Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ენა კარგავს გავლენას ყოფილ საბჭოთა კავშირში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჩვენი რუბრიკის წინა გადაცემებში გესაუბრეთ ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსული ენის მნიშვნელობის შემცირებაზე.

ამასთან აღვნიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული კვლავაც რჩება საურთიერთო ენად.

რუსული ენის განდევნისთვის ზოგიერთი ქვეყანა გადამჭრელ ზომებს მიმართავს, რაც საზოგადოებაში მწვავე დებატების საგანია. ასეთების მაგალითად ვისაუბრებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთაგან ლატვიის, ხოლო რუსეთის ფედერაციის შიგნით თათარსტანის შესახებ.

ამას წინათ ლატვიის პოპულარულმა “რადიო ბიზნესმა და ბალტიამ” შეწყვიტა რუსულ ენაზე მაუწყებლობა. რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტმა ლიცენზიის განახლებაზე მას უარი უთხრა. მიზეზად ის დაასახელეს, რომ რადიო არღვევს “საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების” კანონებს. საბჭომ განაცხადა, რომ არ იყო დაცული, აგრეთვე, მოთხოვნა, რომ პროგრამების 75 პროცენტი ლატვიურ ენაზე უნდა გადაიცემოდეს.

ენის გარშემო ბრძოლაში ერთ მხარეს დგანან ლატვიურის დაცვისა და განვითარების მომხრეები, მეორე მხარეს რუსულენოვანი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ წესები დისკრიმინაციულია. ზოგიერთი იმასაც კი მოითხოვს, რომ რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდეს.

გასულ თვეში ეუთოს მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟერარ სტუდმანმა ჭრილობას მარილი მოაყარა, როცა მხარი დაუჭირა ამ წინადადებას. თუმცა, საზოგადოებაში დიდი აღშფოთების შემდეგ მან თქვა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია, და არა ოფიციალური.

წესების მომხრეები ამბობენ, რომ ლატვიამ უნდა დაიხსნას თავი ათეული წლების რუსიფიკაციისგან. საბჭოთა პერიოდში ბევრი ლატვიელი იქნა დეპორტირებული, და ბევრი რუსი ჩასახლებული, რამაც ძირფესვიანად შეცვალა მოსახლეობის შემადგენლობა. საბჭოთა ოკუპაციამდე ლატვიელები ქვეყანაში მოსახლეობის 75 პროცენტს შეადგედნენ. მაგრამ 1990 წელს ლატვიის 2,4-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი მშობლიურ ენად რუსულს ასახელებდა; და, ვინაიდან ლატვიელთა უმრავლესობა აგრეთვე ფლობდა რუსულს, ქვეყანაში რუსულად მოლაპარაკეთა რიცხვი ლატვიურად მოლაპარაკეთა რიცხვზე გაცილებით უფრო მაღალი იყო.

ეს გარემოება ბევრ ლატვიელს აშინებს, აფიქრებინებს, რომ მათი ენა გაქრობის პირზეა მისული. როცა 1991 წელს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დაიწყო ლატვიურის დაცვისა და დაწინაურების კანონების მიღება. ამ კანონებით რეგულირდება ენის ხმარება მაუწყებლობასა და სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ სფეროებში.

ენის 1999 წლის კანონს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა იმის გამო, რომ იგი მოითხოვდა ლატვიურის ფლობას როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ სექტორებში: შედეგად კანონი შერბილებულ იქნა. ლატვიურის ცოდნა მოითხოვება ისეთ კერძო სფეროში, სადაც ეს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება, მაგალითად საჰაერო მოძრაობის სისტემაში.

ნილს მუჟნიეკსი, ადამიანის უფლებათა და ეთნიკური საკითხების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ლინგვისტური პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემური სფეროა მაუწყებლობა.

რაც შეეხება “რადიო ბიზნესისა და ბალტიის” დახურვას, ამას შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს. რუსულად მოლაპარაკეები, რომლებიც ისედაც უსმენენ მოსკოვის რადიოს, ახლა კიდევ უფრო ხშირად ჩართავენ მას.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და პრემიერ-მინისტრ ანდრის ბერზინშის მრჩეველი პეტრის ელფერტსი ამბობს, რომ “რადიო ბიზნესი და ბალტია” დახურეს არა ლინგვისტური მოსაზრებებით, არამედ ინტელექტუალური საკუთრების კანონის ხელყოფისთვის. მისი თქმით, ლატვიაში ეთერში გადის უამრავი სხვა რუსული რადიოსადგური, მოქმედებს ახალი ამბების მაუწყებლობა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკა თათარსტანში ყველაზე ცხარე დებატები კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლას ეხება; 1997 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანბანის თანდათანობითი შეცვლის შესახებ. პროცესი 2011 წელს უნდა დამთავრდეს.

ბოლო 100 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სხვა ტიტულური ენების მსგავსად, თათრული ენის შრიფტიც რამდენჯერმე შეიცვალა. 1927 წელს საუკუნეთა განმავლობაში ხმარებული არაბული ანბანი შეიცვალა ლათინურით. 1939 წელს კი ლათინურიც გადააგდეს და თათარსტანი კირილიცაზე გადაიყვანეს.

დღეს ლათინურის მომხრეები ამბობენ, რომ ის უფრო კარგად უდგება თათრული ენის ფონეტიკას. ლათინურის მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ამ ანბანის ხმარება ინგლისურის შესწავლას აადვილებს.

ყაზანის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლის დამირ ისხაკოვის თქმით, ლათინურზე გადასვლა მიუთითებს, რომ თათარსტანი თავს ევროპაზე ორიენტირებულ ცივილიზაციას აკუთვნებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რესპუბლიკის კონსტიტუცია თათრულსა და რუსულს თათარსტანში თანაბარ სტატუსს ანიჭებს.

ლათინურ შრიფტზე გადასვლამ მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია. იქ ზოგიერთი შიშობს, რომ ცენტრს ხელიდან გამოეცლება თათარსტანის მართვის სადავეები. როგორც ისხაკოვი ამბობს: [ისხაკოვის ხმა] “კარგად მესმის მოსკოვის კრიტიკის არსი. მოსკოვს ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ თათარსტანის საზოგადოება სწრაფად განვითარდება. მას ურჩევინია, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, შინაგან კოლონიად დავრჩეთ, განვითარების დაბალი დონით, ეს მისცემს მოსკოვს ჩვენზე დომინირების საშუალებას. მაგრამ თუ ჩვენ ნორმალურად განვითარებას დავიწყებთ, რუსეთს გაუჭირდება ჩვენი, როგორც კოლონიური ქვეყნის მართვა.”

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი რადიოს თათარ-ბაშკირული სამსახური თავისი დაარსებიდან, ანუ 1953 წლიდან მოყოლებული, ლათინურ ანბანს იყენებს.
XS
SM
MD
LG