Accessibility links

logo-print

ევრო და ნიკელზე ალერგია


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” ვისაუბრებთ ზიანზე, რომელიც ადამიანისათვის ფულს მოაქვს.

არა, არც კაცობრიობის ზნეობრივ დაცემაზე გოდებას ვაპირებთ, და არც ნატურალურ მეურნეობაზე დაბრუნებისკენ მოგიწოდებთ! გიამბობთ საფრთხეზე, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, მილიონობით ადამიანის, უმთავრესად ქალების ჯანმრთელობას უქმნის 2002 წლის პირველი იანვრიდან შემოღებული ფულადი ერთეული, ევრო.

ევროკავშირის წევრთა უმრავლესობაში - 12 ქვეყანაში, ანუ ე.წ. ”ევროზონაში” ახალი ვალუტის შემოღებიდან სულ ორი კვირა იყო გასული, როცა 19 წლის ლენკამ უსიამოვნო სიახლე აღმოაჩინა: [ლენკას ხმა] ”იანვრის შუა რიცხვებში სახეზე აი, ასეთი წითელი ლაქები გამიჩნდა. მერე ლაქები გაქრა, მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში ისევ გამიჩნდა, ოღონდ უარესი ფორმით. გამონაყარმა უკვე მთელი სახე დამიფარა. ამიტომ დერმატოლოგთან წავედი.”

ლენკა ჩეხია. ის, მართალია, ევროს ზონაში არ ცხოვრობს, მაგრამ მუშაობს მაღაზიაში, რომელიც გერმანიის საზღვართან მდებარეობს და, შესაბამისად, ახალგაზრდა ქალს ხშირად აქვს შეხება ევროს ზონაში შემავალი მეზობელი ქვეყნის ვალუტასთან. როგორც ლენკამ ჩვენს თანამშრომელთან, ჯერემი ბრანსტენთან საუბრის დროს გაიხსენა, ის თავიდანვე ვარაუდობდა, რომ გამონაყარი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სამუშაო ადგილთან. მაგრამ დერმატოლოგმა სხვაგვარი დასკვნა გამოიტანა: მან პაციენტს უკეთესი ხარისხის კოსმეტიკის ხმარება ურჩია. ლენკამაც რჩევა ყურად იღო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ კოსმეტიკისა და კრემების გამოცვლა საქმეს ვერ უშველიდა, უკვე ალერგოლოგს მიმართა: [ლენკას ხმა] ”ალერგოლოგიის განყოფილებაში ტესტი ჩამიტარეს: ხელზე ორი დღით დამიმაგრეს ევროს მონეტა. როცა მონეტა მომაცილეს, აღმოჩნდა, რომ ტესტი პოზიტიური იყო. ასე გაირკვა, რომ ნიკელზე ალერგია მაქვს.”

მაშინ, როცა საერთო ევროპული ვალუტის წვრილი ხურდა - ცენტები - მზადდება შენადნობისაგან, რომელიც ნიკელს არ შეიცავს, 1 და 2 ევროს ღირებულების მონეტები ნიკელის მაღალი შემცველობით გამოირჩევა და, როგორც ირკვევა, არა მარტო ცალკეულ შემთხვევებში იწვევს ალერგიულ რეაქციას.

ჯერემი ბრანსტენმა სტოკჰოლმის სამეფო ინსტიტუტის თანამშრომლის, დერმატოლოგ კაროლა ლიდენისაგან შეიტყო, რომ ნიკელზე ალერგია ფართოდ არის გავრცელებული: განსაკუთრებით ქალებში, რომელთაც სამკაულისა და სხვა აქსესუარების ხმარების გამო ამ ლითონთან ყოველდღე აქვთ შეხება.

[კაროლა ლიდენის ხმა] ”ლაპარაკია ქალების 10-15 პროცენტზე. ეს ძალიან, ძალიან ხშირი პრობლემაა. და ცნობილია ისიც, რომ ნიკელის ალერგიის მქონეთა 30-40 პროცენტს ხელზე ეგზემა უჩნდება. ხელებთან ნიკელის შეხება კი სხვადასხვა ვითარებაში ხდება. თუ ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც მოლარედ მუშაობს, ხელის ეგზემა შესაძლოა მონეტებთან ხშირმა შეხებამ გამოიწვიოს.”

ზოგჯერ – როგორც ეს ლენკას შემთხვევაში მოხდა – ეგზემა სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება, ზოგჯერ ის მტკივნეულია და კანის დროებით სახეცვლილებას იწვევს. როგორც შვედი მეცნიერი აღნიშნავს, [კაროლა ლიდენის ხმა] ”კანის შეხებას ნიკელის შემცველ ნივთებთან უკავშირდება კონტაქტური დერმატიტის ჩასახვის საფრთხე, რაც, შესაძლოა, მძიმე პრობლემად იქცეს. ვინაიდან კონტაქტურმა დერმატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ხელებზე კანის დასკდომა, აშრევება, ბუშტუკების გაჩენა, რასაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გამოსავლად მხოლოდ სამუშაო ადგილის გამოცვლა რჩება. ასე რომ, ნიკელზე ალერგიას, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.”

კაროლა ლიდენმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ, სტივენ კარტერმა დაწვრილებით გამოიკვლიეს ადამიანის კანზე სხვადასხვა მონეტის ზემოქმედება და დაასკვნეს: ევროს ზოგიერთი მონეტის ოფლიან ხელში ორიოდე წუთით დაჭერაც საკმარისია საიმისოდ, რომ გამოყოფილმა ნიკელმა მგრძნობიარე კანის ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

გამოკვლევის შარშან გამოქვეყნებული შედეგების საფუძველზე შვეცია გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ევროს მონეტების ნიკელის არშემცველი შენადნობიდან დამზადებას ითვალისწინებდა. მაგრამ ევროკავშირი უარზე დადგა. როგორც კაროლა ლიდენი ამბობს, [კაროლა ლიდენის ხმა] ”ევროკავშირში ცხარე დისკუსიები გაიმართა იმის თაობაზე, უნდა მიმხრობოდნენ თუ არა შვეციის წინადადებას ევროს ყველა მონეტის უნიკელო შენადნობისაგან დამზადების შესახებ. მაგრამ ამ ინიციატივის წინააღმდეგ ძლიერი ოპოზიცია გამოიკვეთა. სხვადასხვა მხარემ გამოთქვა ისეთი მოსაზრებაც, რომ ნიკელის შემცველი მონეტები ნიკელზე ალერგიის მქონეებისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ მოასწავებს. მაგრამ ეს, რასაკვირველია, საკამათო მოსაზრებაა”.

მაინც, რატომ არ თქვა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უარი შენადნობზე, რომელთან შეხებასაც მილიონობით ადამიანისთვის შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო შედეგები? ასეთი შეკითხვით მიმართა ჯერემი ბრანსტენმა ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელს, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა: [ხმა] ”ნიკელი 1 ევროსა და 2 ევროს მონეტებში მომხმარებლის ხელთან უშუალო კონტაქტში არ არის. წარმოიდგინეთ, რომ წინ გიდევთ ევრო და მას ჭრით. ნიკელი მასშია, შიგნით. როცა მონეტების კონცეფციაზე ვმუშაობდით, ეს საკითხი გათვითცნობიერებული გვქონდა და ყველა აუცილებელი ზომა მივიღეთ, ჩავატარეთ გამოკვლევები ასეთი პრობლემის თავიდან ასაცილებლად.”

ჩვენმა თანამშრომელმა ისიც შეიტყო, რომ არსებობს ”ევროკავშირის ბრძანებულება ნიკელის შესახებ”. ის ითვალისწინებს ნიკელის შემცველობის შეზღუდვას საგნებში, რომლებიც უშუალო კონტაქტშია ადამიანის კანთან. ამ საგნებს მიეკუთვნება, მაგალითად, ღილი, სამკაული, სათვალის ჩარჩო, საათი. რატომ არ შეიტანეს ამ სიაში ევროს მონეტები? ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი ასეთ გადაწყვეტილებას პრაგმატული მოსაზრებით ასაბუთებს: [ხმა] ”ნიკელი მონეტის ამოცნობას აადვილებს. მაგალითად, მონეტის ავტომატები ნიკელის მეშვეობით ცნობენ მონეტას.”

ეს, შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ევროს მონეტებში ნიკელის შემცველობის კიდევ ერთ მიზეზეთან დაკავშირებით ევროკავშირი დუმილს ამჯობინებს: საქმე ის არის, რომ მსოფლიოში ნიკელის რეზერვის მეოთხედი ეგულებათ წყნარი ოკეანის კუნძულ ახალ კალედონიაზე, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის. და იქ, როგორც ჩვენი რადიოსათვის ცნობილი გახდა, ამჟამად ახალი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს – ასე რომ, საფრანგეთისთვის (ცხადია, კუნძულის მოსახლეობის ჩათვლით) ნიკელით მდიდარი მონეტების მოჭრა მომავალშიც გვარიან შემოსავალს მოასწავებს.

თუმცა, ეს ვერაფერი ნუგეშია ლენკასთვის, რომელსაც, ალბათ, სამუშაოსთან გამოთხოვება მოუწევს: [ლენკას ხმა] ”ექიმები მირჩევენ, აღარ ვიქონიო საქმე ევროსთან, თორემ პრობლემა მუდმივად მექნება. მართლაც, როცა შინ ვარ, გამონაყარი მიქრება. ის ნელ-ნელა გაუჩინარდება ხოლმე, მაგრამ როგორც კი სამსახურში ვბრუნდები, ყველაფერი თავიდან იწყება.”

ლენკას ისღა დარჩენია, იმედი იქონიოს, რომ არასოდეს მოუწევს ”ევროზონაში” ცხოვრება. არადა, მისი თანამემამულეების უმრავლესობა მოუთმენლად მოელის ევროკავშირში ჩეხეთის რესპუბლიკის გაწევრიანებას.
XS
SM
MD
LG