Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა საქართველოს საზღვარი? ეს რიტორიკული კითხვა


სჭირდება თუ არა საქართველოს საზღვარი? ეს რიტორიკული კითხვა,

გასულ კვირაში მომხდარი ამბების გათვალიწინებით, კიდევ უფრო რიტორიკულად ჟღერს, თუმცა, სწორედ გასულ კვირაში მომხდარი ამბების გამო, დღეს ამ კითხვას ყველა ერთნაიარად იგებს - სიტყვა "საზღვარი" ახლა ჩრდილოელი მეზობლისგან დაცვას უფრო გულისხმობს, თანაც, ამ სიტყვის საკმაოდ უჩვეულო ინტერპრეტაციით: გვჭირდება საზღვრის გამაგრება და რუსეთის აგრესიისგან დაცვა, მაგრამ არ გვჭირდება სავიზო რეჟიმი და არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება გამოსვლა რუსეთ-საქართველოს ერთიანი კულტურული სივრციდან. სწორედ იმ დღეს, როცა რუსული დესანტი კოდორის ხეობაში შევიდა, სანქტ-პეტერბურგში ტაშს უკრავდენ თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მსახიობებს, რომლებმაც თეატრალურ ფესტივალზე "ბალტისკი დომ" თავიანთი გახმაურებული სპექტაკლი "რაშენ ბლუზი" წარმოადგინეს. სპექტაკლის დამდგმელი ავთო ვარსიმაშვილი არ მოერიდა თანამედროვე რუსული საზოგადოების გაქილიკებას, თუმცა, როგორც გრიბოედოვის თეატრის მესვეურებმა გვითხრეს, სანქტ-პეტერბურგში ქართველებს მაინც ოვაციებით შეხვდნენ; "რაც გინდათ, ის ითამაშეთ, ოღონდ ჩვენთან ჩამოდით, ოღონდ ისევ ერთად ვიყოთ... თქვენი ჭირიმე, ქართველებო!" - სწორედ ასეთი ქვეტექსტი იგრძნობოდა, ალბათ, იმ გულთბილ მიღებაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგის თეატრალებმა გრიბოედოველებს მოუწყეს. და არა მარტო იმიტომ, რომ ქართველებმა რუსულად ითამაშეს "რაშენ ბლუზი"... გრიბოედოვის თეატრის გასტროლების დასრულებისთანავე მოსკოვში გაემგზავრა რუსთაველის თეატრის დასი, რომელიც აქ რობერტ სტურუას ოთხი სპექტაკლით წარდგება. თბილისში კი, სწორედ მაშინ, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის კინაღამ ომი დაიწყო, ოპერის თეატრში სანქტ-პეტერბურგელი მოცეკვავეების ირმა ნიორაძისა და ევგენი ივანჩენკოს გასტროლები შედგა. ივანჩენკო, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ირმა ნიორაძის სახელოვან პარტნიორებს ფარუხ რუზიმატოვს (სხვათა შორის, სწორედ მისი წყალობით გახდა ირმა პეტერბურგის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი), ვერც ხულიო ბოკას და ვერც კარლოს აკოსტას, მაგრამ თბილისელი ბალეტის მოყვარულთათვის ასეთი დონის მოცეკვავის გასტროლები მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობ, არც "დონ კიხოტია" ის წარმოდგენა, რომელიც ირმა ნიორაძის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს. პირიქით, ალბათ, სწორედ ამ პარტიაში იგრძნობა ყველაზე მეტად რუსეთში გადახვეწილი ქართველი ბალერინის ნაკლი - გადაჭარბებული ემოციები და მანერულობა. რუსულ და დასავლურ პრესას თუ დავუჯერებთ, ირმა ნიორაძე გაცილებით უფრო საინტერესოა მოდერნის სტილის ბალეტებში (სხვათა შორის, პეტერბურგელმა ფერმწერმა ალექსანდრ კატაევმა ნიორაძისგან ვრუბელის დედოფლის სახე შექმნა და ბალერინა მოდერნის სტილის სამოსში გამოაწყო); ამბობენ, რომ იგი, უბრალოდ, გენიალურია "კარმენში", სადაც, პირველად რუსული ბალეტის ისტორიაში, კარმენისგან პრინციპულად ვულგარული სახე იქმნება. მაგრამ თბილისელი მაყურებელი, ალბათ, ვერც ვერასდროს იხილავს ნიორაძის საუკეთესო სპექტაკლებს, თუნდაც "ფასკუნჯს" ან "ლეგენდას სიყვარულზე"; ჩვენ იმაზეც მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ბალეტის "რკინის ლედი" საქართვლოში ჩამოვიდა და "დონ კიხოტში" მაინც იცეკვა. "რკინის ლედი" კი ირმა ნიორაძეს შემთხვევით არ შეარქვეს - "დონ კიხოტის" ჩვენებურ, კუსტარულ დადგმაშიც კი გამოჩნდა, თუ რაოდენ მომთხოვნია ეს ტემპარემენტული ბალერინა თავისი პარტნიორების მიმართ, რაოდენ რთულია, ასე ვთქვათ, "ფეხი აუწყო" ირმა ნიორაძეს, რომელსაც დღესაც საოცარი ტექნიკური სიზუსტე ახასიათებს, იმის მიუხედავად, რომ მან თავის დროზე ბალეტის მსახიობისთვის საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო - ბავშვი გააჩინა და ისევ დაუბრუნდა სცენას (თვენახევრის ფეხმძიმე იყო, როცა ავრორა იცეკვა "მძინარე მზეთუნახავში"). პირადად მე მომეჩვენა, რომ ამ წლინახევრიანმა შემოქმედებითმა პაუზამ თავისი ხიბლი მიანიჭა ბალერინას - თბილისში გამართულ სპექტაკლებში იგი ნაკლებად ინფანტილურად გამოიყურებოდა. ამავე დროს, ნიორაძე ისევ არ ემორჩილება "პეტერბურგის ცივი ბალეტის" მოთხოვნებს - მისი ტემპერამენტი ისევ დაუოკებელია. თუმცა ასეთი განზოგადებაც არ უნდა იყოს მართებული - ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ ცეკვავს იგი პეტერბურგში დადგმულ "დონ-კიხოტში".

როგორც წესი, ირმა ნიორაძის შემოქმედებაზე საუბრისას, ბალეტის სპეციალისტები ამ მოცეკვავის გამორჩეულ მუსიკალურობაზე საუბრობენ ხოლმე. თუმცა ბალერინის მუსიკალურობის წარმოჩენას, პირველ რიგში, ორკესტრმა უნდა შეუწყოს ხელი - ჩვენი ორკესტრი კი 15 აპრილს გამართულ სპქტაკლზე, აშკარად, დაბნეული ჩანდა - "რკინის ლედის" მომთხოვნელობას მან ნამდვილად ვერ გაუძლო. რუსეთიდან ჩამოსულმა ქართველმა ბალერინამ თავისი სამხრეთული ტემპერამენტით სრულიად დაჩაგრა ამ ტემპერამენტს აბსოლუტურად მოკლებული ქართული ორკესტრი. ეს კი საქართველოში აღარავის უკვირს - ძალიან ხშირად ახალი "თერგდალეულები" ქართული კულტურის საუკეთესო ტრადიციებს უკეთ ინარჩუნებენ და, რაც მთავარია, ამ ტრადიციებს უკეთ ავითარებენ, ვიდრე ისინი, ვისაც საქართველოში უხდება მოღვაწეობა. და არა მარტო ბალეტში. თავის დროზე მხატვარმა-კონცეფტუალისტმა კოტე ჯინჭარაძემ საუკეთესო პროექტები სწორედ რუსეთში განახორციელა. იმხანად ინტელექტუალური ავანგარდი საქართველოში პოპულარული არ იყო (ქართველი კონცეფტუალისტების ლიდერს, გია ეძგვერაძეს, მაგალითად, სწორედ ამის გამო მოუხდა გერმანიაში გამგზავრება). მაგრამ, ამასობაში, დრო შეიცვალა და დღეს კოტე ჯინჭარაძეს უკვე სურათების სახელმწიფო გალერეაში მისცეს პერსონალური გამოფენის მოწყობის საშუალება. თუმცა რატომღაც მგონია, რომ გალერეის მესვეურები ამ შემთხვევაში არა იმდენად კოტე ჯინჭარაძის კოლაჟებმა, რამდენადაც ამ ახალი პროექტის სახელწოდებამ მოხიბლა. - "რატომ არ აშენდა დიდი ქართული კედელი" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 14 აპრილს გაიხსნა "ცისფერ გალერეაში". ექსპოზიციის ავტორი კოტე ჯინჭარაძეა და ეგრეთ წოდებული "მხატვრული პროექტების ინსტიტუტი", რომელიც თავად მხატვრის მიერაა შეთხზული. ისევე როგორც შეთხზულია "დიდი ქართული კედლის" ისტორია, რომელსაც პროექტის ავტორი გვიამბობს. [კოტე ჯინჭარაძის ხმა]: "ისტორიაში წავედი ცოტა...მე-12 საუკუნის ბოლოს საქართველო უკვე ისეთი ძლიერი სახელმწიფო იყო, რომ შეეძლო კედლის აშენება, თუკი ამის ნება იქნებოდა ხელისუფლებისა და ხალხის მხრიდან. ეს მომენტი თითქოს გაუშვა საქართველომ და ეს იყო ჩვენი ხასიათიდან და იმ დაპირისპირებიდან გამომდინარე, რაც ჩვენში არის. საერთო საქმისთვის ნაკლებად იბრძვიან და ამ კედელსაც ასეთი ბედი ეწია."

კოტე ჯინჭარაძეს, როგორც ნამდვილ მხატვარ-კონცეფტუალისტს, ძალიან უყვარს თეორიული მსჯელობა, მისტიფიკაციები, შეთხზული ფაქტებით თამაში - ე. ი. "კოლაჟი" არა მარტო სურათზე, არამედ "სიტყვების კოლაჟიც", რომელსაც გამოფენის დამთვალიერებელი ავტორის მიერ შედგენილ კატალოგში გაეცნობა. ამ კატალოგში დაწვრილებითაა აღწერილი, თუ როგორ დაიწყო, ეგრეთ წოდებული, "დიდი კედლის" მშენებლობა 1229 წლის საქართველოში და რამ შეუშალა ხელი "ზღუდე საოცარის" აგებას.

"მსჯელობის ასაგებად მოვიშველიე "დასაშვები ლოგიკა", ანუ ვარაუდის ლოგიკა, რომელიც არსებული ან არარსებული ფაქტის დასაშვებ ამპლიტუდას აყალიბებს და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე ასაბუთებს მის შესაძლო არსებობას ან უფლებას ასეთი ფაქტის არსებობაზე," - წერს კოტე ჯინჭარაძე. "ვარაუდის ლოგიკა" ყველა კონცეფტუალისტს ახასიათებს, თუმცა საეჭვოა ასეთი მსჯელობა ყველასთვის გასაგები გახდეს. "ვარაუდის ლოგიკის" თანახმად, მხატვარს აქვს უფლება ყველაფერი დაუშვას ისტორიაში და შემდეგ, ამ ახალი მისტიფიკაციით, დაანგრიოს ძველი, უკვე განმტკიცებული და საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებული ისტორიული მითები, თუნდაც მითი ეგრეთ წოდებულ "კულტურულ საზღვრებსა" და კულტურულ უნიკალურობაზე, რომლის მიმართ არ შეიძლება ირონიული არ იყოს მხატვარი-ავანგარდისტი, მაშინაც კი, როცა მის პროექტს "დიდი ქართული კედელი" ჰქვია. ჩვენთან საუბარში მხატვარმა ნაწილობრივ აღიარა კიდეც, რომ მისი ახალი პროექტი ასპროცენტიანი მისტიფიკაციაა. [კოტე ჯინჭარაძის ხმა]: "დღევანდელი გადმოსახედიდან, დღევანდელ ეპოქას კედელი არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს არის კედლის რღვევის ეპოქა და, მითუმეტეს, ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელსაც პრეტენზია აქვს გახდეს დამაკავშირებელი, სატრანზიტო ხაზი ევროპასა და აზიას შორის, მაგრამ მაშინ სჭირდებოდა და დიდი სიკეთეც იქნებოდა. დაპყრობით ომებს გადავურჩებოდით."

ეს ინტერვიუ ჩაწერილია 14 აპრილს, როცა რუსული დესანტის მოულოდნელმა გამოჩენამ კოდორში მთელი საქართველო შეაშფოთა. ქართველ კონცეფტუალისტს გაუმართლდა - მისი აქცია დაემთხვა იმ დღეს, როცა საზღვრის დამრღვევი რუსული დესანტი თავისი გუდა-ნაბადით საზღვრის "იქით" გაისტუმრეს, აფხაზეთში... მით უფრო ყურადსაღები ხდება დასკვნა, რომელსაც მხატვარი-ავანგარდისტი ამ გამოფენის კატალოგში აკეთებს: "საქართველოს საზღვარი ხან დიდდებოდა, ხან პატარავდებოდა. რადგან საზღვარი არ არსებობდა, ჩვენი ცნობიერებაც მუდამ სასაზღვრო სიტუაციაში იყო მოქცეული."
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG