Accessibility links

logo-print

“ფრანკფურტერ ალგემაინე” შუა აზიასა და კავკასიაში რუსეთისა და აშშ-ის გავლენის შესახებ


“ფრანკფურტერ ალგემაინე” 23 აპრილის ნომერში ნახევარ გვერდს უთმობს წერილს, რომელიც მარკუს ვენერმა გამოაქვეყნა და რომელშიც კავკასიასა და შუა აზიის რეგიონებზე ახალ გავლენაზეა ლაპარაკი.

“მოსკოვში სამხედროებს ძრწოლას ჰგვრის იმის გაგონება, რომ შუა აზიაში ნატოს ათასობით ჯარისკაცია, კავკასიაში კი შეერთებული შტატების სამხედრო მრჩევლები აქტიურობენ” – ასე იწყებს ვენერი თავის სტატიას. ის მკითხველს აუწყებს, რომ რუსეთის გეოსტრატეგები ამ რეგიონებს დაკარგულად მიიჩნევენ, არადა ორასი წლის განმავლობაში რუსეთი იქ შეუზღუდავად ბატონობდა.

გერმანელი მიმომხილველი თავისი წერილის პირველ ნაწილს შუა აზიის ქვეყნებში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავ ისტორიას უთმობს. ეს ამბავი დაიწყო ნახევარი წლის წინათ, როცა შუა აზიის ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თანხმობით ამერიკელებს ნება მისცეს, თავიანთი ტერიტორიები გამოეყენებინათ ავღანეთში მოქმედი თალიბებისა და “ალ ყაიდის” გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ვენერის თანახმად, მოსკოვში და შუა აზიაში თანაბრად აინტერესებთ, ამას გარდა, კიდევ რა მიზნები ამოძრავებს ვაშინგტონს რეგიონში. თანაბარია მათი შიშიც. მოსკოვში შიშობენ, რომ ამერიკელები იქ დიდხანს დარჩებიან, აზიელი მასპინძლები კი, პირიქით, შიშობენ, ანტიტერორისტული ომის მონაწილეები მალე არ წავიდნენ. ვაშინგტონმა მოსკოვს აღუთქვა, რომ ის შუა აზიაში მუდმივად ყოფნას არ აპირებს.

მარკუს ვენერი თავის სტატიაში შუა აზიის თითოეული სახელმწიფოს როლსა და მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. რეგიონში ამერიკის მთავარი მოკავშირე უზბეკეთია. ტაშკენტი გავიდა რუსეთთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან, რითაც თავისუფლება მოიპოვა და მისი პრეზიდენტი ქარიმოვი ჯორჯ ბუშთანაც სტუმრობდა. ამ ახლო ურთიერთობას უზბეკეთისთვის შედეგიც მოაქვს: შეერთებულმა შტატებმა წელს ამ ქვეყანას ლამის სამჯერ მეტი დახმარება გამოუყო, ვიდრე შარშან.

შუა აზიაში პირველობას უზბეკეთს ყაზახეთი ეცილება. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ყველას დაასწრო ამერიკელებთან თანამშრომლობის შესაძლებლობის აღიარება. მაგრამ ამ ქვეყანაში მოსახლეობის მესამედი რუსები არიან და, ამასთან, ის რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება, ავღანეთს კი დაშორებულია. შუა აზიის სხვა ქვეყნები, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე ცდილობენ, კარი გაუღონ ამერიკელებს, მით უმეტეს, თუ ამით რამეს გამორჩებიან. ყირგიზეთის პრეზიდენტმა აყაევმა უარყო, რომ მისი ვალებში ჩაფლული ქვეყანა ეკონომიკური სარგებლის გამო ასრულებს ამერიკელთა სურვილებს.

როგორც გითხარით, ამ სტატიაში საქართველოზე და კავკასიაზეც არის ლაპარაკი. მოსკოვში, მარკუს ვენერის თანახმად, ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად გააფართოებენ ამერიკელები თავიანთ სამხედრო ყოფნას საქართველოში. ის მკითხველს ამცნობს, რომ იქ ორი ასეული სამხედრო მრჩეველი ჩავიდა, რომლებმაც საქართველოს ჯარის ნაწილი უნდა გაწვრთნან პანკისის ხეობაში მყოფი ისლამისტი თუ ჩეჩენი მეომრების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ამასთან, მარნეულის სამხედრო აეროდრომს თურქეთი განაახლებს, რათა იქ ნატოს თვითმფრინავები დასხდნენ.

“ფრანკფურტერ ალგემაინე” წერს, რომ რუსეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა საქართველოში ამერიკელი სამხედრობის ჩასვლას; ერთი გაზეთი თურმე წერდა, რომ იქიდან ამერიკელები ბაღდადზე თავდასხმების მოწყობას აპირებენ. მაგრამ ძალიან იშვიათად ახსენდებათ რუსეთში, განაგრძობს ვენერი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნის 20-ათასიანი ჯარი, რომ არაფერი ვთქვათ თვით ჩეჩნეთზე, სადაც რუსეთს 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განთავსებული. ამასთან, გერმანელი ავტორისთვის ცხადია, რომ ვაშინგტონი აძლიერებს თავის პოლიტიკურ და სამხედრო გავლენას კავკასიაში.

რაც შეეხება სომხეთს, ის, თავისი მტრულ-მეგობრული აზროვნების სტილის გამო, რეგიონში მოსკოვის ბოლო ბასტიონად მიიჩნეოდა. ახლა ამერიკელები მასაც სამხედრო დახმარებას მიაწვდიან. კიდევ ერთი: ახლახან ვაშინგტონმა გააუქმა აკრძალვა აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარებაზე. კავკასიაში ამერიკელების ყოფნა, გერმანელი ავტორის აზრით, იმასაც ემსახურება, რომ დაცული იყოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. მაგრამ იქვე ის წერს, რომ დასავლეთის გავლენის ზრდა აფართოებს ამ ქვეყნების პერსპექტივას; ამასთან, რუსეთის გავლენა შენარჩუნებული იქნება.

ვენერი ჩამოთვლის თითოეული ქვეყნის მიმართ რუსეთის კოზირს და საქართველოზე აცხადებს, გაზის გამო ის მოსკოვზეა დამოკიდებელი და მოსკოვის გარეშე ვერც ტერიტორიულ კონფლიქტებს მოაგვარებსო. ბოლოს გერმანელი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ინტერესები შუა აზიასა და კავკასიაში ნავთობისა და გაზის გარშემო მიმდინარე “დიდი თამაშით” აღარ შემოიფარგლება. ის პირდაპირ აცხადებს, რაზეც რუსეთი და დასავლეთი შუა აზიაში უკვე შეთანხმდნენ (ლაპარაკი შრომის განაწილებაზეა), კავკასიაში ახლა ხდებაო.
XS
SM
MD
LG