითარება.

19 აპრილის “დილის გაზეთის” თქმით, “ქართული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აფხაზი სეპარატისტები იერიშისათვის ემზადებიან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის განცხადებით, აფხაზური არმიის ქვედანაყოფები კოდორის მისადგომებთან, კერძოდ, სოფელ წებელდასა და ლათას მიდამოებში იყრიან თავს. უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას ინფორმაციით, აფხაზებისა და, ე.წ., რუსი მშვიდობისმყოფლების კონცენტრაცია ტყვარჩელის რაიონშიც შეიმჩნევა. ამასვე ამტკიცებს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანიც, თუმცა, თუ დიტერ ბოდენს დავუჯერებთ, აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ რუსულ-აფხაზური საჯარისო ფორმირებების გეგმური როტაცია მიმდინარეობს და არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ კოდორის ხეობაში საომარი მოქმედებები დაიწყება. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ კოდორის ხეობა კიდევ ერთხელ ხდება ქართულ-რუსული დაპირისპირების მიზეზი და საბაბი”.

“დილის გაზეთში”, აგრეთვე, ნათქვამია:

“დღეს ხშირად კითხულობენ – არის თუ არა კოდორის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოება გარანტირებული. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და ეს ბუნებრივია, რამეთუ ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ როსტოვის ან მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი ხეობას ბომბებს არ დააყრის, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამ თვითმფინავს ვერაფერს ვუპირისპირებთ”.

19-22 აპრილის გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს, რომ “ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო აქტუალური ჩანს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების საკითხი. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გუშინდელ ხმაურიან სხდომაზე ითქვა, ძალოვანი უწყებები 2002 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ მწირ დაფინანსებასაც კი ვერ იღებენ. საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია საჭიროდ მიიჩნევს “სპეცფონდის” შექმნას – თოთოეულ სამინისტროს უნდა შეეძლოს თავისი მოქმედების დაფინანსება ასეთი ფორსმაჟორული ვითარებისას”.

“ახალი ეპოქის” თქმით, “საქართველოს ხელისუფლება დაძაბულად მუშაობს. ერთი მხრივ, ოფიციალური თბილისი რეალურად არსებული საფრთხის მოსაგერიებლად ემზადება, მეორე მხრივ კი, წინმსწრებ “საინფორმაციო-პროფილაქტიკურ ომშია” ჩაბმული. ასეთმა ტაქტიკამ პანკისის პრობლემით დასავლეთის დაინტერესებაში დიდად გაამართლა და არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ანტიტერორისტულ სამიზნეში აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმიც მოექცეს”.

20 აპრილის გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” წერს, რომ “წინა დღეს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან გაიმართა უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა, რომელზეც განიხილეს კოდორის ხეობასთან დაკავშირებული საკითხები. სხდომას არ ესწრებოდნენ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ იოსელიანი, რომლებიც ჭუბურხინჯში მიმდინარე ოთხმრივ შეხვედრაში მონაწილეობდნენ”.

გაზეთის ცნობით,

“როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო 13 აპრილსა და შემდგომ პერიოდში მომხდარი მოვლენების გაანალიზება და იმის გარკვევა, თუ როგორი ტენდენციები იკვეთება რეალურად – იზრდება საფრთხე, თუ უფრო სტაბილური ხდება მდგომარეობა”.

ედუარდ შევარდნაძის თქმით, “ინფორმაციები ძალიან სერიოზულია. ფაქტია, რომ რუსეთიდან შემოდის გარკვეული ძალები. რაოდენობაზე არ ვლაპარაკობთ, არც ციფრებს ვასახელებთ, მაგრამ გარკვეული ძალები ახერხებენ შემოსვლას და აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებას”.

საქართველოს პრეზიდენტმა, აგრეთვე, აღნიშნა: ”ჩვენი ამოცანა დღეს ის არის, რომ განვახორციელოთ ყველა ღონისძიება, რათა არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ კოდორზე თავდასხმა, მით უმეტეს, კოდორის დატოვება. ეს გამორიცხული უნდა იყოს”.

ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის მოსახლეობასაც მიმართა, კერძოდ კი, განაცხადა:

“ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად დავამთავროთ ყველაფერი. არავითარი გეგმები თავდასხმისა და არავითარი გეგმები, რომ რაღაც ახალი ოპერაციები წამოვიწყოთ, არ გაგვაჩნია. მე, როგორც პრეზიდენტი, ორიენტირებული ვარ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე. აქ არიან გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, მეთვალყურეები და სხვები და მათთან ერთად უნდა შევძლოთ, რომ საერთო ენა გამოვნახოთ”.

20 აპრილის გაზეთ “ახალი თაობის” ვარაუდით, “მიუხედავად იმისა, რომ გუშინ შევარდნაძესთან საგანგებო თათბირიდან გამოსული ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ კოდორში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს, სინამდვილეში ასე ნამდვილად არ არის და მათი გულწრფელობა საკმაოდ საეჭოდ გამოიყურება”.

გაზეთის თქმით, 19 აპრილის სხდომა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვეულებრივზე მეტად გაბრაზებული პრეზიდენტი შევარდნაძე თავდავცის მინისტრ დავით თევზაძეს დაუპირისპირდა. “ახალი თაობის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით:

“არ არის გამორიცხული, რომ დავით თევზაძემ თანამდებობა დატოვოს. უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე პრეზიდენტი შევარდნაძე მისი შესაძლო წასვლის შესახებ საუბრობდა. უფრო კონკრეტულად კი ვიტყვით, რომ ის კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას დავით თევზაძეს აკისრებდა”.

შემდეგ გაზეთი წერს:

“რას ერჩის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან საქმიანად და პროფესიონალად გამოიყურება. როგორც ჩანს, მიზეზი არსებობს. საქმე ის არის, რომ თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის არგამოყვანაზე. თუმცა, მოვლენები როგორც განვითარდა, ყველამ კარგად იცის – საქართველომ გაეროს მოთხოვნა შეასრულა და ჯარები გამოვიყვანეთ. ეს ის არის, რაც დღის სინათლეზე გამოჩნდა, მაგრამ რა იყო ამ ყველაფრის უკან, არავინ იცის. ეტყობა, იციან შევარდნაძემ და თევზაძემ - საყვედურის საფუძველიც, ალბათ, ამაში უნდა ვეძებოთ”.

20 აპრილის “დილის გაზეთი” წერს, რომ “ძალოვანი სტრუქტურები ინტენსიურად ავრცელებენ ცნობებს კოდორში ვითარების უკიდურესად დაძაბვის შესახებ. გუშინ ამ საკითხს პარლამენტის ბიუროს კიდევ ერთი საგანგებო სხდომა მიეძღვნა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ კოლეგებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ უკანასკნელი ცნობები მიაწოდა. მაგალითად, გაძლიერებულია პატრულირება გალი-სოხუმის ცენტრალურ გზაზე, მზადყოფნაშია ჰოსპიტლები, მთიან რეგიონებში დაკავებულია რამდენიმე სიმაღლე და სხვ”.

გაზეთის თქმით, “ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ძნელია, მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებაზე ესაუბრო. თუმცა თავად გიორგი ბარამიძეც და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც სწორედ პანიკისგან თავის დაზღვევაზე საუბრობდნენ”.

“დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ “20 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ხელმძღვანელის გარეშე მიემგზავრება მაშინ, როცა ევროსაბჭოს ბიუროს სხდომაზე მხოლოდ დელეგაციის ხელმძღვანელს ეძლევა დასწრების და დღის წესრიგში საკითხის დასმის უფლება. ჩვენს დელეგაციას კი კოდორის მოვლენებზე უნდა ემსჯელა, რადგან შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის და, მით უმეტეს, ევროსაბჭოს მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, პარლამენტმა, გარკვეულ პოლიტიკურ ძალთა ძალისხმევის შედეგად, დელეგაციის ხელმძღვანელის კანდიდატად წარდგენილი ზურაბ ჟვანია ამ თანამდებობაზე არ დანიშნა. უფრო სწორად, ჟვანია იძულებული გახდა თავადვე მოეხსნა კანდიდატურა. იგი დელეგაციის რიგითი წევრის სტატუსით მიემგზავრება. თუმცა დელეგაციის წევრებს აქვთ უფლება, იგი ევროსაბჭოს სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მაინც წარადგინონ”.
XS
SM
MD
LG