Accessibility links

logo-print

ქართველ ფალავანთა ევროპული მედლები და ბადრი პატარკაციშვილის "ოლიმპიური" საჩუქარი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი წლეულს პირველი სერიოზული სპორტული წარმატება მოჭიდავეებმა მოიპოვეს,

თუმცა გასული კვირა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი გამოდგა: დაფუძნდა საქართველოს ოლიმპიური ფონდი, რომელიც ქართველ ფალავნებს და სპორტის სხვა სახეობათა წარმომადგენლებს სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. ამ ამბებს ეძღვნება ჩვენი დღევანდელი სპორტული მიმოხილვა.

შარშანდელი ამბავი განმეორდა: ჩვენი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან კვლავ ორი მედლით დაბრუნდნენ - ბადრი ხასაიამ ოქროს მედალი მიიღო, მანუჩარ კვირკველიამ კი - ვერცხლისა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ რუსებმა და თურქებმა აჯობეს, რაც თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია, იმის მაუწყებელი, რომ ჩვენი ფალავნები საერთაშორისო სარბიელზე მოწინავე პოზიციებს იმკვიდრებენ.

არადა, კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წონითი კატეგორიების რაოდენობა შეიზღუდა და თითოეულ მედალს გაცილებით მეტი პრეტენდენტი გამოუჩნდა. მაგალითად, 74 კგ წონით კატეგორიაში, ბადრი ხასაიასთან ერთად, არაერთი ტიტულიანი სპორტსმენი გამოდიოდა, მათ შორის, რუსთა ფავორიტი, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ვარტერ სამურგაშევი. ხასაია მას ფინალში შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

ევროპის ჩემპიონატიდან შინ დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს თბილისის აეროპორტში შეკრებილმა გულშემატკივრებმა ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. დამხვდურთა შორის იყო ხასაიას პირადი მწვრთნელი, ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტი დავით დავითაია, რომელმაც შეგირდის პირველი სპორტული ნაბიჯები გაიხსენა: ჩემთან რომ მოიყვანეს, სულ რაღაც 25 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ მალე მოღონიერდა, საქმეს სერიოზულად მოეკიდა და მისი ყოველთვის მჯეროდაო.

[დავით დავითაიას ხმა] "პრინციპში, ჭიდაობის ყველა ნიუანსში ბადრი გარკვეულია. ორჯერ მსოფლიო პრიზიორი გახდა, ევროპა მოიგო ახალგაზრდებში და ახლა დიდებში მოიგო. ეს არის პირველი, დებიუტანტია ჯერ, პატარაა. მას ექნება ძალიან დიდი ჭიდაობა მოსკოვში მსოფლიოზე, სადაც მოგვიწევს ოფლის მოდენა მეტი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ უნდა მოიგოს იქაც."

ცხადია, ბადრი ხასაიაც ფრიად კმაყოფილია ევროპული წარმატებით, განსაკუთრებით იმით, რომ ფინალში სწორედ რუსეთის ნაკრების ლიდერს აჯობა და დარბაზში შეკრებილთ ქართული ჰიმნი მოასმენინა.

[ბადრი ხასაიას ხმა] "რაც უფრო ძლიერი მეტოქე მხვდებოდა, მით უფრო კარგი განწყობა მქონდა და მით უმეტეს, როცა ოლიმპიურ ჩემპიონს ხვდები, თანაც ბოლო ოლიმპიადის გამარჯვებულს. რა ვიცი, ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი ავტორიტეტია. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, ალბათ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ წინ არის უფრო ძლიერი შეჯიბრებები, მსოფლიო პირველობა, ოლიმპიადა, რომლებისთვისაც უფრო ძლიერად უნდა მოვემზადო."

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ სენიოკში გაიმართა, მსოფლიო ჩემპიონატს კი სექტემბერში მოსკოვი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბეგი დარჩიას იმედი აქვს, რომ თუ გუნდს ხელშეწყობა არ მოაკლდა, შედეგები გაუმჯობესდება. ასევე ოპტიმისტურადაა განწყობილი საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი.

[ლერი ხაბელოვის ხმა] "ამ სახეობებში ძალიან ძლიერი სპორტსმენები გვყავს და ძალიან დიდი ტრადიციების მქონეა საერთოდ რესპუბლიკა და ისეთი სახელებია და ისეთი გვარებია, რომ არ შეიძლება5 ამ სახეობას არ ჰყავდეს სპორტსმენები და არ დავაფინანსოთ."

მოჭიდავეებს საყვედური ნამდვილად არ ეთქმით. სპორტის დეპარტამენტის მწირი ბიუჯეტის კვალობაზე, ჭიდაობის ფედერაციას ყველაზე მეტი თანხა ერგო. ამას გარდა, ნაკრების ლიდერებს, პოტენციურ ოლიმპიელებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც პატრონობს და საქმე ისე მიდის, დახმარებას უფრო გაუზრდის. პარასკევს, 19 აპრილს5 ქართულ სპორტში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ოლიმპიური კომიტეტის ძალისხმევით და ცნობილ ბიზნესმენთა მხარდაჭერით დაფუძნდა ოლიმპიური ფონდი. ამ საქველმოქმედო ორგანიზაციას ბადრი პატარკაციშვილი უხელმძღვანელებს და იმავდროულად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ სეოკ-ის პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი აირჩიეს, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ - სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. ოლიმპიური კომიტეტი სათავეში უდგას ფონდის დამფუძნებელთა სიას, მთავარ ინვესტორად კი ბადრი პატარკაციშვილსა და მის ფონდ "გამარჯვებას" ასახელებენ.

ცხადია, რომ რუსეთიდან დევნილი და საქართველოში შარშან დაბრუნებული ცნობილი ოლიგარქი ქართული სპორტით სერიოზულად დაინტერესდა. სპორტული სამყაროც ხელგაშლილი შეეგება პატარკაციშვილს და მისი ფინანსური თანადგომა მადლიერებით მიიღო. ოლიმპიურ ფონდს სხვა სოლიდური დამფუძნებლებიც გამოუჩნდა, მათ შორის - "კოკა-კოლა", მინისა და მინერალური წყლების კომპანია, "ალდაგი", გაერთიანებული ქართული ბანკი. ჯანო ბაგრატიონი ირწმუნება, რომ ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტი მილიონს გადააჭარბებს და, რაც მთავარია, ეს ფული მთლიანად სპორტს მოხმარდება და არა ვინმეს კერძო ინტერესებს.

[ჯანო ბაგრატიონის ხმა] "აქ ისეთი ხალხია თავმოყრილი, რომ ამას არავინ არ დაუშვებს. მით უმეტეს, რომ მე პირადად ვარ დაინტერესებული უპირველესად, რომ სახსრები, რომლითაც ეს ფონდი იქნება დაფინანსებული, პირველ რიგში5 იქნეს მიმართული მიზნობრივად, იმ იდეების განხორციელებისათვის, რომელიც დევს თვითონ ამ ფონდის ძირითად დებულებაში."

სპორტის ძრავა, მოგეხსენებათ, უმთავრესად ბიზნესის საწვავზე მუშაობს. ასეა ნორმალურ და დაწინაურებულ ქვეყნებში. თუ საქართველოც ამ გზით ივლის, იქნებ ქართულ სპორტს მართლა ეშველოს და გვირაბის ბოლოში სინათლე გამოჩნდეს. ქართველ ფალავანთა ევროპული მედლები და ოლიმპიური ფონდის დაფუძნება იმედისმომცემი საგაზაფხულო ნიშანია.
XS
SM
MD
LG