Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში კვლავინდებურად დაძაბული ვითარებაა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი ორშაბათს შეხვდა პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს და შეეცადა მისი დაყაბულება,

დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

პალესტინელები აცხადებენ, რომ არ დაიწყებენ მოლაპარაკებებს დაზავების თაობაზე, სანამ ისრაელის ძალები არ დატოვებენ პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის ქალაქების - რამალასა და ბეთლემის ბლოკადას, თუ ამ ორ ობიექტში გამაგრებული მებრძოლები იარაღს დაყრიან.

კვირას ისრაელმა კვლავ შეამცირა თავისი სამკვირიანი იერიშის - ოპერაცია "თავდაცვის ფარის" - მასშტაბები, გაიყვანა რა თავისი ჯარები დასავლეთი ნაპირის ორი ქალაქიდან - ნაბლუსიდან და ჯენინიდან - და, ნაწილობრივ, პალესტინის ადმინისტრაციულ ცენტრ რამალადან.

ამასობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თავის კაბინეტს უთხრა, რომ დისკუსიები ებრაელთა იზოლირებული დასახლებების დაშლის შესახებ მხოლოდ 2003 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ დაიწყება. შარონის ეს კომენტარი იყო პასუხი ისრაელის მაღალი რანგის ოფიცრების მოთხოვნაზე, გაუქმდეს ზოგიერთი ახალი ებრაული დასახლება, რათა ისრაელის ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ ამ დასახლებებს დასავლეთ ნაპირსა და ღაზაში, ტვირთი შეუმსუბუქდეს.

ამასობაში, ორშაბათს, ისრაელმა დაიწყო სასამართლო პროცედურა პალესტინელთა ერთ-ერთი ლიდერის მარვან ბარღუთის წინააღმდეგ. ბარღუთის, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის "ფათაჰის" ფრაქციის ლიდერს, ისრაელი ბრალს სდებს თვითმკვლელური თავდასხმების ორგანიზებაში; ტერაქტებში, რომლებშიც ისრაელის რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა.

ბარღუთი გასულ კვირაში რამალაში დააპატიმრეს. პალესტინელთა სამშვიდობო დელეგაციის მეთაურმა საებ ერექათმა განაცხადა, რომ ბარღუთის სასამართლოში გადაცემა გარდამავალი სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევის ტოლფასია.

არაფატის მაღალი რანგის მრჩეველმა მოჰამედ რაშიდმა განაცხადა: "ისრაელმა ძალიან კარგად იცის, რომ მარვან ბარღუთი პოლიტიკური ლიდერია და მას არავითარი კავშირი არა აქვს ე.წ. ტერორიზმთან." ის უშუალოდ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის სამომავლო მშვიდობაო, დასძინა რაშიდმა.

ისრაელი აცხადებს, რომ ბარღუთი მეთაურობს "ფათაჰის" შეიარაღებულ ფრთას, რომელმაც, მას შემდეგ, რაც შეწყდა სამშვიდობო მოლაპარკებები და 2000 წლის სექტემბერში ინტიფადა დაიწყო, ათობით თვითმკვლელური ტერაქტი მოაწყო.

ბარღუთი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ლიდერია და არ მონაწილეობს ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმებში. ამასთან ბარღუთი დარწმუნებულია, რომ პალესტინელებს დასავლეთი ნაპირის ოკუპირებულ მიწებზე ისრაელთა მოკვლის სრული უფლება აქვთ, ოღონდ არა საკუთრივ ისრაელის შიგნით.
XS
SM
MD
LG