Accessibility links

logo-print

როგორ მიმდინარეობს მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პოლიტიკური პარტიების ხმამაღლა გამოუთქმელი იმედი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები შეიძლება გადაიდოს, როგორც ჩანს, არ მართლდება.

მართალია, პარლამენტმა ვერ მიაღწია კონსენსუსს საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კანონთან დაკავშირებით, მაგრამ პრეზიდენტი ამჯერად დათმობაზე წასვლას არ აპირებს და უკვე დანიშნული არჩევნების დღის გადადებას არ გეგმავს. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო მარათონში ჩაბმა უწევთ. გესაუბრებით იმის თაობაზე, თუ ვინ როგორ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის.

ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად ითვლება. რა უჩვეულოდაც უნდა გამოიყურებოდეს, საქართველოში პარტიები გენერალური რეპეტიციის გავლის სურვილს დიდად არ ამჟღავნებენ. არადა, ერთი წლის შემდეგ, 2003 წელს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის შედეგების პროგნოზირება, დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე რეინტეგრაციული პროცესების გათვალისწინებით, სრულიად წარმოუდგენელია. აქამდე საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებზე, როგორც წესი, ერთმანეთს მეტოქეობას ორი სახელისუფლებო პარტია - მოქალაქეთა კავშირი და საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი - უწევდა. დღეს მოქალაქეთა კავშირის ირგვლივ სიტუაცია სრულიად გაუგებარია. ასეთ ვითარებაში გამორიცხული არ არის, ასე ვთქვათ, კოროზიის პროცესი ბლოკ აღორძინებაშიც დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი,"ტრადიციონალისტთა კავშირი", აქამდეც არ ამჟღავნებდა პარტიული დისციპლინისადმი უსიტყვო მორჩილების სურვილს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი ტრადიციონალისტები მონაწილეობას სახალხო პარტიასთან ერთად მიიღებენ, რომელმაც ბოლო ორი წლის მანძილზე უჩვეულო ტრანსფორმაცია განიცადა, როცა, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მოულოდნელად ჯუმბერ პატიაშვილის მხარდამჭერ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. არადა, საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ბლოკი აღორძინება სახალხოს თავის გაერთიანებაში ეპატიჟებოდა, სახალხო პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ, ამ ბლოკის ლიდერის - ასლან აბაშიძისადმი სიმპათიების საჯარო დემონსტრირების მიუხედავად, მაინც არ ისურვა სახელისუფლებო პარტიასთან ასოცირება. ამჯერად სახალხო პარტიისა და ტრადიციონალისტთა რესურსების გაერთიანება იმით არის საინტერესო, რომ აკაკი ასათიანი, რომელიც, ალბათ, ყველაზე ფრთხილ პოლიტიკოსად შეიძლება მივიჩნიოთ ქართულ პოლიტიკაში - იგი თითქმის ყოველთვის პრაგმატულად, გათვლებით მოქმედებს - ამჯერად აღორძინებასთან ერთად საარჩევნო მარათონში ჩაბმას არ აპირებს, როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი შესაძლებლობების მოსასინჯად.
სხვათა შორის, შარშან ნოემბერში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ტრადიციონალისტთა კავშირის საპარლამენტო წარმომადგენლობის ინიციატივით გადაიდო. ახლაც არ წყდება საუბრები 2 ივნისისთვის დაგეგმილი არჩევნების გადადების შესაძლებლობის შესახებ. პარლამენტარები ისევ ძველ მიზეზს - საარჩევნო კანონმდებლობის არასრულყოფილების არგუმენტს იყენებენ. თუმცა 22 აპრილს პრეზიდენტი შევარდნაძე, პარლამენტში მიმდინარე პროცესის კომენტირებისას, კატეგორიული გახლდათ:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " პარლამენტში მიმდინარე პროცესების კომენტირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ერთ რამეს განვაცხადებ სრული კატეგორიულობით: ჩემი კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარე, არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვიქნები კიდეც. არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები დანიშნულია 2 ივნისისათვის და აუცილებლად უნდა გაიმართოს. ამჯერად ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნები ჩატარდეს ორგანიზებულად, მშვიდ ვითარებაში, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში."
ასე რომ, როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებას წყალი არ გაუვა და პოლიტიკურ პარტიებს გენერალური რეპეტიციის გავლა მაინც მოუწევთ.
XS
SM
MD
LG