Accessibility links

logo-print

დასრულდა ლიტერატურული კონკურსი ''პენ-მარათონი 2002''


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 25 აპრილს, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა ლიტერატურულ პენ-მარათონში გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსი "პენ-მარათონი 2002" გამომცემლობა "დიოგენემ" გამოაცხადა ამა წლის თებერვალში.

კონკურსის სპონსორობა გასწიეს კომპანიებმა: "თი-ბი-სი" ბანკი, "ჯორჯია ონლაინი", GWS (ღვინო "ძველი თბილისი"), საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სავაჭრო კომპანია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 660 ადამიანმა, ფინალურ სტადიაზე გავიდა 26, გაიცა 5 პრიზი, საკონკურსო მასალებით შედგენილ წიგნში შევიდა 10 მოთხრობა.

დაჯილდოების ცერემონიაზე მთავარი მოვლენა, ცხადია, პირველი პრიზის მფლობელის დასახელება გახლდათ. გაიმარჯვა და პირველი პრემია, 500 დოლარის ოდენობით, მიიღო 34 წლის გელა ჩქვანავამ მოთხრობისათვის "Memento mori ანუ სწავლა სიკვდიმდე შენია". გამარჯვებულმა წარმატება ყველა სოხუმელს მიუძღვნა - თავად წარმოშობით ამ ქალაქიდან არის. როგორც გელა ჩქვანავამ მითხრა, ეს არ იყო მისი ლიტერატურული დებიუტი: აქამდე მისი მოთხრობები ორჯერ დაიბეჭდა თბილისის ლიტერატურულ პრესაში. მეორე პრემია (300 დოლარი) ერგო მარინა ელბაქიძეს, პროფესიით ფსიქოლოგს, მოთხრობისათვის "გაპარული წმინდანი (ბაი, ამიგო)". მესამე ადგილზე (200 დოლარით) გავიდა თამარ ფხაკაძე (მოთხრობა "გაკვეთილი"). ყველა კონკურსანტს წერა უნდა დაეწყო სიტყვებით "რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა..." გარდა ამისა, დაწესებული იყო სპეციალური პრიზები: ღვინო "ძველი თბილისისგან" დაჯილდოვდა ბესო სოლომანაშვილი, ხოლო ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ საათი აჩუქა ბესო ხვედელიძეს.

გამარჯვებულთა დასახელებას წინ უძღოდა, დაახლოებით, 20 წუთიანი ფილმი, რომელიც კონკურსის დასკვნით სტადიას აღწერდა. ამა წლის 22 მარტს კონკურსის 26 მონაწილე შეიკრიბა კოტე ყუბანეიშვილის კლუბში (100% KOTTEN) და დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე თხზავდა. თუ ფილმში კამერის მოძრაობისა და მდებარეობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მწერლებისთვის გვარიანად უნდა შეეშალათ ხელი. 12 საათის მანძილზე კლუბის შეზღუდულ სივრცეში - როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით - შემოქმედებითი წვის პროცესი მიმდინარეობდა: ლამის ყველა მონაწილის ხელში ან ბაგეთა შორის ხრჩოლავდა სიგარეტი. რეჟისორი და ოპერატორი ვერაფრით შეელიენ ახლო ხედებს და 20 წუთიანი ფილმი, ცოტა არ იყოს, დამღლელი სანახაობა გამოდგა. ჩვენების დასრულების შემდეგ პოეტმა ყუბანეიშვილმა დარბაზში დემონსტრაციულად დაუსტვინა და შესძახა: მარაზმის შემდეგ უნდა დაუსტვინო.

უფრო სერიოზული კომენტარი მე ვთხოვე კონკურსის ჟიურის წევრს, კრიტიკოს მალხაზ ხარბედიას, სახელდობრ, დავინტერესდი, რა კრიტერიუმებით აფასებდა ჟიური მოთხრობებს და რა ლიტერატურული ღირსებისა თუ სიახლის აღნიშვნა შეიძლება გამარჯვებული გელა ჩქვანავას ტექსტში. მალხაზ ხარბედიამ ასე მიპასუხა [ხარბედიას ხმა]: "რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმი არ ყოფილა. მთავარი იყო, აი, იმ პირველ ფრაზასთან, იმ თემასთან ყოფილიყო შესაბამისობაში ეს ტექსტი... პირველი ორი ნაწარმოები, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, სიახლის თვალსაზრისით. ორივე მოთხრობას რაღაც ახალი შემოაქვს. პირველ მოთხრობაში სრულიად ახალი რეალობა არის: სოხუმური, აფხაზური რეალობა ამ სახით ჩვენთან არ შემოსულა. ამ მოთხრობის წაკითხვისას ვიღაცას შეიძლება გაახსენდეს ლათინოამერიკელი მწერლები, ან, ვთქვათ, ფოლკნერი... ცოტათი დოჩანაშვილსაც წააგავს. აბსოლუტურად ახალი რეალობა და ახალი ტიპის პერსონაჟები დახატა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა ამ ავტორის რამდენიმე ნაწარმოები დაიდება, შეგვეძლება დაზუსტებით ვთქვათ, ვისთან ამჟღავნებს ლიტერატურაში ნათესაობას".
XS
SM
MD
LG