Accessibility links

logo-print

საპენსიო თანხების დაგროვების ახალი მექანიზმების შესახებ


უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დასრულდება მუშაობა კანონპროექტზე, რომელმაც საქართველოში საპენსიო აღრიცხვიანობის ახალ წესს უნდა დაუდოს სათავე.

ეს იქნება პერსონიფიცირებული აღრიცხვისა და პირადი ანგარიშების შემოღების წესი, როგორც პენსიების დანიშვნა- გაანგარიშების საერთო მოდელის მექანიზმი.

საპენსიო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს პენსიონერ მოქალაქეთა გათანაბრების თითქმის ათწლიანი ცინიზმი ( ყოველთვიური 14 ლარი) უახლოეს ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. ეს იმ ოპტიმისტური გათვლებით, რომელიც ამ სფეროში არსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს ეფუძნება. რაც შეეხება რეალობას:

[ირაკლი კოპლატაძის ხმა]"ამ კანონის მიღება არის გამორიცხული, ვიდრე საქართველოს მოსახლეობას - და არა მარტო პენსიონერებს, არამედ დასაქმებულ თაობასაც - რეალურად არ ეცოდინება, თუ რა სქემასა და რა მოდელზეა საუბარი, რისი უფლება ენიჭება მას იმისათვის, რომ ამან ხელი შეუწყოს ამ საგადამხდელო ბაზის გაფართოებას, ხელი შეუწყოს მოტივაციის გაჩენას თითოეულ დასაქმებულში და რეალურად სათავე დაუდოს პენსიების რეალურ ზრდას დასაქმებული თაობის მიმართ" [სტილი დაცულია].

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფროსი ირაკლი კოპლატაძე ამ განცხადებას უპირისპირებს თავისსავე მეორე განცხადებას, რომლის მიხედვით, უკვე მაისიდან ფონდი ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო მოძრაობას დაიწყებს.

ახლა კი უფრო კონკრეტულად პერსონიფიცირებული აღრიცხვისა და პირადი ანგარიშების შემოღების იმ წესზე, რომელიც კარგადაა აპრობირებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და რომელიც აპრობაციას, ალბათ, საქართველოშიც გაივლის. დავიწყოთ იმით, რომ საგადასახადო კოდექსში სოციალური გადასახადი სავალდებულო შენატანების ცნებით დამკვიდრდება. შესაბამისად, ეს, ეგრეთ წოდებული, სოციალური გადასახადი პროპორციით 27 +1 % კვლავაც მიმდინარე პენსიების დასაფინანსებლად წარიმართება. ანუ დასაქმებული თაობა, სოლიდარობის პრინციპით, მიმდინარე შენატანების სახით აანაზღაურებს საპენსიო თანხებს. ეს არის, ეგრეთ წოდებული, გადანაწილებითი პრინციპი. იმუშავებს მეორე, დაგროვებითი, პრინციპიც, როცა დასაქმებულ თაობას სავალდებულო სოციალური გადასახადი 27%+1 თავის პირად ანგარიშზე შეაქვს დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში.

გადანაწილებით და დაგროვებით ვარიანტებს შორის კი იქნება, ეგრეთ წოდებული, გარდამავალი ეტაპი, დაგროვებითი მოდელის სახით. ამ მოდელის მიხედვით, საქართველოში დასაქმებულ თითოეულ მოქალაქეს ექნება პირადი ანგარიში, რომელზეც დაგროვდება არა ფული, არამედ პენსიის მიღების უფლება. დასაწყისისთვის, ალბათ, საქართველოში ყველაზე ოპტიმალურად სწორედ ეს მოდელი იმუშავებს. მიზეზი გასაგებია - პენსიების დაფინანსებაში არსებული პერმანენტული დეფიციტის პირობებში, ნებისმიერი რეფორმა სწორედ ამ დეფიციტის დაძლევას უნდა მოემსახუროს. თუმცა, მეორე მხრივ, რეფორმათა უმრავლესობა საქართველოში მხოლოდ რეფორმისთვის ტარდება.
XS
SM
MD
LG