Accessibility links

logo-print

ადგილობრივი არჩევნები და სეპარატიზმის საფრთხე


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გააქტიურდა. თუ გასულ პარასკევს გამართულ პრესკონფერენეციაზე ის ადგილობრივი არჩევნების არადემოკრატიულობის შესახებ ლაპარაკობდა,

ორშაბათს, 22 აპრილს, ამავე არჩევნების საფრთხეზე ალაპარაკდა. ნათელაშვილმა პარლამენტისა და პრეზიდენტისათვის ხმის მისაწვდენად ახალ გზას მიმართა: ჩვეულებრივი განცხადების ნაცვლად, ჩამოაყალიბა გაფრთხილების შემცველი ტექსტი, რომელშიც ჩასტია კიდეც ადგილობრივი არჩევნების საფრთხეთა მისეული ხედვა. ამ თვალსაზრისს ორიგინალში წარმოგიდგენთ.

[შალვა ნათელაშვილის ხმა]: "მილიარდი სინათლის წლით იზომება დაშორება თქვენს პოლიტიკასა და ნამდვილ დემოკრატიას შორის. მაგრამ, რადგან თქვენს თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს, გაფრთხილებთ, რომ ამა წლის 2 ივნისს, ე.წ. ადგილობრივი არჩევნებისას, რაიონული პარტიული სიების გაუქმებით, ძირითადად, საქართველოს სამხრეთ რეგიონებში რაიონის საკრებულოთა უმრავლესობა დაკომპლექტდება ცენტრალური პარტიებისაგან გაუკონტროლებელი იმ მაჟორიტარი ექსტრემისტი დეპუტატებით, რომლებიც მოძმე ერებს შორის გააღვივებენ შუღლს, პირველივე სხდომებზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს მეზობელ არაქართულ რაიონებთან გამსხვილების, ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან განცალკევების, ავტონომიების თვითნებურად გამოცხადებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ქართული ტერიტორიების მეზობელ სახელმწიფოებთან მიერთების შესახებ. დაწყებული სამართლებრივი ომი გადაიზრდება ცხელ ომში, რაც დამთავრდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი რღვევით. ასეთი გეგმების თაობაზე გაგვაჩნია რეალური ინფორმაცია".

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე მიმართავს პარლამენტს, 23 აპრილს გასამართ სხდომაზე აღადგინოს კანონის ძველი ნორმა საკრებულოთა პროპორციული არჩევნების შესახებ. ნათელაშვილს ასევე უნდა, კანონმა პარტიას მიანიჭოს უფლება, გამოიწვიოს თავისი დეპუტატი, თუ ის ბოროტად იყენებს სტატუსს ან ეწევა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას. კითხვას, რატომ უნდა გამოიწვიოს პარტიამ ხალხის არჩეული (თუნდაც პარტიული სიით გასული) დეპუტატი, ნათელაშვილი უპასუხებს, რომ ასეთი პრაქტიკა გავრცელებულია პორტუგალიასა და ლიხტენშტეინში. ნათელაშვილის პათოსი ბოლომდე გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ, როგორ უერთგულეს მის პარტიას საკრებულოებში ლეიბორისტების სიით გასულმა დეპუტატებმა.

ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტში მოკავშირეებად ეგულება "აღორძინების", "სოციალისტების", "ახალი მემარჯვენეების" დეპუტატები. შეგახსენებთ, ეს ის ადამიანები არიან, რომელთა უმრავლესობა მერებისა და გამგებლების არჩევის წინააღმდეგი იყო პარლამენტში ცნობილი კენჭისყრისას. რაც შეეხება სხვა ფრაქციებს, ბუნებრივია, შევარდნაძის მხარდამჭერთაგან ნათელაშვილის თანადგომა მოსალოდნელი არ არის. "დემოკრატიული რეფორმების" ფრაქციის წევრმა კობა დავითაშვილმა განმიცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებს საკრებულოებში მხარს დაუჭერენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სეპარატიზმის საფრთხეს ხედავენ, არამედ იმიტომ, რომ ამ გზით იზრდება არჩევითობის ხარისხი და ცენტრალურ ხელისუფლებას უმცირდება შანსი მხოლოდ თავისთვის სასურველი ხალხი გაიყვანოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

ძალიან საეჭვოა, პარლამენტმა მეყსეულად შეისმინოს შალვა ნათელაშვილის მოწოდებები. სამშაბათის სხდომაზე დეპუტატებმა ლეიბორისტების ლიდერის იდეათა პერიფრაზირება რომც მოახდინონ, დღის წესრიგში მათი შეტანა და კანონის ნორმებად ჩამოყალიბება გაძნელდება. შალვა ნათელაშვილს ისღა რჩება, იზრუნოს დაპირებული აქციების მოსაწყობად და კვალიფიციურად მოემზადოს არჩევნების შედეგთა სასამართლოებში გასაჩივრებისათვის.
XS
SM
MD
LG