Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხე შიგნიდან ტყდება


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი საქართველოს მე-13 საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი აღარაფერი დარჩა:

მაისში გვეყოლება ახალი ჩემპიონი, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ახალი და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულს კვლავ ქუთაისის "ტორპედო" დაეპატრონოს. ამას გვაფიქრებინებს ქუთაისელთა ხაზგასმული საჩემპიონო ამბიცია და სატურნირო ცხრილში სადღეისოდ შექმნილი ვითარება. ოღონდ, საწყენია, რომ სწორედ "ტორპედოს" უკავშირდება ეროვნული ჩემპიონატის რამდენიმე გახმაურებული ეპიზოდი, როცა პრესამ და ფეხბურთის მოხელეთა ერთმა ჯგუფმა განგაში ატეხა ე.წ. "ჩაწყობილი" თამაშების მომრავლების გამო და შეთქმულთა გამოსავლენად საგანგებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ამგვარი კომისია მართლაც შეიქმნა, რამდენიმე დახურული სხდომაც გამართა, თუმცა საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს.

კომისიის ყურადღების ცენტრში უთუოდ მოხვდებოდა თბილისში გამართული "მერანი" - "ტორპედოს" ბოლო ტურის მატჩი, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა და დიდი ხმაური მოჰყვა. ეს გუნდები, ფოთის "კოლხეთთან" ერთად, ჯერ კიდევ შარშან, ჩემპიონატის სტარტზე ეჭვმიტალნილნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებაში. ტორპედოელთა მთავარი მწვრთნელი ოპონენტებს იქით ედავება და ცილისწამებისთვის პასუხს ითხოვს: "ვიცი, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი - "ლოკომოტივისა" და "დინამოს" კულუარებიდან გამოჟონილი ამბავია. არც მიკვირს, კონკურენტები თავისას ცდილობენ და ხმებს გვივრცელებენ, რომ თამაშებს ვყიდულობთ. ყველა მეტოქეს ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებენ, პატიოსან ხალხს გვიპირისპირებენ."

"ფეირ პლეის" პრინციპების ერთგულებით ქართული ფეხბურთი არასოდეს გამოირჩეოდა. აღებ-მიცემობა ფეხბურთის ძველისძველი სენია და, როგორც ჩანს, თაობიდან თაობაში მემკვიდრეობით გადადის. ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელმა უფროსობამ, არაერთი ხმამაღალი განცხადებისა და დაპირების მიუხედავად, გარიგებულ თამაშებს ვერაფერი მოუხერხა და ამას თავადაც აღიარებს. მერაბ ჟორდანია უფრო შორს მიდის და პატიოსანი თამაშის წესების უგულებელყოფაში, მწვრთნელ-ფეხბურთელებთან ერთად, ფედერაციის ზოგიერთ თანამშრომელსაც ადანაშაულებს. მაგალითად, "მხილებულთა" შორის აღმოჩნდა ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დავით პეტრიაშვილი, რომელმაც აგვისტოში გასამართ ყრილობაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ამის თაობაზე პირველად სწორედ ჟორდანიას აცნობა.

ჟორდანიამ სახელდახელო პრესკონფერენცია მოიწვია და პეტრიაშვილს საქციელი დაუწუნა: "ადრეც ვიცოდი, რომ გარკვეული დაჯგუფებები, სახელმწიფო მოხელეები და ფინანსურად წელგამართული ხალხი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში თავიანთი კანდიდატურის წამოყენებას აპირებდნენ. დღეს კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, თუმცა ვხვდები, რომ პეტრიაშვილს ზურგს მეტად სერიოზული ხალხი უმაგრებს. თავისი საქმისა თვითონ იცის, მაგრამ საკითხავია, რამდენად არის დაცული პატიოსანი თამაშის პრინციპი."

იმავე დღეს ჟორდანიამ სამსახურიდან დაითხოვა ფედერაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელი, ორი დღის შემდეგ კი, პეტრიაშვილის გამოკლებით, ყველანი უკან დააბრუნა. ამას მოჰყვა ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომა და მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ალექსანდრე ჩივაძეს აღუდგინეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი, მეორე ვიცე-პრეზიდენტად ნაკრების მენეჯერი რომან შოთაძე დააწინაურეს, საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარედ კი - შოთა ხინჩაგაშვილი. საერთოდ გაუქმდა საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი. აშკარაა, რომ მერაბ ჟორდანია სერიოზული ბრძოლისთის ემზადება და ერთგული ხალხის შემოკრებას ცდილობს. გარდა პეტრიაშვილისა, მას კიდევ რამდენიმე კონკურენტი ეყოლება, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "მრეტების" პრეზიდენტი ვაჟა ჩხაიძე და ვეტერანი დინამოელი ილია დათუნაშვილი, რომელიც წინა არჩევნებშიც მონაწილეობდა.

ყველაზე მეტად ჟორდანია ყოფილ თანამშრომელს უფრთხის და არცთუ უსაფუძვლოდ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დავით პეტრიაშვილს ფეხბურთის სამყაროში გამოცდილ, ავტორიტეტიან და წესიერ პიროვნებად იცნობენ. ფედერაციაში მუშაობდა ჯერ კიდევ ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობისას; ქართველთაგან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახლო და საქმიანი ურთიერთობა დაამყარა საერთაშორისო ფეხბურთის მაღალჩინოსნებთან. ფიფასა და უეფაში პეტრიაშვილი ჟორდანიაზე არანაკლებ მიღებული კაცია: არჩეულია უეფას ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ჩემპიონთა ლიგის დირექტორად, ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე დირექტორობდა ერთ-ერთ ჯგუფს, მიწვეული იყო არაერთი საერთაშორისო საფეხბურთო ფორუმის დელეგატად.

პეტრიაშვილს მხარდამჭერები საქართველოშიც ბლომად ეგულება და ამას არც მალავს, თუმცა კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს. არადა, პრესა მინიშნებებს უკვე აკეთებს და გვარებსაც ასახელებს. პეტრიაშვილის ყველაზე გავლენიან და ჯერაც უჩინარ ფინანსურ მხარდამჭერთა შორის მოიხსენიებენ ბადრი პატარკაციშვილს, რომელსაც სერიოზული სპორტული ინტერესები აღმოაჩნდა: ჯერ თბილისის "დინამოს" რეალური მეპატრონე გახდა, ახლახან კი საქართველოს ოლიმპიური ფონდი დააფუძნა.

პატარკაციშვილის პრესცენტრი ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს ჟურნალისტთა კითხვებს მომავალ არჩევნებში პეტრიაშვილის შესაძლო მხარდაჭერის თაობაზე. სამაგიეროდ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თედო ისაკაძემ კატეგორიულად უარყო საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფოს მონაწილეობა, ამ საქმესთან მისი და სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის რაიმე კავშირი. ისაკაძე აცხადებს, რომ ფეხბურთის პროფესიულ საქმეებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და ბოლომდე ამ პრინციპის ერთგულნი დავრჩებითო.

არადა, ქართული ფეხბურთის უახლესი ისტორია სხვა რამეზე მეტყველებს. გაიხსენეთ 90-იანი წლები და ხელისუფალთა გამუდმებული იერიშები ნოდარ ახალკაცის წინააღმდეგ, ფიფა - უეფადან გამოგზავნილი კატეგორიული წერილები და თბილისში სპეციალურად ჩამოსული ლენარტ იუჰანსონის სიტყვები: თუ ხელისუფლება თავისას არ მოიშლის, უეფადან გაირიცხებითო. იუჰანსონი, ცხადია, წმინდა საფეხბურთო საქმეებს გულისხმობდა, თორემ სახელმწიფოს, მაგალითად, ვერავინ დაუშლის ფედერაციისა თუ კლუბის ფინანსურ რევიზიას. სხვათა შორის, მერაბ ჟორდანიას, ჯერ კიდევ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტობისას, სერიოზული პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და პასუხისგებაშიც იყო მიცემული. თუ ხელისუფლებას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე თავისი ფარული კანდიდატი მაინც ეყოლება, შესაძლოა, ჟორდანიას ძველი საქმეები კვლავ გაუხსენონ. საარჩევნო მარათონი ახლა დაიწყო და საინტერესო ამბები წინ არის.
XS
SM
MD
LG