Accessibility links

logo-print

როდის დაიწყო თბილისის დამახინჯება?


13 აპრილს ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიამ

თბილისის ისტორიის მუზეუმში არაპერიოდული გამოცემის, ალმანახ "ილიაზდის" პრეზენტაცია მოაწყო. გაზეთის პირველი ნომერი დედაქალაქის არქიტექტურულ სახეს, უფრო სწორად თბილისის დღევანდელ სახეს მიეძღვნა. ალმანახში ჩართულია წერილი "ძველი თბილისის პრობლემების ხასიათი ბეთლემის უბნის მაგალითზე". როგორც წერილის ავტორი, ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი აღნიშნავს, "საბჭოთა პერიოდში თბილისში კამპანიურობის ზედაპირულმა მეთოდმა ბუტაფორული გახადა ბევრი შენობა, რომელსაც "ქალაქობანა" შეეხო. დღეს, შეუფერებელი ახალმშენებლობის აგრესიამ მთელი ქალაქი დაამცრო და დააკნინა". მანანა სურამელაშვილის ამ მოსაზრებას სხვებიც იზიარებენ. ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიის ალმანახში ჩართული სტატიების თითქმის ყველა ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის ისტორიული უბნების ნგრევისა და დამახინჯების პროცესი სწორედ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. ამ თემაზე ვისუბრებთ ჩვენც, რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე".

ორი წლის წინათ თბილისის პოპულარულ სამხატვრო გალერეაში, TMS-ში მოეწყო ექსპოზიცია-აქცია სახელწოდებით "SOS ძველი თბილისი!", რომელიც დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა. გამოფენა დაათვალიერა უამრავმა ადამიანმა, "შთაბეჭდილებების წიგნში" განსხვავებული თაობების წარმომადგენლებმა ერთსულოვანი აღშფოთება გამოხატეს იმ უკანონო თუ "კანონიერი" ე.წ. "მშენებლობების" (სინამდვილეში კი, როგორც წესი, ბარბაროსული ნგრევის) გამო, რომელმაც საქართველოს დედაქალაქის დამახინჯებას შეუწყო ხელი.

TMS-ის აქცია ერთ-ერთი იშვიათი მოვლენა იყო უახლესი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, რომელიც არ გადაიქცა ერთჯერად აქციად; რომელსაც გამოეხმაურა პარლამენტი, პრესა; რომელმაც დაამტკიცა, რომ ქართული კულტურის მუშაკები არც იმდენად არიან გულგრილნი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, რომ ასე ადვილად დაანგრევინონ დედაქალაქი ვინმეს. მაგრამ TMS-ის აქციამ, ამავე დროს, ერთი დავიწყებული ჭეშმარიტებაც გაგვახსენა - რაოდენ დიდიც უნდა იყოს ამის სურვილი, კულტურა "ვერ გადაარჩენს სამყაროს", განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას კულტურის მუშაკების კი არა, საერთოდ, ხალხის აზრიც არ აინტერესებს. იმ ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოური მენტალიტეტით იმართება, სადაც სილამაზე ყველას ეკუთვნის, გარდა ხალხისა, საზოგადოებისა. ასე თვლის ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ახლად დაარსებული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციისა, რომელსაც ხელოვნების ინტერდისციპლინარული ლაბორატორია ჰქვია და რომლის მესვეურებმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან ერთად თავისუფალი გაზეთი-ალმანახის გამოშვება დაიწყეს.

ლაბორატორიის პირველ ალმანახს, რომელსაც დიდი ქართველი მხატვრის, ხელოვნებათმცოდნის, ილია ზდანევიჩის საპატივცემულოდ, "ილიაზდი" ეწოდა, დართული აქვს ნანა ყიფიანის შესავალი წერილი, რომელშიც აღნიშნულია: "სანამ ჩვენ საბჭოთა კულტურის ოფიციალურ და მასთან დაპირისპირებული შრეების შესწავლასა და დიფერენციაციას, გამიჯვნასა და გადაფასებას არ დავიწყებთ, ჩვენ ვერ შევცვლით სიტუაციას, და, რაც მთავარია, ვერ შეიქმნება ნორმალური საზოგადოებრივი კულტურა, ვერ გადაწყდება იდენტურობის პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავად ფორმაციის დონეზეც ვერაფრით გავცდებით საბჭოურს."

გამოდის, რომ TMS-ის აქციის მხარდამჭერებმა უფრო აქტიურად დაიწყეს მოქმედება. სპეციალისტების პროტესტს საქართველოს ხელისუფლება ყურად არ იღებს, ამიტომ აუცილებელი ხდება არა მარტო საზოგადოების დარაზმვა, არამედ თავად საზოგადოების პასიურობის მიზეზებში გარკვევა.

"ჩემს შვილს, როცა გაიზრდება, ყველაფერს ავუხსნი, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში მხატვარმა ეკა ჯაფარიძემ, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ერთ წიგნად გამოსცა ფოტოები იმ თბილისური სადარბაზოებისა, რომელთა ნახევარი დღეს უკვე განადგურებულია - ვუამბობ, რა ხდებოდა საქართველოში საუკუნეების მიჯნაზე, მაგრამ ვერაფრით ავუხსნი, თუ რატომ ცხოვრობს იგი მახინჯ ქალაქში."

როგორც ჩანს, ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა და მხატვრებმა გადაწყვიტეს, ეს კითხვა პირველ რიგში იმ ადამიანებს დაუსვან, ვინც პასუხს აგებს დედაქალაქის ესთეტიკურ სახეზე. კითხვაზე, შეიცვალა თუ არა რამე თბილისში TMS-ის აქციის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა გვითხრა: [ნანა ყიფიანის ხმა]: TMS-ის მერე რამე რომ შეცვლილიყო, უკეთესობისკენ, მაშინ არც ეს გაზეთი იქნებოდა, არც გამოფენა და არც ეს აქცია, ფაქტობრივად ახლა რაც ხდება, ეს არის არა მარტო გამოფენა-პრეზენტაცია გაზეთის, არამედ აქციაც, იმიტომ, რომ ოფიციოზია მოპატიჟებული გამოფენაზე... შეიცვალა მხოლოდ უარესობისაკენ... იგულისხმება არა მარტო მთელი ქალაქი -განსაკუთრებით ისტორიული უბნები - ნგრევაშია ბოლო ერთი წლის განმავლობაში. აშენდა უამრავი სახლი და არის უამრავი ნასახლარი, სადაც სარეველა ბალახია ამოსული, დაჭაობებული."

დაჭაობებული ადგილის პირას აშენებული სასახლე, ე.წ. "ევრორემონტით", ლამის დღევანდელი თბილისის სახე გახდეს. ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ერთი ნაწილი ამ სახის აქტიურ დამკვიდრებას პირველ რიგში დამკვეთს, კორუმპირებული ხელისუფლების ხელშეწყობით გამდიდრებულ "ახალ ქართველებს" აბრალებს - როგორც ალმანახში ჩართული ერთ-ერთი სტატიის ავტორი ლალი ანდრონიკაშვილი აღნიშნავს, ეს არის თეთრ ბრაზილიურ სახლზე ოცნების გამოხატულება: "სულაც დაგავიწყდება, რომ საქართველოში იმყოფები და ხმელთაშუა ზღვის, ან ოკეანის ნაპირას გეგონება თავი", წერს ლალი ანდრონიკაშვილი.

თუმცა, ზოგიერთი ქართველი ფსიქოლოგის აზრით, ეს პრობლემა უნდა განვიხილოთ არა იმდენად სოციალურ, რამდენადაც სწორედ ფსიქოლოგიურ პლანში. ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია, ქართველი კაცი ყოველ ღონეს ხმარობს თავისი სახლის კუთხე-კუნჭულის დასუფთავებაზე, მოვლაზე, მაგრამ, როგორც წესი, გულგრილია იმის მიმართ, რაც ხდება ქუჩაში, მისი სახლ-კარის მიღმა. ფსიქოლოგები საკუთარ "მღვიმეზე" ამგვარ მიჯაჭვულობას ინფანტილიზმით ხსნიან ხოლმე, მაგრამ, მათივე აზრით, ეს ფენომენი არამც და არამც არ შეესაბამება ინგლისურ გამოთქმას "ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა". სახლზე ასეთი მიჯაჭვულობა არც მხოლოდ ე.წ. "ქართული ინდივიდუალიზმის" გამოხატულებაა - გარე სამყაროსგან სახლის ამგვარი გაუცხოების ტენდენცია დაიწყო საბჭოთა ეპოქაში, როცა ქართველისთვის სწორედ "სახლი" იქცა "სახელმწიფოდ", რომლის ბინადარი შედარებით თავისუფლად აქ გრძნობდა თავს. "სახლი" იქცა თავშესაფრად იმ გარემოსგან, იმ ცხოვრებისგან, რომლის მიმართ პროტესტი საქართველოში ყველა ნორმალურ ადამიანს ჰქონდა.

ასე რომ, დედაქალაქის დამახინჯება "ნუვო რიშებს" არ დაუწყიათ. ეს პროცესი დაიწყო საბჭოთა ეპოქაში... და დაიწყო არა მარტო საბჭოთა ხელისუფლებამ, არამედ თავად ხალხმა. თუმცა, კომუნისტური ხელისუფლება ყოველმხრივ მხარს უჭერდა პროცესის დაჩქარებას. ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანის აზრით, აბსურდულია იმის მტკიცება, თითქოს საბჭოთა ეპოქაში კომუნისტური ხელისუფლება თბილისის ესთეტიკურ სახეზე ზრუნავდა. ყიფიანის თქმით, [ნანა ყიფიანის ხმა] "ბუტაფორიზაცია მოხდა მაშინ. ეს იყო მხოლოდ მოვლა ფასადის, თორემ ის, რამაც მიიყვანა ქალაქი ამ დონემდე, წყლის მილების გაყვანილობა მიწის ქვეშ, კომუნიკაციები, იმისთვის ხელი არ მოუკიდიათ. უბრალოდ, ფასადები იყო შეღებილი, ხის აივნები მიბმული, ფანჯრები ჩაჭრილი და საპირეები გაკეთებული. ეს იყო ბუტაფორია, "თბილისობისთვის" სახელდახელოდ "ნარესტავრირებული" ქალაქი, თორემ ტენდენცია ფსევდოეროვნული ელემენტის დანერგვისა, ეგზოტიკისა, მაშინვე დაინერგა და სწორედ ამან დაუკარგა ფასეულობა ჩვენს მემკვიდრეობას."

დროთა განმავლობაში დამოუკიდებელმა საქართველომ პრაქტიკულად ყველა იმ დღესასწაულზე თქვა უარი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრდა. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ "თბილისობას" ვერ შეელია, ზეიმს, რომელმაც, ქართველი ხელოვნებათმცოდნეების აზრით, დააჩქარა თბილისის "თეატრალურ ბუტაფორიად" გადაქცევის პროცესი. ხელოვნებათმცოდნეების აზრს მწერალი და ახლა უკვე ყოფილი პარლამენტარი დავით მაღრაძეც იზიარებს. იგი აღნიშნავს: "რა შექმნეს რიყეზე? - გურჯაანი, სამტრედია, ზესტაფონი. შუა ქალაქში მოინდომეს სოფლის გაშენება... რამდენად მიუღებელი უნდა იყოს მათთვის თბილისური გარემო, რომ შუა ქალაქში საკუთარ ნოსტალგიასაც მისცე გასაქანი და სოფელი გააშენო - თანაც ამ ცინიზმს "თბილისობა" დაარქვა."

თუმცა, ხელოვნების ისტორიკოსების აზრით, "თბილისობა" მხოლოდ შედეგია პროცესისა, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. უბრალოდ, არ ჩანდა. ამ პროცესებზე გიამბობთ ერთი კვირის შემდეგ, ჩვენს პროგრამაში "ოქროს საუკუნე".
XS
SM
MD
LG