Accessibility links

logo-print

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ძველი კანონით ჩატარდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 22 აპრილს პარლამენტის ბიურომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანაზე უარი განაცხადა.

არგუმენტი - ეს ხელს შეუშლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების 2 ივნისს ჩატარებას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაურიცხა.

პრეზიდენტის კატეგორიულ განცხადებას, რომ იგი არ დაუშვებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გადადებას, პარლამენტარების ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. 22 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება 23 აპრილს პარლამენტარებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ამცნო:
[გიგი წერეთლის ხმა] "გუშინ იყო ბიუროზე მსჯელობა, დაგვეწყო თუ არა განხილვა ცვლილებებისა და დამატებებისა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში....გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ არ შეფერხდეს არჩევნების ჩატარება, ვადა არ გადაიწიოს, დამატებითი სიძნელეები არ შეიქმნას, დავასრულოთ თვითმმართვლობაზე მსჯელობა და არსებული კანონით ჩატარდეს არჩევნები."

მთლიანობაში, პოლიტიკური პარტიები შეეგუენ აზრს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2 ივნისს აუცილებლად ჩატარდება. არჩევნების გადადების უკანასკნელი "იმედი", რომ ხელისუფლება ფინანსურად ვერ უზრუნველყოფდა არჩევნებს, არ გამართლდა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე გაკვირვებას ვერ მალავდა, როცა მას ტელეფონით თავად დაუკავშირდა ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი თანხების გადარიცხვის ამბავი ამცნო.
თუმცა პარლამენტართა ერთი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობას მაინც სკეპტიკურად უყურებს. მათ შორისაა სახალხო პარტიის წევრი, პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე, რომლის განცხადებითაც:
[აკაკი ბობოხიძის ხმა] "შემდეგი თვე, პარქტიკულად, საარჩევნო თვე არის და მე მინდა გითხრათ, რომ რიგ რაიონებში - არ მივცემ თავს უფლებას, ვილაპარაკო ყველა რაიონზე, მაგრამ რიგ რაიონებში - შეიძლება არჩევნები არა თუ არ ჩატარდეს, ჩატარების უფლება არ მოგვცენ."
საქმე ის გახლავთ, რომ, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიუხედავად, რეგიონთა უმრავლესობაში პენსიები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასები არ დარიგებულა, რაც ელექტორატის სრულიად გასაგებ პროტესტს იწვევს. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ხელისუფლების პრობლემად არა არჩევნების ჩატარება, არამედ იმედგაცრუებული ელექტორატის არჩევნებზე მისვლის საკითხი იქცეს.
XS
SM
MD
LG