Accessibility links

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტ ლე პენის წარმატებამ საფრანგეთში შოკი გამოიწვია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტ ლე პენის წარმატებამ საფრანგეთში შოკი გამოიწვია. ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს,

68 წლის ჟაკ შირაკს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 19,7-მა პროცენტმა, ხოლო 17,06 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე ჟან-მარი ლე პენი.

"ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, 73 წლის ლე პენმა თქვა, რომ მის მიერ მიღებული ხმები "საფრანგეთის აღორძინების" მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რაც, მისივე თქმით, 5 მაისს, არჩევნების მეორე ტურში უნდა დაგვირგვინდეს.

ორშაბათს საფრანგეთის როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ლიდერები ერთიანად დაირაზმნენ ლე პენის წინააღმდეგ და მოუწოდეს ხალხს, მეორე ტურში ხმა შირაკს მისცენ.

სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა ლიონელ ჟოსპენმა, რომელსაც წინასწარი გამოკითხვები მეორე ტურში გასვლას უწინასწარმეტყველებდა, თქვა, რომ ულტრამემარჯვენე ლე პენის გამარჯვება საფრთხეს უქმნის საფრანგეთის დემოკრატიას. [ლიონელ ჟოსპენის ხმა] "ამ არჩევნების პირველი რაუნდის შედეგი ჭექა-ქუხილივით გაისმა. უკიდურესი მემარჯვენეების მიერ ხმების 20 პროცენტის მიღება, მემარჯვენეების მეორე ადგილზე გასვლა, საფრანგეთისთვის და ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანია".

შოკშია საფრანგეთის მედიაც. მემარცხენე მიმართულების გაზეთ "ლიბერასიონის" პირველ გვერდზე ლე პენის სურათზე ეწერა მხოლოდ ერთი სიტყვა - "არა". მემარჯვენე მიმართულების "ფიგარომ" კი მომხდარს "მიწისძვრა" უწოდა.

წინასაარჩევნო გამოკითხვები მტკიცედ მიუთითებდა ორ კანდიდატზე - შირაკსა და ჟოსპენზე, და მხოლოდ ბოლო დროს ამოტივტივდა, ასე ვთქვათ, "მესამე კაცი" - ლე პენი.

სულ არჩევნებში 16 კანდიდატი მონაწილეობდა, რაც სარეკორდო რიცხვია. კენჭისყრას თავი აარიდა ამომრჩეველთა ასევე სარეკორდო რაოდენობამ - 28 პროცენტმა. შინაგან საქმეთა მინისტრის დანიელ ვაიანის თქმით, ლე პენის წარმატება ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა.
მესამე ფაქტორი ბოროტმოქმედების ზრდაა, რასაც ლე პენის პარტია იმიგრანტებს აბრალებს.

ლე პენს კარგა ხანია, რასიზმსა და ანტისემიტიმზმში სდებენ ბრალს. 1987 წელს სკანდალი მოჰყვა მის განცხადებას, ნაცისტური გაზის კამერები "ისტორიის უმნიშვნელო დეტალიაო." ამ გამონათქვამისთვის ის სასამართლომ დააჯარიმა კიდეც. თვით ლე პენი თავს ანტისემიტად არ თვლის.

"ეროვნული ფრონტი" ლე პენმა 1972 წელს დააარსა და ლოზუნგით "საფრანგეთი უპირველეს ყოვლისა" მოიგო იმ ამომრჩეველთა გული, ვინც შიშობს, რომ ფრანგული თვითმყოფადობა დაიკარგება იმიგრანტების, განსაკუთრებით აფრიკელი მუსლიმანების მოზღვავების გამო. ლე პენი უმუშევრობას და ქალაქებში გამეფებულ ძალადობას იმიგრანტებს აბრალებს, ხოლო თავს უბრალო პატრიოტად მოიხსენიებს.

ამჟამინდელმა პრეზიდენტმა შირაკმა ადამიანის უფლებებისა და რესპუბლიკის ფასეულობების დასაცავად ერს ერთიანობისკენ მოუწოდა. დამარცხებულმა კანდიდატებმა ერთიმეორის მიყოლებით მოუწოდეს ამომრჩევლებს, მეორე ტურში შირაკს მისცენ ხმა.

სოციალისტ ჟოსპენის დამარცხება კიდევ ერთი დარტყმაა ევროპის მემარცხენეებისთვის, რომლებმაც ბოლო დროს დამარცხებათა მთელი სერია განიცადეს: იტალიაში, დანიაში, პორტუგალიაში. იგივეა მოსალოდნელი გერმანიასა და ნიდერლანდში.

იტალიის კავშირგაბმულობის მინისტრმა და ეროვნული ალიანსის პარტიის წამყვანმა წევრმა მაურიციო გასპარიმ (მისი პარტია დიქტატორ ბენიტო მუსოლინის ფაშისტური პარტიიდან იღებს სათავეს) გაზეთ "კორიერა დელა სერას" თანახმად, თქვა, რომ ლე პენის წარმატებას უარყოფითად ეკიდება.
XS
SM
MD
LG