Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებათაღელვა ადვოკატთა მოახლოებული გამოცდების გამო


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა ღია დებატები ადვოკატურის კანონში ცვლილებების შეტანის გამო.

ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა ფრაქცია "აღორძინებამ". დებატებს წინ უძღოდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომა, სადაც პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ადვოკატთა გამოცდები პირველ ეტაპზე, უმჯობესია, ჩაატაროს იუსტიციის საბჭომ, ხოლო ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ 100 ადვოკატმა შექმნას ასოციაცია, რომელიც თავად იკისრებს ადვოკატების ყველა მომდევნო გამოცდის ჩატარებას, პროფესიულ "ხელდასხმას", პროფესიული ეთიკის ნორმათა შემუშავებას და ა.შ. ადვოკატურის შესახებ მოქმედი კანონმდებლობისა და "აღორძინების" მიერ წარმოდგენილი პროექტის ირგვლივ პარლამენტში მრავალმხრივი დისკუსია გაიმართა. გაგაცნობთ ამ დისკუსიის არსებით ფრაგმენტებს.

"აღორძინების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, ფრაქციის წევრთა განცხადებით, მაქსიმალურად ითვალისწინებს ადვოკატის დამოუკიდებლობას და საქმიანობის თავისუფლებას, რაც გამოიხატება ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის შექმნით. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადვოკატთა ტესტირების პროცესში უნდა მონაწილეობდნენ ადამიანები, რომელთაც ვერ შეზღუდავს სამთავრობო სტრუქტურების (ამ შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტისა და იუსტიციის საბჭოს) ზეგავლენა. ადვოკატი იმთავითვე დამოუკიდებელი უნდა იყოს ბიუროკრატიული ერთეულებისგან. საკვალიფიკაციო კომისიაში ფართო წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს, ოღონდ მასში არ შეიძლება ჭარბობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ამბობს [გელბახიანის ხმა]: "კანონით განსაზღვრული მოდელი მისაღები და მიზანშეწონილი არ არის. წარმოადგენს გარკვეული კონფლიქტის წყაროს და მას დიდი უნდობლობითაც ეკიდებიან. ადვოკატი თავისუფალი პროფესიის ადამიანია და პრეზიდენტის ორგანო არ უნდა ატარებდეს ასეთ გამოცდებს და არ უნდა განსაზღვრავდეს, ვინ იყოს ასოციაციის წევრი და ვინ - არა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პირველი ღამის უფლებას მოითხოვს: ჯერ მე გავაკეთებ ამას და შემდეგ თქვენ - როგორც გინდათ. ცხადია, როგორც დაფუძნდება, ისეთსავე მიმართულებას მიიღებს. ამიტომ ადამიანებს დიდი შიში აქვთ, რომ ეს ცალმხრივად განხორციელდება, კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ობიექტური საფუძვლების გარეშე. საეჭვოა მოსახლეობის სამართლებრივი დაცვის საკითხიც: თუ რაიონის ადვოკატები ვერ გაივლიან ტესტირებას, რაიონის მოსახლეობა რჩება იურიდიული მომსახურების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მათი უფლებები დაუცველია."

გელბახიანის ეს სიტყვები მიანიშნებს პოზიციას, რომელიც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში განავითარა: სახელდობრ, ტესტირება არ არის სავალდებულო ყველა ადვოკატისთვის. ვალერი გელბახიანი ფიქრობს, რომ თუ პიროვნებას აქვს ადვოკატად მუშაობის 5 წლის სტაჟი, ის ტესტირებისგან უნდა გათავისუფლდეს და გამოცდა მხოლოდ იმ იურისტმა ჩააბაროს, ვისაც პროფესიის შეცვლა და ადვოკატობა სურს. ასეთი მიდგომა არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, თუმცა მას გამოუჩნდნენ მომხრეები ადვოკატთა კოლეგიიდან. კოლეგიის წევრებს მიაჩნიათ, რომ მათი კვალიფიკაცია ყოველგვარ ტესტირებაზე მაღლა დგას და გამოცდის ჩამტარებელი კომისიის კანონიერებასაც კი ეჭვქვეშ აყენებენ.

იურიდიული კომიეტის სხდომას, ცხადია, მხოლოდ ადვოკატთა კოლეგიისა და ფრაქცია "აღორძინების" წევრები არ ესწრებოდნენ. გამოითქვა საპირისპირო შინაარსის მოსაზრებები, კერძოდ ის, რომ, თუ რომელიმე ჯგუფის მიმართ დავუშვებთ შეღავათს გამოცდების ჩატარებისას, პრეტენზია დაუსრულებლად გაუჩნდებათ სხვა ჯგუფებს. არასწორი და უსამართლო იქნება, გამოცდაჩაუბარებელ ადვოკატებს მიანდო ადვოკატთა ტესტირების დაწყება; არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ მაინცდამაინც კონკრეტულ ადვოკატთა ჯგუფია ვარგისი ასეთი გამოცდების ჩასატარებლად. მოქმედი კანონი, ამ პოზიციის დამცველთა აზრით, ყველაზე ლიბერალურია, რადგან სახელმწიფო ადვოკატების ტესტირებაში მინიმალურად მონაწილეობს: მხოლოდ ერთხელ, პირველად ატარებს გამოცდას, ავლენს ას ადვოკატს, შემდეგ კი ხელს იღებს ამ საქმეში ყოველგვარი ჩარევისაგან. დასასრულ, დავძენთ, რომ ამ პირველი გამოცდის თარიღად იუისტიციის საბჭომ 22 ივნისი მონიშნა.
XS
SM
MD
LG