Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მძიმე კრიზისის ზღვარზე იმყოფება


ბიუჯეტის შეუსრულებლობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობა ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სერიოზულ კრიზისზე მეტყველებს.

ამ კრიზისის დაძლევას ვერც უამრავმა საკადრო გადაადგილებებმა თუ სტრუქტურულმა ცვლილებებმა უშველა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მთავრობაში პოლიტიკური თამაშები გამძაფრდა და ერთმანეთს დაპირისპირებული მინისტრების ისედაც დაბალი ქმედითუნარიანობა კიდევ უფრო დაეცა.

ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრთა დაპირისპირების შესახებ 22 აპრილის გადაცემაში ვისაუბრე. ამ დაპირისპირების გამძაფრებაზე ისიც მეტყველებს, რომ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური რეგულარულად აქვეყნებს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ხვედრითი წილი სულ უფრო მცირდება.

სახაზინო სამსახურის მიერ შემოსავლების შესახებ 22 აპრილს გავრცელებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 2002 წლის ოთხი თვის ცენტრალური ბიუჯეტი შემოსავლების სამინისტრომ მხოლოდ 77 პროცენტით შეასრულა, არასაგადასახადო შემოსავლების გეგმა კი, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო აგებს პასუხს, 94 პროცენტითაა შესრულებული.

თუ აქამდე ხაზინა ბიუჯეტის ყოველთვიურ მაჩვენებლებს აქვეყნებდა, რომელშიც თვის გეგმის შესრულების მონაცემები ახლოს იდგა საპროგნოზო მაჩვენებლებთან და მცირე დანაკლისისთვის არავინ ისჯებოდა, ახლა, როდესაც ბიუჯეტის შემოსავლები ცალკეული თვის მიხედვით აღარ ჯამდება, დაგეგმილსა და რეალურ მაჩვენებლებს შორის სხვაობა უფრო შესამჩნევია. თუ რატომ გადავიდა ხაზინა საფინანსო გეგმის შემოსავლების აღნუსხვის ასეთ სისტემაზე, სამსახურის უფროსმა დავით რამიშვილმა 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ასე უპასუხა:

[რამიშვილის ხმა] „წელიწადი შედგება 12 თვისაგან, 12 თვე უნდა შესრულდეს. ამიტომ მნიშვნელობა აქვს, რომ მთლიანად იყოს ბიუჯეტი შესრულებული. ამიტომ არის ეს სტრატეგია არჩეული და 4 თვის გეგმა არსებობს და არ არსებობს 1 თვის გეგმა. მნიშვნელობა აქვს ყოველი თვის გეგმის შესრულებას და საერთო ჯამში შესრულებას ბიუჯეტის და არა კონკრეტულად ერთი თვის შესრულებას"[სტილი დაცულია].

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, აქაც სტიქიურობა შეიმჩნევა. მართალია, დაცული მუხლების დაფინანსება ავად თუ კარგად ხერხდება, მაგრამ ხაზინა ისეთ ხარჯებს გასცემს, რომელიც არც ბიუჯეტის შედგენისას დაუგეგმავთ და არც სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს შეესაბამება.

კერძოდ კი, უკვე მერამდენე თვეა, ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირება ხორციელდება. აპრილის თვეში თბილისის მერიას დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანიის ვალების დასაფარად 6 მილიონი ლარი გადაეცა. ეს თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გაიცა, თუმცა კი ამ ფონდის სახსრების მობილიზება საგადასახადო სტრუქტურების თავსატეხს წარმოადგენს და, ცხადია, მთელი სიმძიმე, სუსტი ადმინისტრირების, მაღალი კორუფციისა და გაუსაძლისი გადასახადების პირობებში, კეთილსინდისიერი გადამხდელის მხრებს აწვება. ხშირად დაუგეგმავი ხარჯების გასაწევად ეროვნული ბანკის მცირევადიანი კრედიტები გამოიყენება, თუმცა მათი დაფარვაც გადასახადის გადამხდელთა სახსრებით ხდება.

ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წამოყენებულ პირობებთან, რომელიც ენერგეტიკის სფეროს არათუ სუბსიდირებას, არამედ ამ სექტორის ვალების სასწრაფოდ რესტრუქტურიზებას მოითხოვს. ეს ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სავალუტო ფონდის სხვა დანარჩენ მოთხოვნათა შორის, რომელთა 25 აპრილამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფინანსური დახმარება კიდევ ერთხელ გაურკვეველი ვადით გადაიდება.

დამნაშავე რომ მკაცრად დაისჯება, ამას საქართველოს პრეზიდენტის 22 აპრილს გამოთქმული მუქარაც მოწმობს. თუმცა, საქართველოს მთავრობაში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლის წყალობით, სავსებით შესაძლებელია პოლიტიკურად ყველაზე დაუცველი მოხელე დაიჩაგროს. ძირითადი შეტევა მიმართულია სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, რომელსაც ენერგეტიკის შიდა ვალების გაუსტუმრებლობა ბრალდება.

კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც, ცხადია, ჩვენს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ განუხორციელებია. სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის წინ პრობლემების ასეთი სიუხვე და მთავრობის შიგნით არსებული პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მძიმე კრიზისზე მეტყველებს.
XS
SM
MD
LG