Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს აზრით, ირანი შეეცდება ხელი შეუშალოს კასპიის ზღვის თაობაზე შეთანხმების მიღწევას


ხუთი კასპიისზღვისპირა ქვეყნის ლიდერები სამშაბათს და ოთხშაბათს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართავენ სამიტს, რომელზეც შეეცდებიან შეთანხმების მიღწევას ზღვის რესურსების დანაწილების თაობაზე.

კასპიის ზღვის რეგიონი ენერგორესურსების მიხედვით მსოფლიოში მესამეა და მის გარშემო მიმდინარე ცხარე დავა სავსებით ბუნებრივია. აზერბაიჯანში ეჭვი ეპარებათ, რომ ირანი კომპრომისზე წავა ზღვის დანაწილების საკითხში. ზოგიერთის აზრით, სამიტი შეიძლება საერთოდ არ შედგეს.

სამიტის მონაწილეთა პოზიციები, ყოველ შემთხვევაში, საჯარო განცხადებების მიხედვით, ნათელია. რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოითხოვენ ზღვის რესურსების დანაწილებას იმის მიხედვით, თუ ვის რა სიგრძის სანაპირო ზოლი აქვს. ირანი კი, რომლის სანაპირო ზოლი სხვებისაზე მოკლეა, მოითხოვს, რომ ზღვა დაიყოს თანაბარ ნაწილებად, ანუ თეირანი, სულ ცოტა, 20%-ს ითხოვს. თურქმენეთი ამ ორ პოზიციას შორის მერყეობს.

ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, აშხაბადში რაიმე შეთანხმების მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის კასპიის კვლევითი პროგრამის დირექტორმა, ბრენდა შაფერმა განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რიჩარდ ალენ გრინს, ირანს სერიოზული მიზეზები აქვს საიმისოდ, რომ არ წავიდეს კომპრომისზე.

[ბრენდა შაფერის ხმა] "ირანთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ის არის, რომ კასპიის ზღვა მისთვის არ ნიშნავს ორი პროცენტით მეტს ან ორი პროცენტით ნაკლებს. საქმე ძირითადად ეხება კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების ობსტრუქციას, რათა აზერბაიჯანი კვლავაც სუსტ პოზიციაში დარჩეს."

ბრენდა შაფერი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ათობით მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში, ბევრად მეტი, ვიდრე თავად აზერბაიჯანში. მისი აზრით, ძლიერმა აზერბაიჯანმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ირანის სტაბილურობას, ვინაიდან მდიდარი და წარმატებული მეზობელი, შესაძლოა, მიმზიდველი გახდეს მისი საკუთარი მოსახლეობისთვის. შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ირანის მოსახლეობის დაახლოებით 25% -ს აზერბაიჯანელები შეადგენენ.

გარდა ამისა, იმავე შაფერის თქმით, ირანს სხვა რამაც აწუხებს. კასპიის ნავთობის დასავლეთისკენ ტრანსპორტირებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს OPEC-ზე - ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაზე. როგორც OPEC-ის წევრი, ირანი დაინტერესებულია, რომ ამ ორგანიზაციამ თავისი მონოპოლური მდგომარეობა შეინარჩუნოს.

შაფერის ნათქვამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უკანასკნელ ხანებში ირანსა და ბაქოს შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. ამ ვითარებაში შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა არაორაზროვნად განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან სამხედრო მუქარის შემთხვევაში მხარში ამოუდგებიან აზერბაიჯანს.

აზერბაიჯანელი ექსპერტი, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ვაფა გულუზადე, მიიჩნევს, რომ ირანს არაფერი გამოუვა აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში, რადგან კასპიის ენერგორესურსების ექსპლუატაციით ძალიან ბევრი სერიოზული მხარეა დაინტერესებული. პირველ რიგში შეერთებული შტატები, რომელსაც სურს, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის სანაცვლო ალტერნატიული წყარო იქონიოს. ვაშინგტონისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომელიც მთლიანად მისი მეგობარი ქვეყნების ტერიტორიაზე გადის.

ექსპერტები იმ გარემოებაზეც მიუთითებენ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქამალ ხარაზის მოსკოვში ვიზიტს მეტად უარყოფითი გამოძახილი ჰქონდა თავად ირანში. პარლამენტმა ამ ვიზიტს ირანის ინტერესებისთვის საზიანო უწოდა. ბრენდა შაფერს ეს აფიქრებინებს, რომ ირანში უკვე გრძნობენ, შეთანხმებაზე ხელის მოწერა რომ გარდაუვალია.

მაგრამ როგორც შაფერის, ისე გულუზადეს აზრით, არის კიდევ ერთი ვარიანტი. სამიტი, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს უკანასკნელ მომენტში, ანდა მასზე მხოლოდ დაბალი რანგის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მსოფლიო ლიდერებს, განსაკუთრებით კი ისეთებს, როგორიც არიან ვლადიმირ პუტინი და მოჰამად ხათამი, არაფრად ეპიტნავებათ მსგავსი შეხვედრებიდან შინ ხელშესახები შედეგების გარეშე დაბრუნება.
XS
SM
MD
LG