Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი პოლიტიკოსების გამოხმაურება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა ევროპელი პოლიტიკოსები არ მალავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საფრანგეთში, ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ჟაკ შირაკთან ერთად უკიდურეს მემარჯვენეთა კანდიდატი ჟან-მარი ლე პენი გავიდა

და აცხადებენ, რომ, მართალია ლე პენს არა აქვს არანაირი შანსი 5 მაისის მეორე ტურში გამარჯვებისა, თავად ის ფაქტი, რომ უკიდურეს მემარჯვენე პოლიტიკოსს ამდენი მომხრე გამოუჩნდა საფრანგეთში, განგაშს უნდა იწვევდეს მთელს ევროპაში.


”უაღრესად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ რასისტულსა და ქსენოფობიურ იდეებს ამდენი მომხრე გამოუჩნდა. ვფიქრობ, მთელი ჩვენი პოლიტიკური ძალისხმევა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს ფენომენი ჩანასახშივე ამოიძირკვოს” - განაცხადა ესპანეთის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ პიკემ. ხოლო ამავე ქვეყნის ოპოზიციური, სოციალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტრინიდად ხიმენესმა კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგს ”საფრანგეთისა და მთელი ევროპისთვის ავის მომასწავებელი ცნობა” უწოდა.

ლონდონში, ლეიბორისტმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და კონსერვატული პარტიის ლიდერმა დანკან სმითმა მოუწოდეს ფრანგებს, მეორე ტურში ჟან-მარი ლე პენს არ მისცენ ხმა. ტონი ბლერმა რწმენა გამოთქვა, რომ ფრანგები უარყოფენ ნებისმიერი სახის ექსტრემიზმს, ხოლო დანკან სმითმა ჟაკ შირაკს უსურვა წარმატება განმეორებით არჩევნებში, რაც მისივე თქმით, აუცილებელია იმისთვის, რათა ”არ დავუშვათ ექსტრემიზმის აღზევება”.

საფრანგეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის ლიონელ ჟოსპენის დამარცხება კვირას, არ უნდა ყოფილიყო მთლად მოულოდნელი, ვინაიდან ევროპელმა მემარცხენეებმა შარშან იტალიაში იგემეს მწარე დარტყმა, რაც წელს დანიასა და პორტუგალიაშიც განმეორდა, და ალბათ იგივე მოხდება ნიდერლანდებისა და გერმანიის მოახლოებულ არჩევნებშიც.

როგორც ესპანეთის წამყვანი გაზეთი ”ელ პაისი” აღნიშნავს, 21 აპრილს ფრანგებმა ”ნოსტალგიას, სიძულვილსა და შიშს” მისცეს ხმა, ხოლო გაზეთი ”ელ მუნდო” წერს, რომ ”პროგრესი, ლიბერალიზაცია, ევროპის პოლიტიკური რეფორმირება, იმიგრაცია და გლობალიზაცია” შიშსა და განგაშს იწვევდა ფრანგებში განვლილი ათწლეულის მანძილზე. ჩეხეთის გაზეთი ”მლადა ფრონტა დნესი” იხსენებს, რომ სწორედ საფრანგეთმა მოითხოვა ერთ-ერთმა პირველმა სანქციების მიღება ავსტრიის წინააღმდეგ 2000 წელს, მას შემდეგ, რაც იორგ ჰაიდერის უკიდურესი მემარჯვენე თავისუფლების პარტია სამთავრობო კოალიციაში იქნა შეყვანილი, და დასძენს, რომ ლე პენის წარმატებამ არა მარტო ფრანგ პოლიტიკოსებს, არამედ საფრანგეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც უნდა ასწავლოს ჭკუა.

ლონდონის ყოველდღიური ”ივნინგ სტანდარდი” ვამპირის გამოღვიძებას ადარებს ლე პენის წარმატებას და თან დასძენს, რომ ასეთ შედეგს მივიღებთ ყოველთვის, როცა პოლიტიკური კლასი მასებს ემიჯნება და მის ინტერესებს არ უწევს ანგარიშს. ხოლო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუი მიშელის აზრით, ქსენოფობიური და რასისტული ტენდენციები მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG