Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში პულტებით მანიპულირების ტრადიცია "წარმატებით" გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტში პულტებით მანიპულირების ტრადიცია, დიდი ხანია, არსებობს. თავად პარლამენტარებიც არ უარყოფენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ისინი თავისი კოლეგების პულტებს იყენებენ როგორც რეგისტრაციისას,

ისე ამა თუ იმ გადაწყვეტილების კენჭისყრისას. თუმცა პერიოდულად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტი პულტებით მანიპულირების ტრადიციის აღმოფხვრის წინააღმდეგ გამოდის.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვნებათაღელვა პარლამენტში იზრდება. პულტებით მანიპულირების საკითხი 24 აპრილის პარლამენტის სესიაზე კვლავ აქტუალური გახდა, როცა ფრაქციების -"მოქალაქეთა კავშირი" და "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის" - პროტესტის შემდეგ, პარლამენტმა ხელახალი კენჭისყრა ჩაატარა საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი ცვლილების პროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს ცვლილება დიდ ქალაქებში ერთმანდატიანი ოლქის სამმანდატიან ოლქად დაყოფას გულისხმობს. პირველი კენჭისყრისას პროექტმა აუცილებელი ხმები მიიღო, თუმცა ზემოთ ნახსენებმა ფრაქციებმა, სხვისი პულტების მანიპულირების მოტივით, შედეგის გაუქმება და ხელახალი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვეს. ამ ინიციატივას დარბაზის განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ფრაქცია აღორძინების ერთ-ერთი ლიდერი ვალერი გელბახიანი გაკვირვებას ვერ მალავდა:
[ ვალერი გელბახიანის ხმა] " ამ პარლამენტს უამრავი გადაწყვეტილება აქვს მიღებული გაყალბებისა და ფალსიფიცირების გზით. ეს არის იმ უმრავლესობის ნახელავი და მეთოდი..."
პარლამენტართა ერთ ნაწილში მოგონებებმა იძალა და ის დღეები გაახსენა, როცა ნახევრად ცარიელ დარბაზში კვორუმის არსებობას სარეგისტრაციო დაფა მაინც უჩვენებდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პულტების მანიპულირების მეშვეობით ხდებოდა. პარლამენტარ დემურ გიორხელიძის განცხადებით
[დემურ გიორხელიძის განცხადება] " მე კანონმორჩილი პიროვნება გახლავართ და საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებებს, მზად ვარ, დავემორჩილო, მაგრამ, პარალელურად, საჭიროა, 2 წელიწად-ნახევარში რაც პარლამენტმა ყალბი გადაწყვეტილებები მიიღო, ყველა იყოს გადასინჯული."
სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა, ხელახალი კენჭისყრისას, მწყობრიდან გამოვიდა ხმის მიცემის აპარატურა. პარლამენტართა ერთი ნაწილი დარწმუნებით აცხადებდა, რომ ეს ყოფილი მმართველი პარტიის ხრიკების შედეგი იყო, რომელიც სამმანდატიანი ოლქის შემოღების წინააღმდეგია. ახალი მემარჯვენეების ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აღშფოთებას ასე გამოხატავდა:
[ ლევან გაჩეჩილაძის ხმა] "ხათუნა კურირებს აქ ყველაფერს, აქაც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, რა, არ იცით?"
ხათუნა - ეს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ხათუნა გოგორიშვილი გახლავთ, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი არჩევნების ჩატარების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ ერთიორად გაიზარდა. საქმე ის გახლავთ, რომ ხათუნა გოგორიშვილი ყოფილი მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიების, ასე ვთქვათ, დამრტყმელ ძალად არის აღიარებული. ყოველ შემთხვევაში, არც მისი თანაპარტიელები და არც ოპონენტები არ უარყოფენ ამ ქალბატონის საკმაოდ დიდ წვლილს მმართველი პარტიის საარჩევნო წარმატებებში. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ახალი მემარჯვენეები კანონის აღსრულებას და ხათუნა გოგორიშვილის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ - კანონით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს უფლება არა აქვს სხვაგანაც იმსახუროს. ჯერჯერობით ახლების ამ მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG