Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს


საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელ სახელმწიფოს არაერთხელ მოსვლიათ სასაზღვრო დავა, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც კი გადაზრდილა.

ამის მიზეზი სახელმწიფოთა გამყოფი, ჯერ კიდევ დაუდგენელი, საზღვარია. არანაკლები სიმწვავის კონფლიქტები სდევს ხოლმე თან საქართველოს მკვიდრ მოსახლეობაში საზღვრის გამო წარმოქმნილ დავას.

საქართველოში განხორციელებული განსახელმწიფოებრიობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მიწის თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაჩუქება და მემკვიდრეობით გადაცემა. თუმცა ეს, ანუ უძრავი ქონების ბაზრის ჩამოყალიბება, პრივატიზებული ქონების აღწერისა და იურიდიული გაფორმების გარეშე, თითქმის შეუძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრაში საქართველოს მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან. ამჯერად გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის" პროექტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

30 მილიონ გერმანულ მარკად შეფასებული პროექტი 2 წელია, რაც დაიწყო და კიდევ 4 წელი გაგრძელდება. კრედიტი შეღავათიანია, მისი საპროცენტო განაკვეთი 0,8 პროცენტს არ აღემატება და მისი გასტუმრება 40 წლის მანძილზე მოხდება. პროექტის მსვლელობის გასაცნობად გერმანიის საელჩომ ჟურნალისტები გურჯაანისა და თელავის რაიონებში მიიწვია. თუ რა მისცა ამ ძვირადღირებულმა პროექტმა უბრალო მოსახლეობას, გურჯაანის მკვიდრ თენგიზ ხრუსტალის ნათქვამიდანაც ჩანს:

„უკვე მეზობელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ აღარ შემედავება, რომ შენი ღობე აქეთ არის, ჩემი იქით არისო... უკვე დადგინდა და დაფიქსირდა ის, რომ ეს უკვე ჩემია.
-
ადრე იყო ასეთი დავები?
-
კი არის ხოლმე ხანდახან. ერთი გოჯის გულისთვის ქართველი კაცი არ დაგითმობს არაფერს.
-
ახლა აღარ არის ასეთი კონფლიქტები?
-
არა, უკვე აღარა."

პროექტში მონაწილე ორგანიზაციები ადგილებზე აწარმოებენ, ეგრეთ წოდებული, საკარმიდამო მიწების აზომვას. ეს პროცესი თანამედროვე ტექნიკისა და კოსმოსური თანამგზავრის გამოყენებით ხორციელდება. ადგილებზე შეგროვილი ინფორმაცია თავს იყრის მონაცემთა ცენტრებში, სადაც აღრიცხული მასალის სისტემატიზირება და დაზუსტება ხდება. შედეგად, მოცემული რეგიონის აეროგადაღების წყალობით მიღებულ ფოტოსურათზე ვექტორული რუკები დგება და ცალკეულ ნაკვეთს უნიკალური კოდი ენიჭება. კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში ინახება უნიკალური კოდის შესაბამისი იურიდიული ინფორმაციაც, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნაკვეთის ამსახველი ციფრული ფოტოებიც.

არადა, მსგავსი ინფორმაციის უქონლობის გამო აქამდე ბევრი დაზარალდა. მაგალითად, თბილისში მშენებარე ერთ მრავალსართულიან სახლში საცხოვრებელი ფართი სამ-სამჯერ გაიყიდა. „მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის" პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი რეესტრის წყალობით, მარტივი მოსაპოვებელი იქნება ინფორმაცია მშენებარე თუ უკვე აშენებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ.

ჯერჯერობით სულ 114 ათასი ნაკვეთია აზომილი და 167 ათასი მესაკუთრეა დადგენილი. სულ საქართველოში 3 მილიონი ნაკვეთია, რომლის შესახებ სრულყოფილი კადასტრისა და საჯარო რეესტრის შესადგენად გერმანიის მთავრობა დამატებითი დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად 26 აპრილს თბილისს გერმანიის მთავრობის დელეგაცია ეწვევა.
XS
SM
MD
LG